Monday, June 1, 2026

სენაკური აგურის სახლები - ქალაქის სახე, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ

ედიშერ ბაღათურია

სენაკს ბევრი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ქალაქად აღიქვამს. მაგრამ თუ ნელა გაივლით მის ძველ ქუჩებზე, განსაკუთრებით ეკის მთისკენ შეფენილ უბნებ, დაინახავ რომ ამ ქალაქს თავისი ვიზუალი, ფერი და ხასიათი აქვს.

ამ ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი სწორედ სენაკური აგურის სახლებია - წითელი, ორსართულიანი, კოპწია სახლები მწვანე ეზოებით, ხშირად პალმებით, ციტრუსის ბაღებით, ცოცხალი ღობეებით, კიბეებით, აივნებითა და იმ განსაკუთრებული მყუდროებით, რომელიც მხოლოდ სენაკს აქვს.

ეს სახლები ქალაქის ყოველდღიურ მეხსიერებას ინახავს - ოჯახების, უბნების, ეზოების, დამოკიდებულებების, გემოვნებისა და ყოფის იმ პატარა დეტალების ისტორიას, რომლებითაც ქალაქი საკუთარ სახეს იძენს.

შესაბამისად, ეს სახლები მხოლოდ კერძო საცხოვრებლები არ არის. ისინი სენაკის იდენტობის ნაწილია.


როგორ გაჩნდასენაკური სახლი

წითელი აგურის სახლები სენაკში განსაკუთრებით XX საუკუნის შუა პერიოდიდან გავრცელდა. მათი განვითარება დაკავშირებული იყო ადგილობრივ სამშენებლო ტრადიციასთან და სენაკთან ახლოს არსებული აგურ-კრამიტის წარმოებასთან - განსაკუთრებით ნოსირის ქარხანასთან, რომელიც 1928 წელს დაარსდა და დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმო იყო.

აგური სენაკისთვის უცხო მასალა არასდროს ყოფილა. ამ მხარეში აგურით ნაშენი ძველი ეკლესიები, ხიდები და სხვა ნაგებობები გვახსენებს, რომ ეს მასალა ადგილობრივ გარემოში დიდი ხანია ცხოვრობს.

მაგრამ XX საუკუნეში აგურმა სენაკში ახალი სახე მიიღო. ნელ-ნელა ის იქცა არა მხოლოდ სამშენებლო მასალად, არამედ ადგილობრივი ესთეტიკის სიმბოლოდ

რა ხდის ამ სახლებს განსაკუთრებულს

კლასიკური სენაკური აგურის სახლი, როგორც წესი, ორსართულიანია. თავდაპირველი ჩანაფიქრით, პირველ სართულს ხშირად დამხმარე დანიშნულება უნდა ჰქონოდა და მეორე სართული ყოფილიყო ძირითადად საცხოვრებლად გამოყენებული. ფასადებზე გვხვდება აგურის დეკორი, ფანჯრების თავისებური განლაგება, დახურული აივნები, გარე კიბეები, ლითონის მოაჯირები და სხვა მცირე დეტალები, რომლებიც ამ სახლებს მეტყველ ხასიათს აძლევს.

არქიტექტურა ხშირად სწორედ დეტალებში ჩანს - ფანჯრის ფორმაში, კარის ჩარჩოში, აგურის წყობაში, აივნის ხაზში, ეზოსა და სახლს შორის ბუნებრივ ურთიერთობაში.

სენაკური სახლიგანუყოფელი ნაწილია ეზო - დეკორატიული, მწვანე და აუცილებლად მცირე ზომის, რაშიც მისი ,,ქალაქურობა" ვლინდება. ციტრუსი, დაფნა, ყვავილები, ბილიკები, ჭიშკარი - ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელსაც ვერ ააშენებ მხოლოდ აგურითა და ბეტონით

სენაკური სახლი და ქალაქის სული

არსებობს ასეთი ცნება - Genius Loci, ანუ ადგილის სული. ეს არის ის უხილავი, მაგრამ ძალიან შესამჩნევი რამ, რის გამოც ერთი ქალაქი მეორისგან განსხვავდება.

სენაკის შემთხვევაში ამადგილის სულსქმნის მისი მდებარეობა, ეკის მთა, კოლხური ლანდშაფტი, ძველი ქუჩები, თეატრი, რკინიგზის სადგური, მენჯის ისტორია, მწვანე ეზოები და, რა თქმა უნდა, სენაკური აგურის სახლები.

რა საფრთხე ემუქრება ამ მემკვიდრეობას

დღეს სენაკური აგურის სახლების ნაწილი სერიოზული გამოწვევის წინაშეა.

ზოგი დაზიანებულია. მიტოვებულია. ზოგს უხეში მინაშენები აქვს. ზოგან ფასადები ისეა შეცვლილი, რომ სახლის პირვანდელი ხასიათი თითქმის აღარ იკითხება. განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც ბოლო წლებში ბევრი სახლი კომერციულ სივრცედ გადაკეთდა, რის გამოც სენაკური იერსახე აქ თანდათან იკარგება.

ამ პროცესს აქვს კარგად გასაგები რეალური მიზეზები: ეკონომიკური სირთულეები, მიგრაცია, მოვლა-პატრონობის ხარჯები, თანამედროვე მასალების უკონტროლო გამოყენებამაგრამ თუ დღეს არ შევამჩნიეთ ეს ცვლილება, რამდენიმე წელიწადში შეიძლება უკვე გვიან იყოს.

ქალაქის ხასიათი ერთ დღეში არ ქრება. ის შეიძლება ნელ-ნელა დაიშალოს - ერთი შეცვლილი ფასადით, ერთი მოშლილი აივნით, ერთი უყურადღებოდ დატოვებული ეზოთი.

და ბოლოს ვხვდებით, რომ ის ქუჩა, რომელიც გვახსოვდა, თითქოს ისევ ადგილზეა, მაგრამ რაღაც მთავარი აღარ აქვს.

რატომ უნდა დავიცვათ სენაკური აგურის სახლები

სენაკური სახლების დაცვა მხოლოდ წარსულზე ზრუნვა არ არის. ეს ქალაქის მომავლის საკითხიცაა. უნდა შევამჩნიოთ, გავაცნობიეროთ და დავაფასოთ ის არქიტექტურული მემკვიდრეობა, რომელიც ყოველდღე ჩვენს გვერდით დგას, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი გვრჩება.

სწორად გააზრების შემთხვევაში ეს სახლები შეიძლება გახდეს:

ქალაქის იდენტობის ნაწილი და მთავარი სავიზიტო ბარათი - ის, რითაც სენაკი საკუთარ თავს ამოიცნობს და სხვებსაც დაამახსოვრებს.

ტურისტული და კულტურული რესურსი - ძველი ქუჩების, ეზოების, სახლებისა და ისტორიების ერთიანი მარშრუტი შეიძლება სენაკის ახალი მიმზიდველობის საფუძველი გახდეს.

ქალაქის ბრენდის ნაწილი - წითელი აგური, მწვანე ეზო და თბილი სენაკური გარემო შეიძლება იქცეს იმ ვიზუალურ ენად, რომლითაც ქალაქი საკუთარ თავს წარადგენს.

ახალი არქიტექტურის შთაგონება - სენაკში ახალი შენობები ისე უნდა შენდებოდეს, რომ ადგილობრივ გარემოს ესაუბრებოდეს და არა მისგან სრულიად მოწყვეტილი იყოს.

საზოგადოებრივი სიამაყის წყარო - ქალაქი, რომელიც საკუთარ სახლებს, ქუჩებსა და მემკვიდრეობას უფრთხილდება, უფრო საინტერესო, ღირსეული და სასიამოვნო საცხოვრებელი ხდება.