Thursday, April 24, 2025

,,სენაკური სახლების“ არქიტექტურული პოეტიკა და მისი მნიშვნელობა ქალაქისთვის

ედიშერ ბაღათურია


რა არის Genius Loci და მისი მიმართება ,,სენაკურ აგურის სახლებთან“

Genius Loci არის ლათინური ტერმინი, რომლის ყველაზე ახლო ქართული შესატყვისია ,,ადგილის დედა“. ურბანულ კონტექსტში  ტერმინი გულისხმობს კონკრეტული გეოგრაფიული ლოკაციისთვის დამახასიათებელ უნიკალურ სულს, ხასიათსა და არსს - ე. ი. განმასხვავებელ თვისებებს, რომლებიც ამ ადგილს ანიჭებენ გარკვეულ ემოციურ განცდასა და იდენტობას. განსაკუთრებული Genius Loci-ის მატარებელი ქალაქები და მათი ურბანული გარემო ყველაზე მეტად გვამახსოვრდება და  შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე.

მსგავსი პატარა და დიდი ქალაქები, ან მიკრო ქალაქური ატმოსფეროები გვხდება საქართველოშიც, თუმცა მათი Genius Loci-ის ელემენტებს სწორი და ეფექტიანი ,,თარგმნა“ სჭირდება არქიტექტურისა და ქალაქგანვითარების თანამედროვე რეალობაში. 

სენაკი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დასახლებაა დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობისა და მაღლობის შესაყართან, ტეხურასა და ცივის შუამდინარეთში; მაგრამ საკმარისია ამ ქალაქის, განსაკუთრებით უნაგირას მთისკალთის სერპანტინებზე ყურადღებით გაისეირნო, რომ მხოლოდ აქაურ, სენაკურ, სხვა ქალაქებისგან განსხვავებულ ყოფის კულტურას აღმოაჩენ, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ წითელი აგურის სახლების ესთეტიკასა და მასთან დაკავშირებულ მწვანე ეზო-კარმიდამოების მოვლაში ვლინდება.

ხმელთაშუაზღვისპირეთის ,,ვაიბით“ გაჟღენთილი ,,სენაკური სახლი" გამსახურდიას ქუჩაზე:

                                                  

წითელი აგურის სახლების წარმოშობა და განვითარება სენაკში

წითელი აგურის სახლებს სენაკში მსგავსად ,,მესხური ერდოიან-გვირგვიანი“, ,,თბილისური აივნიანი“, ,,ქართული დარბაზული“ ან ,,კოლხური ოდა“ სახლებისა, მარტივად -  ,,სენაკურ სახლს“ ვუწოდებ. ცხადია, ეს სახლები გაცილებით ახალი მოვლენაა და კულტურული სიღრმითა და სირთულით ზემოთ ჩამოთვლილი ნიმუშების გვერდზე შესაძლოა ვერ დავაყენოთ, თუმცა  ცალსახად დამოუკიდებელი ფენომენია, რომელსაც მეტი შესწავლა და დაფასებაც სჭირდება.

,,სენაკური სახლების“ მშენებლობა გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება და განსაკუთრებით 60-70-იანი წლებიდან აქტიურდება, როდესაც ჩამოყალიბდა ქალაქ სენაკის დღევანდელი სახე და ადგილობრივი კოლორიტი. წითელი აგურის სახლების გავრცელება უკავშირდება სენაკთან ახლოს, მენჯში და უფრო მასშტაბურად სოფელ ნოსირში 1928 წელს აგურ-კრამიტის ქარხნის დაარსებას, რომელიც მსგავსი პროფილის პირველი საწარმო იყო დასავლეთ საქართველოში. აქვე უნდა ითქვას, რომ თავად აგურის სამშენებლო მასალად გამოყენებას უძველესი ტრადიციები აქვს სენაკში და მის შემოგარენში; დაწყებული უძველესი კოლხური ქვევრსამარხებიდან და გაგრძელებული IV საუკუნის ნოქალაქევის 40 მოწამეთა სახელობის, ადრეული შუა საუკუნეების საოდიშარიოს წმინდა სტეფანეს, შუა საუკუნეების კადარის, XVII საუკუნის ძველი სენაკის მაცხოვრის შობის, XX საუკუნის მენჯის მთავარანგელოზთა  ეკლესიები აგურითაა ნაგები.  იგივე მასალაა გამოყენებული XIX საუკუნის რკინიგზის ხიდების მშენებლობაში მენჯის ტერიტორიაზე და ასევე, გარკვეულ შენობა-ნაგებობებში იმდროინდელ ახალსენაკში. სამწუხაროა, რომ დღეს ნოსირის აგურ-კრამიტის ქარხანა მთლიანად განადგურებულია და აგურის წარმოება სენაკში არ არსებობს, მაშინ როდესაც ადგილზე დღესაც მაღალხარისხიანი სამშენებლო თიხის საკმაოდ დიდი რესურსია.

,,სენაკური აგურის სახლების“ განვითარებაში რამდენიმე პერიოდი შეიძლება გამოვყოთ: ადრეული - 60-იან წლებამდე, ძირითადი - 60-იანი და 70-იანი წლების სტილისტიკა და 80-იანი წლების შემდგომი - გვიანდელი. გადმოცემით, ,,სენაკური სახლის“ კლასიკური პროექტი, რომელიც ყველა სენაკელმა კარგად ვიცით, სენაკის - მაშინდელი ცხაკაიას მთავარი არქიტექტორების ვენედიქტე (ვენე) არჩაიასა და ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძის მიერ არის შემუშავებული. ეს გადმოცემა დასაზუსტებელია, თუმცა საგულისხმოა, რომ ორივენი ადგილობრივი სპეციალისტები იყვნენ: ვენე არჩაიას დიდი წვლილი მიუძღვის სენაკთან ახლოს, ცნობილი საბჭოთა კურორტის მენჯის დაპროექტებაში, ხოლო ხუტა გოგოლაძე სენაკის სახელოვანი დრამატული თეატრის პროექტის ავტორია.

აკ. ხორავას სახელობის სენაკის დრამატული თეატრი და კლასიკური ,,სენაკური სახლი" რუსთაველის ქუჩაზე:

 

ტრადიციული საცხოვრისის ტიპების განვითარება სენაკში

ცხადია, ,,სენაკური სახლი“ არ წარმოშობილა ,,ცარიელ ნიადაგზე“. აგურის სახლებამდე არსებობდა საცხოვრისების მთელი რიგი ტიპები, რომლებსაც ადგილობრივი უძველესი კოლხი და მეგრელი მოსახლეობა იყენებდა. აღარ ჩავუღრმავდებით სახელგანთქმული რომაელი არქიტექტორის ვიტრუვიუსის მიერ აღწერილ კოლხურ სახლის, ფაცხა-ჯარგვალისა და დიხაგუძუბაზე შემომდგარი ძელური საცხოვრისების აღწერას და ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ კოლხურ ოდა-სახლზე, რომელიც მეტისმეტად საინტერესო და ღრმა ხუროთმოძღვრული ფენომენია. ის საკმაოდ საფუძვლიანადაა შესწავლილი ვახტნაგ ბერიძის, ილია ადამიას, ლონგინოზ სუმბაძის, სამსონ ლეჟავასა და სხვა ხელოვნებათმცოდნეების მიერ. კოლხურ ოდა-სახლზე დაკვირვებით კარგად ჩანს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მამა-პაპათგან თუ მოგზაური ლაზი ოსტატებისა და რაჭველი ხითხუროების მეშვეობით, ოდითგანვე ჩამოუყალიბდათ საცხოვრებლის არქიტექტურის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. კოლხური ოდა-სახლი, ერთი მხრივ, უძველესი კოლხური კულტურის ფესვებზე მდგარი ღრმად ტრადიციული სტრუქტურა იყო, თუმცა ამავდროულად თანამედროვე არქიტექტურის ბევრი მიგნება წინასწარგანჭვრეტილია ოდა-სახლში.[1]

XX საუკუნის სენაკური აგურის სახლების ტრადიციის ღრმა საფუძველში სწორედ XIX საუკუნიდან განვითარებული კოლხური ოდა-სახლის შორეული გადაძახილი ჩანს და მისი ერთგვარი გათანამედროებული, ურბანული ინტერპრეტაცია. ბუნებრივია, ,,სენაკური სახლი“ არის უფრო დესაკრალიზებული, ნაკლებად ჰაეროვანი და აგურის ხისტი ორნამენტებით მორთული საცხოვრებელია, თუმცა თანაზიარობა იგრძნობა  მეორე სართულის სტრუქტურაში, ასევე ფასადის ზოგიერთ შემკულობაში, ეზოსთან, ბუნებასთან ღია დამოკიდებულებაში და ა.შ. 

განსაკუთრებით მეორე სართულის ოთახების სტრუქტურულ გადაწყვეტაში, წინა აივნის აღნაგობაში, რაც შუშაბანდიანი ოდა-სახლის აივნის ერთგვარი ტრანსფორმაციაა, ეზოსთან ღია დამოკიდებულებაში და ასევე, თავდაპირველი დაპროექტებით პირველი სართულის არასაცხოვრებელ სივრცედ გამოყენებაში, რაც როგორც სვეტები (ბოკონები) ოდა-სახლებში, სახლის ნესტიანი ნიადაგიდან მოწყვეტის ფუნქციას ასრულებდა.

პეტერბურგის ქუჩის ცისფერი სახლი, სადაც ნათლად იკითხება ურბანული ოდა-სახლიდან ,,სენაკურ სახლზე“ გარდამავალი ასოციაციები:

  

,,სენაკური სახლების“ გვერდით სენაკში დღემდე შემორჩა ქალაქური ტიპის ოდა-სახლებიც. ზოგიერთი მათგანი 100-ზე მეტი წლისაა. ამ სახლების ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩების შესართავთან, ჯორჯაძის ქუჩაზე, ქობალავას ქუჩაზე და სხვა. როგორც ცნობილი ფრანგი არქეოლოგისა და ეთნოგრაფის ბარონ დე ბაის ფოტოსურათებიდან ჩანს XX საუკუნის დასაწყისში კი სახლების აბსოლუტური უმეტესობა სენაკში ხის იყო და იქ ახლომდებარე სოფლებიდან ქალაქში ჩამოსული ,,ინიციატივიანი და ახალი სამეწარმეო ცხოვრებისადმი შთაგონებით შემყურე“ პირველი სენაკელები ცხოვრობდნენ.

ბარონ დე ბაის გადაღებული ოდა ახალსენაკში (1901 წ.) და ერთ-ერთი ძველი ოდა სენაკთან (2024 წ.)

      

იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდებოდა ქვის სახლებიც. მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ქვის სახლი სენაკში ეკუთვნოდა ვინმე აზნაურ ჭკადუას. სახლის პროექტი 1912 წელს შეუმუშავებია ძალიან გამოჩენილ არქიტექტორს მიხეილ ბუზოღლს (მამა), რომელსაც ასევე ეკუთვნის კინოსტუდიის შენობა თბილისში და სხვა. ამ სახლის მაგალითზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ რამხელა ყურადღებას აქცევნდენ სენაკში სახლების მშენებლობის ხელოვნებას.

ბუზოღლის მიერ დაპროექტებული სახლი სენაკში, 1912 წ. (ქუთაისის ეროვნული არქივი): 

       

ისტორიულ-კულტურული კონტექსტი და ლანდშაფტური გარემო, სადაც ,,სენაკური სახლი“ აღმოცენდა

,,სენაკური სახლი“ ჰარმონიულად შერწყმულია იმ ბუნებრივ-გეოგრაფიულ ლანდშაფტსა და ისტორიულ-კულტურული კონტექსტთან, რაც სენაკს ახლავს.

პირველ რიგში, დავიწყოთ არქიტექტურული გარემოთი. ,,სენაკური სახლის“ გარდა, ეკის მთის მხრებქვეშ მოქცეულ ამ ქალაქში არქიტექტურულად მომხიბლავი სხვა ნიმუშებიც გვხვდება. მაგალითად, იტალიელი არქიტექტორის პროექტით შექმნილი ქალაქის ერთ-ერთი ლენდმარკი[2] - მენჯის ტაძარი ,,მთავარნაგელოზთა კუნძულზე“, გამორჩეული საეკლესიო სტილისტიკის (არა კლასიკურად ქართული), მეორე სულიერი კერა - თეკლათის დედა მონასტერი. საკმაოდ ცნობილია ქალაქის არქიტექტურული გვირგვინის - დრამატული თეატრის არქიტექტურული მშვენიერება, ასევე ჩემი აზრით საქართველოში საუკეთესო რკინიგზის სადგურის შენობა სენაკში, სამხატვრო გალერეა, რკინიგზის საავადმყოფო, ,,ხსოვნის კუბი“ და სხვა, რაც ევროპული ხუროთმოძღვრების ნიმუშებია. საბჭოთა ამპირის, რომელიც თავის ფორმებში სისრულით ირთავს გვიანდელ კლასიციზმს, შესანიშნავი მაგალითები  გვხვდებოდა ქალაქიდან 3 კილომეტრში, კურორტ მენჯში (რომის პანთეონის გუმბათის მოტივებზე შექმნილი სააბაზანო კორპუსები და სანატორიუმები), რომლისგანაც დღეს, სამწუხაროდ, პრაქტიკულად არაფერი დარჩა. ევროპული სტილის შენობა-ნაგებობების გვერდით თვითმყოფადი, ადგილობრივი კულტურული შემოქმედების ,,სენაკური სახლი“ იმავე ურბანული ქსოვილის განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც ერთიანობაში სენაკს გამორჩეული Genius Loci-ის ქალაქად აქცევდა, რაც მხოლოდ არქიტექტურითაც არ შემოიფარგლებოდა. ცალკე უნდა ითქვას, ახლომდებარე ბუნების მშვენიერებაზე, მწვანე კოინდარებით დაფარულ კოლხეთის ველებზე, ტეხურას ზურმუხტისფერ კანიონებსა და კარსტული წარმონაქმნებით, ჩანჩქერებით, პანორამული ხედებითა და ხეობებით სავსე ამფითეატრული განლაგების ეკის მთაზე, რომელიც ადგილობრივების ესთეტიკისადმი სიყვარულს მუდმივად კვებავდა.

კურორტ მენჯის #4 სანატორიუმი და სააბაზანო კორპუსის გუმბათი დღეს:

 

სენაკისა და სამეგრელოში ეზოებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებებში შესაძლოა ანტიკური კოლხური (კოლხური სილამაზე) და გვიანდელი პერიოდის სამეგრელოს ისტორიული მეხსიერებიდან წამოსული გარკვეული შორეული ექო ამოვიცნოთ. ცხადია, ეზოების მოვლას სამეგრელოში ხელს უწყობს სუბტროპიკული კლიმატი და მცენარეთა მაღალი ვეგეტაცია, თუმცა შესაძლებელია ეს ასევე დაკავშირებული იყოს სამეგრელოს მთავრებში ფართოდ გავრცელებულ ბოტანიკური ბაღების გაშენების კულტურასთან, რომელიც შემდგომ შესაძლოა უბრალო მოსახლეობამაც შეითვისა. ცნობიალია, რომ დადიანებმა სპეციალურად იტალიიდან ჩამოიყვანეს მებაღეები და დეკორატორები  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გასაშენებლად, ასევე გორდში, სალხინოში და სხვაგან. აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის დასაწყისში სენაკში ცხოვრობდა ვინმე ინგლისელი გვარად რაისი, რომელსაც როგორც მოგზაურები აღნიშნავენ ცნობილი ბაღი ჰქონია ეგზოტიკური მცენარეულობით და ყვავილებით.[3]

,,სენაკური სახლების“ ზოგადი დახასიათება

სენაკური აგურის სახლები  განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის ჩრდილოეთით, ეკის მთის კალთებზე შეფენილ ქუჩებზე,- რომელთა გასწვრივაც ერთმანეთის გვერდით მიჯრით მიწყობილი ეს ლამაზი და კოპწია სახლები სახასიათო მიკრო უბნებს ქმნის. კლასიკური სენაკური სახლისთვის დამახასიათებელია ორ სართულიანი გეგმარება ფასადის თავისებური დეკორითა და ორნამენტებით, - პირველ სართულზე ღია შეწეული, ხოლო მეორე სართულზე დახურული აივნითა და სამუჯრედიანი ძირითადად ხუთი ფანჯრით. ფანჯრებისა და კარებისთვისაც ხშირად დამახასიათებელია თავისებური ფორმები და გაფორმება (არ დაგვავიწყდეს არქიტექტურა დეტალებშია!).

სახლის I სართული საგრძნობლად დაბალია მეორესთან შედარებით, რაც გამოწვეულია მისი თავდაპირველი არასაცხოვრებელი დანიშნულებით. კოლხეთის დაბლობზე არსებული ტენიანობის გათვალისწინებით, საწყისი სართული მხოლოდ სათავსოებისთვის, სველი წერტილებისთვის და დამხმარე სივრცეებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად აგური ნესტის მიმართ საკმაოდ მდგრადია, ვიდრე დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში გავრცელებული სამშენებლო ბლოკი.

სახლის გვერდითი კედლები და ფასადი ხშირად გამშვენებული იყო ასევე ადგილობრივად წარმოებული კირქვის ჩანართებით, აგურის ლავგარდანით, მომცრო ფასადური აივნებით. სახლებისთვის ხშირად ასევე დამახასიათებელი იყო ფანჯრებსშორისი სანათი და მეორე სართულის კარიდან ჩამომავალი გარეთა კიბე, - მეტალის მოჯირეების სახასიათო გაფორმებითა და ვიზუალით.

,,სენაკური სახლები“ ქალაქის სხვადასხვა ქუჩა-უბნებში:

 

გადმოცემით, სართულების სიმაღლეებს, სახლების ზომა და ძირითადი პარამეტრები მკაცრად რეგულირდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. მიუხედავად სისტემის მიერ დაწესებული მკაცრი სტანდარტებისა, ადგილობრივებმა მაინც მოახერხეს თავიანთი სახლებისთვის თავისებური ინდივიდუალური ხასიათი მიეცათ, სწორედ ამიტომ სენაკური აგურის სახლები უფრო არის ერთდროულად ტიპიური და ამავე დროს მრავალფეროვანი თავისუფალი ინტერპრეტაციებით,- ზუსტად ის რასაც  არქიტექტურაში ეძახიან ორგანიზებულ კომპლექსურობას. სახლების მსგავსი ,,კომპლექსური ერთიანობა“ საქართველოში ასევე დამახასიათებელია ძველი თბილისისთვის, თელავისთვის, მცხეთისთვის, სიღნაღისთვის და სხვა, თუმცა ყველა ამ შემთხვევაში სახლებს ხელისუფლების მხრიდან რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია ჩაუტარდათ, რამაც გავლენა მოახდინა ადგილობრივ ავთენტურ ატმოსფეროზე.[4]

,,სენაკური სახლების“ ორგანული ნაწილია პატარა და კოხტა ეზო, რომელსაც მასპინძლის განსაკუთრებული მზრუნველობის ხელი ატყვია. სამეგრელოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით სენაკური ეზოები გაცილებით პატარაა, სახლები უფრო ახლოს დგანან ერთამენთთან და ჭიშკართანაც. ეს მახასიათებლები და ასევე ის, რომ სენაკურ სახლებში თითქმის ვერ შეხვდებით გვიმწამოდგმულ ჭებს, ,,სენაკურ სახლებს“ მეტ სიმყუდროვესა და ქალაქურ იერს ანიჭებს, ვიდრე სამეგრელოს სხვა ქალაქებში. ეზოების აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს წინ ციტრუსების, განსაკუთრებით მანდარინის მარადმწვანე ნარგავები. ეს ყოველივე ხშირ შემთხვევაში კოლხური დაფნის ცოცხალ ღობესთან ერთად ეზოს მწვანეში აფლობს და მის ერთიან სულისკვეთებას განმსჭვალავს, რომლის ფონზე აგურის სახლები  განსაკუთრებით ქარიზმატულად გამოიყურება (თავად  მანდარინის ფერიც კი მოხდენილად და ორგანულად ესიტყვება ამავე ფასადს).[5] ზოგადად მეგრელებისთვის ეზო პრაქტიკულად სახლის გაგრძელებაა და მას ძლიერი მხატვრულ-ესთეტიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვა გააჩნია ისევე, როგორც ვთქვათ, იაპონურ ტრადიციულ კულტურაში.

არსებობს ნივთებიც რომლებიც ,,სენაკური სახლის“ ინტერიერის ხშირი და განუყოფელი ნაწილია. ერთ-ერთი მაგალითად არის  ადგილობრივ ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკაში მოქსოვილი ნოხები და კედლის ხალიჩა ,,ღვთისმშობელი ყრმით“, რაც სენაკური იდენტობის ნამდვილი სურათ-ხატია. ამავე წიაღის ნაწილია გულთბილი დიასახლისის მიერ მომზადებული გამორჩეული მეგრული კერძები და ადგილობრივი მეგრულ-ქართული დიალოგები.

,,სენაკური სახლები“ გამოწვევების წინაშე

,,სენაკური სახლი“ მაინც გასული საუკუნის მოვლენაა. ეპოქების ცვლილებამ, პოსტსაბჭოთა ტრანზიციამ და თანამედროვე გლობალიზაციამ ისევე როგორც სხვაგან, სენაკური სახლიც მნიშვნელოვანი ცვლილებების პირისპირ დააყენა. დღეს ქალაქის არქიტექტურის ამ გამორჩეული სტილის ავთენტურობის შენარჩუნება დიდი გამოწვევების წინაშე დგას.  ,,სენაკური სახლებზე“ განსაკუთრებით მძიმე კვალი 90-იანი წლების მოვლენებმა და სამოქალაქო ომმა დაამჩნია, რომლის ერთ-ერთი მძლავრი კერა სწორედ სენაკი გახლდათ. სახლების მოვლა-პატრონობას ხელს უშლის არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები, ასევე, მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, რომლითაც სენაკი ლიდერობს რეგიონში.

ცხადია, ზოგიერთი ჩამოთვლილი პროცესი ბუნებრივია და მას ვერ გავექცევით, თუმცა შესაძლებელია ამ სახლების კულტურული ღირებულების უფრო მეტად გააზრება და თანამედროვე რეალიებზე გაცნობიერებულად მორგება. ,,სენაკური აგურის სახლების“ ერთიანი კომპოზიციაა ბევრ ქუჩაზე დაირღვა ხშირ შემთხვევაში იერსახეზე ძალიან უხეში ჩარევებით, ე.წ. ,,გათანმედროვების“ მცდელობებით, უსახური მინაშენებით და სხვა. ამ მხრივ ხაზგასასმელია ქალაქის ცენტრალური ქუჩები, სადაც კერძო სახლები გამოყენებულია კომერციული დანიშნულებით და მათ პრაქტიკულად დაკარგული აქვთ პირვანდელი თვალმისავალობა. ამის მიუხედავად, გვაქვს რამდენიმე კარგი მაგალითიც, როდესაც პასუხისმგებლიანმა მეპატრონემ ისე განაახლა სახლი, რომ  მას თავისი უნიკალური პეწი და მომხიბვლელობა შეუნარჩუნა. გვაქვს კიდევ უფრო კარგი მაგალითებიც, როდესაც ადამიანები ახალი სახლების მშენებლობაში შეგნებულად იყენებენ აგურს, რათა მაქსიალურად შენარჩუნდეს ტრადიციული წითელი აგურის მემკვიდრეობა სენაკში.

მოხდენილად განახლებული ,,სენაკური სახლები“:

   

რატომ უნდა შევინარჩუნოთ ,,სენაკური სახლების“ მემკვიდრეობა?

ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი, რომ ,,სენაკური სახლი“ - ადგილობრივი არქიტექტურული მემკვიდრეობის საგულისხმო მონაპოვარი შენარჩუნდეს და იდეალურ შემთხვევაში, კიდევ უფრო განვითარდეს. ამ მხრივ თუნდაც ევროპის პატარა ქალაქების მაგალითები გამოგვადგება, სადაც ადგილობრივ თვითმყოფად კულტურას განსაკუთრებით უფრთხილდებიან. გარდა იმისა, რომ ასე გადავარჩენთ ადგილობრივ საცხოვრისებში და ყოფის კულტურაში გამოხატულ სენაკის Genius Loci-ს, ეს მნიშვნელოვანია სუფთა პრაგმატული, კონკრეტული მიზეზებითაც:

1.      ,,სენაკური სახლები“ ქმნიან სენაკის ადგილობრივი არქიტექტურის ერთგვარ ხაზს. შესაბამისად, ეს სტილი და თავად სამშენებლო მასალა შესაძლოა გახდეს ქალაქის მომავალი ურბანული და სივრცით-კომპოზიციური განვითარების კონცეფციის მნიშვნელოვანი მდგენელი; აღსანიშნავია, რომ საკუთრივ საცხოვრებელი სახლების გარდა, აგურით არის ნაშენი სენაკში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების უმეტესობა და ასევე, გარედან ბეტონით შელესილი საზოგადოებრივი მომსახურეობის ობიექტები. ცალკეული მშენებლობებისთვის აგურის ელემენტები შესაძლოა გახდეს დიზაინის ინსპირაციის მძლავრი წყარო. ახალი ნაგებობები სენაკში აუცილებლად უფრო მეტად უნდა შესატყვისებოდეს ლოკალურ არქიტექტურულ გარემოს, რაც ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ აგურის თვითმყოფად ხაზს კიდევ უფრო გამოკვეთს. ეს თავისუფლად შესაძლოა ასახულიყო ბოლო წლებში სენაკში აშენებულ ორ მთავარ პროექტში - იუსტიციის სახლისა და ტექნო-პარკის დიზაინშიც (ფასადის რეკონსტრუქციისას შესაძლებელია ამის გათვალისწინება); ამ მხრივ საგულისხმოა რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე, ყოფილი უნივერმაღის ადგილას (დღეს სუპერმარკეტი ,,ზღაპარი“),  კერძო მესაკუთრის მიერ, უკანასკნელ პერიოდში აგებული შენობა, სადაც კარგად იკითხება ქალაქის აგურის მემკვიდრეობის გათვალისწინება;

2009 წელს აგებული შენობა რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე და  ელიავას ქუჩა სენაკში:

   

2.      ,,სენაკური სახლები“ სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად შესაძლოა გახდეს ქალაქის ტურისტული და კულტურული სივრცეების მნიშვნელოვანი ნაწილი;

3.      ,,სენაკური სახლები“ შესაძლოა გახდეს ქალაქის ბრენდინგის, იმიჯინირინგის[6] და მარკეტინგის მნიშვნელოვანი რესურსი.[7] აღსანიშნავია, რომ ქალაქის ზოგადი პოზიტიური იმიჯი და აღქმადობა პერსპექტივაში მოსახლეობის შენარჩუნების,  ზრდისა და ადგილზე ეკონომიკური აქტივობების (მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის) გაძლიერების წინაპირობაც შესაძლოა გახდეს;

4.      სახლებსა და ქალაქში, სადაც უფრთხილდებიან, ზრუნავენ და ავითარებენ მემკვიდრეობას ცხოვრება არის უფრო საინტერესო, მიმზიდველი და საამაყო; ურბან-ფსიქოლოგიიდან ცნობილია, რომ არქიტექტურული გარემო პირდაპირ მოქმედებს ადამიანების ხასიათის განვითარებასა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობზე (,,არქიტექტურას ვქმნით ჩვენ და შემდეგ ისინი გვქმნიან ჩვენ“).

ამისთვის საჭიროა ადგილობრივ მოსახლეობაზე მეტად ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაიაზროს და გააცნობიეროს ,,სენაკური სახლების“ მნიშვნელობა ქალაქისთვის. კონცეპტუალურად, კომპლექსური შინაარსითა და სამოქმედო სტრატეგიებზე დაყრდნობით მიუდგნენ ქალაქის განვითარებას და არა ხედვის გარეშე, უსისტემოდ და არაორგანიზებულად, განსაკუთრებით ახალ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირები. ასევე კარგი იქნებოდა ადგილობრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ისეთი აქტივობების დანერგვა, რაც წახალისებდა სამშენებლო ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას, საცხოვრებელი გარემოს მიმართ პასუხისმგებლობას, გარემოზე ზრუნვას, სისუფთავეს, ეკოლოგიას და ა.შ. მაგალითად, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან სენაკში მასიურად ტარდებოდა კონკურსები ყველაზე ლამაზი სახლისა და ეზოს გამოსავლენად. ამ კონკურსებში იმარჯვებდნენ ადგილობრივები, რომლებიც შემდეგ უფრო მონდომებით ცდილობდნენ გარემოზე ზრუნვას. მათ შესახებ სპეციალურად ეძღვნებოდათ სტატიები რაიონის მთავარ საინფორმაციო გაზეთ ,,კოლხეთში“.

 კონკურსი საუკეთესო ,,სენაკური სახლის“ გამოსავლენად და

,,ჩვენი სენაკის“ მიერ შექმნილი სტრიტ-არტი თეატრალურ მოედანზე:

   

,,სენაკური სახლების“ გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის საინფორმაციო-ვიზუალურ პროდუქტებში - ბროშურებში, გამოცემებში, ბილბორდებზე, სარეკლამო მასალებში და სხვა. შესაძლებელია საგანგებოდ ამ სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა, მათთვის გარკვეული დაცვითი სტატუსის მინიჭებაც და ა.შ.

საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ჩვენი სენაკის“ მიერ  საკმაოდ მოცულობითი კედლის მხატვრობა სენაკის მთავარ მოედანზე სწორედ ქალაქის მემკვიდრეობაზე ზრუნვის სულისკვეთებით შეიქმნა (ფოტო ზემოთ). მთელ კედელზე გამოსახულია ამ პატარა ქალაქის სასურველი მომავლის ერთგვარი სახე, სადაც წითელ აგურის სახლებში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთის მიმართ გამორჩეულად ურთიერთსოლიდარულები არიან და ამასთან, დაკავებული არიან საკუთარ პირველად გამოზე ზრუნვით. 

,,სენაკური აგურის“ სახლის ელემენტებია გამოყენებული საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ჩვენი სენაკის“ ლოგოზეც. ურთიერთშეკავშირებული რვა აგური საზოგადოებრივი გაერთიანების დამფუძნებელ წევრებს გამოხატავს და თითოეული ჩვენგანის მიერ სენაკისთვის ,,საკუთარი წილი აგურის დადების“ სიმბოლოა. საფუძველში კი მოიაზრებს ამ ქალაქის მშენებლობისა და განვითარების მთავარ ქვაკუთხედს - წითელ აგურს!

 

ურბანისტი ედიშერ ბაღათურია



[1] კოლხური ოდა-სახლის ფენომენზე ვრცლად იხილეთ ხელოვნებათმცოდნე სამსონ ლეჟავას მოხსენება: https://www.youtube.com/watch?v=B3vMD0nVHiM&t=564s

[2] სავიზიტო ბარათი

[3] ,,სამეგრელო ბრიტანულ არქივებსა და ხელნაწერებში“, გვ. 152

[4] მსოფლიოში მსგავსი დასახლებების ყველაზე ცნობილი მაგალითებია ალბერობელო იტალიაში, სანტრონინის ლურჯი სახურავები საბერძნეთში და სხვა

[5] თემატურად გთავაზობთ ნაწყვეტს ადგილობრივი პოეტის ა. შენგელიას ლექსიდან ,,აგური“: ,,ქუჩას ყაყაჩოს ფერი დაშვენდა, და მეც სხვა ფერი არ მინატრია; ეს რა ლამაზი სახლი აშენდა, ყაყაჩოსფერად როგორ ანთია!“

[6] ქალაქის ხელისუფლების მიერ სიმბოლური რესურსებით მიზანდასახული მანიპულირება

[7] სხვათა შორის, 2024 წელს სენაკზე გადაღებულ მუსიკალურ კლიპში, რომელიც დღეს უკვე არავის ახსოვს, ალბათ ერთადერთი საინტერესო მიგნება იყო სათაური ,,გულისფერი ქალაქი“. ეს სლოგანი ერთი მხრივ, მიანიშნებს ქალაქის სიყვარულზე (ფართოდ გავრცელებული I NY-ის ანალოგიით) და მეორე მხრივ, წითელი აგურის (გულისფერ) ქალაქზე


Saturday, April 19, 2025

ახალსენაკის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

 

               მოგვიხსენიებდეთ ჩვენ წარსულთა თქვენ მომავალნი,

რათა თქვენცა მოგიხსენიონ უფალმა სასუფეველსა თვისსა,

  აწ  და საუკუნოდამინ!                   

                    მამა არისტარხო  კალანდარიშვილი


ფოტოს ფრაგმენტი (რეკონსტრუქცია)


            
ვინც სენაკელია, აქ დაბადებულა და გაზრდილა, შეუძლებელია ერთხელ მაინც არ მოეკრა ყური, რომ ჩვენი ქალაქის ცენტრში, იქ სადაც ახლა ულამაზესი ასწლოვანი ხეების პარკია და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე დგას, ადრე ეკლესია მდგარა, და რომ ის ბოლშევიკებს დაუნგრევიათ...

        ცოტამ თუ იცის, რომ ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისა იყო და ქალაქის მშვენებას  წარმოადგენდა, სულ თავიდან კი...

           ის ტერიტორია, სადაც ახლა ქალაქი სენაკი და ირგვლივ მიმდებარე სოფლებია, ძირითადად ორი გვარის  დადიანებისა და თავად მხეიძეების საკუთრებას წარმოადგენდა. სამეგრელოში იმერეთიდან გადმოსახლებული თავადი მხეიძეები XVII საუკუნის მიწურულს დაუნათესავდნენ სამეგრელოს მთავართა ოჯახს. ერთგულებისა და თურქებთან ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის  სამეგრელოს მთავარმა ოტია დადიანმა (1728-1757 წწ.) უბოძა მათ სოფელი ყულის-კარი, გლეხებითა და აზნაურებით და უკვე XIX საუკუნეში თავადი  მხეიძეები ფლობდნენ სოფლებს: ყულისკარს, თეკლათს,  სორტას და სენაკს.

         მთავარმა ლევან დადიანმა გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე  1842 წელს    სამეგრელოს მართვა-გამგეობა გადასცა უფროს შვილს დავითს, რომელმაც მთელი ოდიშის სამთავრო  ექვს   ზუგდიდის, ჯვარის, სუჯუნის, მარტვილის, საჭილაოსა და ზუბის ოლქად დაჰყო და თითოეულს უფროსად მდივანბეგი დაუნიშნა. სოფელი სენაკი[1] სუჯუნის ოლქში შედიოდა. ასე გრძელდებოდა 1857 წლამდე.

        1857 წლიდან კი, მოულოდნელად გარდაცვლილი დავით დადიანის მეუღლის, დედოფალ ეკატერინეს  მმართველობის დროს, პირველად იხსენიება ოფიციალურ დოკუმენტში „მესტეჩკო“ სენაკი; „მესტეჩკოს“ რუსები უწოდებდნენ ნახევრად ქალაქის ტიპის დასახლებას, ანუ დაბას. შეიძლება ვივარაუდოთ,  რომ სენაკი დაბად და წინაქალაქური ტიპის დასახლებად ჩამოყალიბდა არა 1871 წელს,  ფოთი-თბილისის  რკინიგზის გაყვანის შემდეგ, არამედ 50-იანი წლებიდან, ანუ დავით დადიანის მმართველობის დროიდან.

     1857 წელს რუსეთმა სამაზრო მმართველობა შემოიღო. ამჯერად სამეგრელო ზუგდიდის, სენაკისა  და ლეჩხუმის მაზრებად დაიყო  და  სენაკის მაზრის მმართველად კორნელი ბოროზდინი დაინიშნა, რომელიც თავის ადმინისტრაციასთან ერთად განთავსდა ჯერ თეკლათში, თავად ივანე მხეიძის სახლში  და  სენაკში საოლქო სამმართველოსათვის სახლის აშენების  შემდეგ გადავიდა დაბაში, რომელიც  ფოთი-თბილისის რკინიგზის გრანდიოზული პროექტის დამტკიცების შემდეგ  ცენტრალურ ადგილად იქცა და მალე წაართვა პირველობა დაბა ძველ სენაკს.

       სარკინიგზო ხაზისა და რკინიგზის სადგურ „ახალი სენაკის“  მშენებლობა, რომელიც დღევანდელ ადგილას სწორედ ალღოიანი თავადების  მხეიძეების მიერ მათი კუთვნილი ტერიტორიის შეთავაზებით მოხდა, სწრაფი ტემპებით დაიწყო და გაიშალა: დაიწყო ჭაობიანი ადგილების ამოშრობა-ამოვსება, სამაზრო, სახელმწიფო დაწესებულებების, ადმინისტრაციული შენობების აგება, სადაც განთავსდა სამაზრო აპარატი, თავისი კანცელარიით, ფოსტა-ტელეგრაფით, სასამართლო და საპოლიციო სამსახურებით, სანოტარო კანტორით, საექიმო და სააფთიაქო პუნქტებით.     



[1] იგულისხმება ახლანდელი ძველი სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტში - ც. ყ.

დაგეგმარებული და გაყვანილ იქნა ცენტრალური გზები, დაბის ცენტრალურ ადგილას კი აიგო წმ. გიორგის სახელობის ხის პატარა ეკლესია,  ფართით 240 კვ. საჟენი,  უფრო ზუსტად  კი, როგორც 1910 წლის საარქივო მონაცემებით ირკვევა, ეს პატარა სამლოცველო მდგარა ახლანდელი (და იმდროინდელისაც) ქუთაისის ქუჩის თავში, №2-ში, ხელმარცხნივ, იქ, სადაც შემდგომში, კერძოდ 1934 წელს,  დაიწყო სამუსიკო სკოლის მშენებლობა და 1967 წლამდე ეს სკოლა ფუნქციონირებდა[1].

       დაბაში ასეთმა ცვლილებებმა, რკინიგზის ხაზის, სადგურის კეთილმოწყობისა და ფართოდ გაშლილმა  სამშენებლო სამუშაოებმა  სწრაფად მოიზიდა გლეხობა შემოგარენში არსებული სოფლებიდან. ღარიბები ოჯახებით ჩამოდიოდნენ სამუშაოდ და საცხოვრებლადაც აქ მკვიდრდებოდნენ,  თუმცა კავშირს თავისი გვარისა და სოფლის ეკლესიებთან ინარჩუნებდნენ,  კვირადღის წირვა-ლოცვას აქაურ ეკლესიაში ესწრებოდნენ, რომელიც თანდათან ვერ იტევდა გაზრდილ მოსახლეობას.

          სწორედ  ამაზე  წერდა 1895 წელს გაზეთ „ივერიაში“ ტრიფონ კალანდარიშვილი: ,,ახალ სენაკი, 10 იანვარი... აქაური ეკლესია ისეთი პატარაა, ორმოცი კაცი ძლივს თავსდება. ეს ეკლესია იმ დროს არის აშენებული, როდესაც ახალ-სენაკში პირველად დაიწყეს დუქნების და სახლების აშენება...“-ო.

       ეს კი სწორედ ბოროზდინის მმართველობის პერიოდია. ის მოგვითხრობს: „ ქვაშიხორს იქით ერთ ვერსზე დაბა ახალსენაკი იყო, ჩემი მომავალი რეზიდენცია, სადაც სახლს ვაშენებინებდი საოლქო სამმართველოსათვის. აქვე ვაშენებინებდი აგრეთვე სატუსაღოს და ყაზახ-რუსების სადგომ ყაზარმებს. სენაკში ბაზარი იყო, რამდენსამე რიგად ხის დუქნები ჰქონდა ჩარიგებული და კარგი ვაჭრობაც იყო გაჩაღებული; ყოველ პარასკევს ყველა მხრიდან მოდიოდნენ სოფლელნი თავიანთის ნაწარმოების გასასყიდად. წელიწადში რამდენიმე ბაზრობა იმართებოდა ხოლმე“[2].

         ამ პატარა ხის ეკლესიის წინამძღვრად და მღვდლად 1873 წელს აკურთხეს მისი ამგები მღვდელი მამა ნიკოლოზ კალანდარიშვილი. დროთა განმავლობაში მოძღვრის  დაუღალავი შრომით და მრევლის დახმარებით ეკლესია თანდათან გაფართოვდა, გაკეთდა ახალი ხის სამრეკლო,  დაიგო ქვის იატაკი, ეზო კეთილმოეწყო და შემოკავდა. 1882 წელს  ეკლესიასთან გაიხსნა ერთკლასიანი პარალელურკლასებიანი სამრევლო-საეკლესიო ქალთა სკოლა. დაფუძნდა სკოლის მზრუნველთა საბჭო და ბიბლიოთეკა[3].

     1882 წლამდე ეკლესიაში სავარაუდოდ მხოლოდ წირვები ტარდებოდა, ხოლო  საეკლესიო საიდუმლოებები – ნათლობა, ჯვრისწერა და მიცვალებულთა წესის აგება მოგვიანებით  დაწყებულა, რისი თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ საეკლესიო არქივებში შემონახული ახალსენაკის წმ. გიორგის ეკლესიის  ჩანაწერები მხოლოდ 1882 წლიდან  იწყება. ეკლესიის დეკანოზი უცვლელად იყო ბლაღოჩინი  მღვდელი  ნიკოლოზ კალანდარიშვილი. 

                                       

                                                       

                                      ახალსენაკის წმ. გიორგის  ეკლესიის                                          დეკანოზი   ნიკოლოზ  კალანდარიშვილი 

                                               მეტრიჩესკის წიგნი  1882 წ.                                                                           1839-1892 წწ.                       


[1] სცის, ფონდი 489, საქმე 53 142, ფ. 1;  ლ. ქობალავა, მუსიკა არსი, ქუთ., 2003123.

[2] კ. ბოროზდინი, სამეგრელო და სვანეთი1854-1861, მოგონებანი, თბ., 1934240.

[3] სცის, ფ. 489, საქმე 46 159, ურც. 3-6.

    ახალ-სენაკის მოსახლეობა კვლავ  სწრაფად იზრდებოდა. ქალაქს საკუთარი, უფრო დიდი  ზომის ტაძარი სჭირდებოდა. უკვე  აქ იწერდნენ ჯვარს და ნათლავდნენ შვილებს  ვაჭრები, აზნაურები,  თავადები, ხელოსნები, სახელმწიფო მოხელეები, ყველა, ვინც დაბაში ცხოვრობდა;  ბლაღოჩინი ნიკოლოზი წესს უგებდა მიცვალებულებს, თუმცა, ვინაიდან ეკლესიას თავისი სასაფლაო არ გააჩნდა, მათი დაკრძალვა საგვარეულო, ან დაბის მიმდებარე სოფლების ეკლესიების (სოფ. ნატოჩაოს, ახლანდელი საკალანდარიშვილოს გორაზე აღმართული წმ. გიორგის ტაძრის, ზემო და ქვემო თეკლათის მთავარანგელოზთა სახელობის, ძველი სენაკის) სასაფლაოებზე ხდებოდა.       

           გაზეთ  „ივერიის“ ცნობით „ჩვენი ახალ-სენაკი დღითი-დღე ლამაზდება. აქ პატარა ეკლესიები 30 კაცს ძლივს დაიტევს. მისმა მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობამ საქართველოს ექსარხოსმა პალლადიმ (1887-1892 წწ.), რომელიც ამ რამდენიმე წლის წინად მობრძანდა, ქალაქის მოსახლეობას გრძნობით აღსავსე სიტყვით მიმართა და დაავალა, რომ თუ გინდათ ქალაქმა წინ წაიწიოს, ეკლესია უნდა ააგოთ. მაშინვე აირჩიეს კომისია და მემამულეებსაც სთხოვეს დახმარება. ამ საქმეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია კნეინა სალომე მხეიძისამ[1] და დაიწყო ხელმოწერები ფულის შესაგროვებლად...“[2].

         ჟურნალისტი, ისტორიკოსი  რეზო  გრიგოლავა  წიგნში  – „მოწამე მთავარხუცესი, დეკანოზი მამა არისტარხო (კალანდარიშვილი)“ – საინტერესოდ მოგვითხრობს  სენაკის ახალი ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ჯერ მამამ და შემდეგ შვილმა, მთავარხუცესებმა ნიკოლოზმა და არისტარხომ, თავიანთი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიუძღვნეს წმ. გიორგის  ეკლესიას, მისი მშენებლობის ბოლომდე მიყვანას. აი, ამონარიდი წიგნიდან: „...ქალაქისა და მისი მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო დღის წესრიგში დადგა ქვის ახალი და უფრო ვრცელი ეკლესიის აგების საკითხი. სასულიერო და საერო ხელისუფალთა მხრიდან მამა ნიკოლოზის მიერ წამოჭრილი საკითხი მოწონებული და მხარდაჭერილი იქნა. შეიქმნა ახალი ეკლესიის მშენებლობის კომიტეტი მაზრის უფროსის –  გიორგი ბებურიშვილის თავმჯდომარეობით. მამა ნიკოლოზი ამ კომისიის ჯერ წევრად, შემდეგ კი ხაზინადრად აირჩიეს. მალე შეიქმნა ეკლესიის პროექტიც, რომლის ავტორი იყო  ლეოპოლდ ბილფელდი (1838-1921 წწ.), საქართველოში მოღვაწე  გერმანელი, იმ დროის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორი. მის ნამუშევრებს შორის ყველაზე ცნობილია ქაშვეთის ეკლესია, მეფისნაცვლის სასახლე ლიკანში, სასტუმრო „ვეტცელი“ აღმაშენებლის გამზირზე,  XX საუკუნის 40-იან წლებში დანგრეული ლუთერანული ეკლესია – კირხა. მამა ნიკოლოზის თხოვნითა და შეგონებით სამშენებლო კომისიას ეკლესიის მშენებლობისათვის 700-მდე კვადრატული საჟენი (დაახლ. 3000 მ2) მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრში დაუთმო  ცნობილი თავადისა და მრეწველის, სენაკი-ფოთის რკინიგზის ხაზის დამფინანსებლის, გრიგოლ ბეჟანის ძე მხეიძის შვილმა, მაზრის მომრიგებელმა შუამავალმა დიმიტრი გრიგოლის ძე მხეიძემ... მის მიერ კომისიისათვის გადაცემული ამ ფართობიდან 240 კვადრატული საჟენი (დაახლოებით 1000 მ2) მშენებარე ეკლესიისათვის, ხოლო დანარჩენი ეზოსათვის გამოიყო. ამის შემდეგ მშენებლობაც ნებაყოფლობით შემოწირულობათა ხარჯზე დაიწყო კიდეც...“[3].

              ათი წელი იღვწოდა მამა ნიკოლოზი ამ საქმისთვის და 1892 წელს, 53 წლისა, მოულოდნელად გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა საერო და სასულიერო საზოგადოების დიდი მწუხარება გამოიწვია.


[1] სალომე ბახვას ასული ჩიჩუა  დიმიტრი გრიგოლის ძე მხეიძის მეუღლე  ც. ყ.

[2] ,,ივერია“, 22215  ოქტომბერი, 1890,

[3] რ. გრიგოლავა, მოწამე მთავარხუცესი, დეკანოზი მამა არისტარხო (კალანდარიშვილი), თბ., 2012: 2

                                                

                                                            ლეოპოლდ ბილფელდი                                            დეკანოზი არისტარხო  

                                                           არქიტექტორი                                                             კალანდარიშვილი               

        აი, რას წერდა ილია ჭავჭავაძის „ივერია“  ნიკოლოზ კალანდარიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ნეკროლოგში:

       „ახალსენაკი. ამასწინათ ჩვენს დაბაში გარდაიცვალა ბლაღოჩინი დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი... იმისი უდროოდ სიკვდილი დიდად სამწუხაროდ შეექმნა მთელს სენაკის მაზრას და განსაკუთრებით იმის საბლაღოჩინო მრევლსა და ახალსენაკსაც. სხვათა შორის, მისის მოთავეობით დაწყებულ ეკლესიას წარსული თვის უკანასკნელ რიცხვებში ბალავერი (საძირკველი) უკურთხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა. მისმა ყოვლადუსამღვდელესობამ გრძნობით აღსავსე სიტყვა წარმოთქვა იმის შესახებ, თუ რაოდენი შრომა მიუძღოდა განსვენებულს ეკლესიის აშენებისათვის, აგრეთვე მისმა ყოვლადუსამღვდელესობამ  მოქალაქეებს დაავალა ყოველი ღონე ეღონათ და უკან არ დაეხიათ ეკლესიის ასაშენებელი ხარჯის წინაშე. ეკლესია კარგი გეგმითაა დაწყებული“[1].

      მაგრამ მამა ნიკოლოზის გარდაცვალებამ მაინც შეაფერხა ტაძრის მშენებლობა. მართალია, მისი შვილი –  მამა არისტარხო ახალი ეკლესიის მშენებლობის კომიტეტის წევრად და ხაზინადრად იქნა არჩეული, მაგრამ ეს არ იყო ადვილად მოსაგვარებელი საკითხი.

        არისტარხო კალანდარიშვილი  1892 წლის 6 დეკემბერს ეპისკოპოსმა გრიგოლმა დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 11 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ახალი სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. მასვე დაევალა სენაკის ოლქის მთავარხუცესობა.

            გაზეთებში  – „ივერია“, ცნობის ფურცელი“, „დროება“, პერიოდულად იბეჭდებოდა ცნობები ახალსენაკის ტაძრის გაჭიანურებული მშენებლობის შესახებ: „ახალ-სენაკი, 10 იანვარი. სენაკი იზრდება და ეკლესია არა აქვს, აქაური ეკლესია ისეთი პატარაა, 40 კაცი ძლივს თავსდება. მცხოვრებთა რიცხვი მატულობს. ამას დავუმატოთ მოსწავლეთა რიცხვი, რომელიც 700 აღემატება. აქ ახალი ეკლესიის მშენებლობაზე ზრუნვა დაიწყო აწ უკვე განსვენებულმა ამა ეკლესიის დეკანოზმა ნ. კალანდარიშვილმა. შეაგროვა ფული და ასე შემდეგ.  განსვენებულმა სიკვდილის წინა დღით სთქვა: ,,ნუგეშათ ის მიმაქვს, რომ ჩემის სურვილის განხორციელებას ჩემი მოადგილე აღასრულებს. რადგანაც საძირკველი ჩამიყრია და ფულიც ცოტაოდენი მაქვსო“,  მაგრამ  სამწუხაროდ, აღასრულა თუ არა განსვენებულის მოადგილემ ზემოთხსენებული სურვილი? ორი წელიწადია, რაც საძირკველ ჩაყრილი ეკლესია უპატრონოდ არის მიტოვებული. დღევანდელი მოძღვარი ამ საქმეს სრულიად ყურადღებას არ აქცევს. ხალხში უნდა გაიღვიძოს სურვილმა და ასე შემდეგ.  ტრიფონ კალანდარიშვილი“[2].

           გაზეთი „ცნობის ფურცელი“ აუწყებდა მკითხველებს, რომ ახალი ეკლესიის მზრუნველისა და მნათის ასარჩევად  მამა არისტარხოს მიერ დანიშნულ კრებაზე დეპუტატთაგან ოთხიდან მხოლოდ ერთი მისულა, ხოლო დამსწრე სულ ოციოდე კაცი ყოფილა, მაშინ როცა ერთ მესამედზე  უკვე აშენებული  ეკლესია მიტოვებულია და რაც გაკეთდა, ისიც ფუჭდებაო[3].

[1] ,,ივერია“, №2411892.

[2] „ივერია“, №10, 1895.

[3] „ცნობის ფურცელი“, №636, 1898.

      გაზეთ ,,ივერიის“ ცნობით, „ეს ერთი თვე იქნება, რაც ახალ-სენაკში მოვიდა მთავრობისაგან ახლად დანიშნული სენაკის მაზრის უფროსი ბ-ნი რეზანოვი. მოსვლისთანავე ყურადღება მიაქცია აქაურს ახლადასაშენებელ ეკკლესიას, რომელიც ეს 8-9 წელიწადია, რაც დაწყებულია და დასასრული ვერ მიეცა ჩვენის დაბის სამარცხვინოდ. ახლა იმედი აქვთ წელს დამთავრდეს ეკლესიის შენება. მაზრის უფროსმა ჯერხნობათ ეკლესიას შესწირა 50 მან. აგრეთვე იკისრა შემოწირულებათა შეგროვება ეკლესიის სასარგებლოდ. მაზრის უფროსს მხარს უჭერს ამ საქმეში სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი თავ. ფარნაოზ მხეიძე, რომელიც ამ ეკლესიის აღმშენებელ კომისიის თავმჯდომარედ ამას წინად იქნა არჩეული“[2].

      ისევ  ამონარიდი რევაზ გრიგოლავას წიგნიდან: „ეს კომიტეტი მაშინ სერიოზული და გავლენიანი ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. 1890 წლიდან, ანუ მშენებლობის დაწყებიდან, მის სრულ დამთავრებამდე – 1905 წლის აპრილამდე, სხვადასხვა დროს მას სათავეში ედგნენ ახალსენაკის მაზრის უფროსები: გიორგი ბებურიშვილი, ივანე ქავთარაძე, მიხეილ ხმელნიცკი და ნიკოლაი რეზანოვი, ხოლო ამავე პერიოდში კომისიაში შედიოდნენ გვარდიის პოლკოვნიკი, თავადი ოტია დადიანი, დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი, ახალსენაკის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველი, შემდეგში ამავე მაზრის მომრიგებელი შუამავალი, სპირიდონ ენუქიძე და ახალსენაკელი აზნაურები... კომისიას დიდი მუშაობა დასჭირდა. დეკანოზ ნიკოლოზ კალანდარიშვილის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად შეჩერებული სამუშაოების აღსადგენად და მისი მშენებლობის ტემპების გასაძლიერებლად, რისთვისაც დიდძალი სახსრები იყო საჭირო“[3].

        ეკლესიის მშენებლობა ნებაყოფლობითი შემოწირულობებით მიმდინარეობდა და მისი შეგროვება მშენებლობის დამთავრებამდე არ შეწყვეტილა.  ამაში ჩართული იყო ახალსენაკის მთელი საზოგადოება. საინტერესოა, რომ იმ დროის მონაცემებით აქ მოსახლეობა 150 ოჯახს, ანუ 900-მდე სულს შეადგენდა. მათგან  57 მრეწველისა და ვაჭრის ოჯახი იყო, ხოლო 14 – თავად-აზნაურისა. დანარჩენ 80-ს გლეხებისა და  მოსამსახურეთა ოჯახები წარმოადგენდა.

                                                              
                                                                ოტია ელიზბარის ძე დადიანი                                      ბესარიონ გრიგოლის ძე მხეიძე  

                                                                                  1831-1915 წწ.                                                                   1860-1917 წწ.      

       ასე, მაგალითად, ახალსენაკის მაზრის უფროსმა ნიკოლაი რეზანოვმა პირადი სახსრებიდან ეკლესიის მშენებლობის ფონდში 1300-მდე მანეთი შეიტანა, ხოლო მისი ინიციატივით შეგროვილ  შემოწირულობათა თანხა 6500 მანეთამდე იყო. ამავე ეკლესიის მღვდელმა გერასიმე ხოშტარიამ  500 მანეთის საეკლესიო ნივთები შესწირა ტაძარს და 1000 მანეთამდე შემოწირული თანხა ჩარიცხა ფონდში.


[1]„ივერია“, №105, მაისი,  1902. 

[2]  რ. გრიგოლავამოწამე მთავარხუცესი, დეკანოზი მამა არისტარქო (კალანდარიშვილი), თბ., 201279.  

         დიდია სია იმ პირებისა, ვინც დაუღალავად იშრომა  და გაისარჯა შემოწირულობათა შესაკრებად და პირადი თანხები თუ ნივთები შესწირა მშენებარე ეკლესიას.  ჩამოვთვლი მხოლოდ ნაწილს: თავადები ოტია დადიანი, ფარნაოზ დავითის ძე, ბესარიონ გრიგოლის ძე და ბარდღა ივანეს ძე  მხეიძეები, ალექსანდრე და არჩილ ჭანტურიები, სოლომონ სალაყაია, მიხეილ მისაბიშვილი... შემომწირველების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდებოდა პრესის ფურცლებზე:

„მ. რ. ნება მიბოძეთ, რომ თქვენის პატივცემულის გამოცემის საშუალებით უგულითადესი მადლობა გამოუცხადო ქ. ოლღა პავლეს ასულს ხმალაძეს და მეორე გილდიის ვაჭარს ივანე მარკოზის ძეს ხუნწარიას, რომელთაგან პირველმა შემოსწირა რწმუნებულს ჩემდამი დ. ახალ-სენაკის წმ. გიორგის ეკლესიას ერთი ახალის ვერცხლის საცეცხლური, ხოლო მეორემ ახალის ვერცხლისავე ჯვარი.  ბლაღოჩინი მღ. მ. არისტარხო კალანდარიშვილი“[1].

         საარქივო მონაცემებით ცნობილი ხდება, რომ 1898 წელს ეკლესიასთან დაარსდა:

1. ქალთა ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა, რომელიც განთავსებული იყო საკუთარ შენობაში (გამგე არისტარხო კალანდარიშვილი);

2.  განათლების სამინისტროს  ვაჟთა ორკლასიანი ნორმალური სასწავლებელი;

  3. ამავე სამინისტროს ორკლასიანი ქალთა სკოლა, სადაც 1910 წლისათვის 95 ქალიშვილი    სწავლობდა[2].

ბლაღოჩინი არისტარხო კალანდარიშვილი ახალი სენაკის  ქალთა სკოლის მოსწავლეებთან. მისგან მარცხნივ - მღვდელი ვლადიმერ შენგელაია. 1900-იანი წლები


[1] გაზეთი „მწყემსი“, 11, 1895.

[2] სცია, ფონდი 489, საქმე №53142, ფურც. 1.

 

სენაკის ქალთა სასწავლებლის პედაგოგები და მოწაფეები

 ახალ-სენაკის ეკლესიის საძირკვლის კურთხევიდან თხუთმეტი წლისთავზე  1905 წელს, როგორც იქნა დასრულდა წმ. გიორგის სახელზე აგებული ახალი ქვითკირის ეკლესიისა და ქვის სამრეკლოს მშენებლობა, რც 30 ათას მანეთზე მეტი დაჯდა. სამწუხაროდარ შემონახულა ტაძრის ზომები ან ფოტო, რომ ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ მასზე, თუმცა გადმოცემით ცნობილია, რომ მისი გუმბათიდან მთელი ქალაქი ხელისგულივით მოსჩანდა, ხოლო საგაზეთო კორესპონდენციებში არაერთხელაა ხაზგასმული, რომ „ეკლესიის მშენებლობა კარგი გეგმითაა დაწყებული“. თუ შევადარებთ, თეკლათის დედათა მონასტრის ეკლესიას, რომლის აშენება 2,5-ჯერ ნაკლები თანხით შეძლეს დედებმა, ვფიქრობ, დასაჯერებელია, რომ ახალსენაკის თეთრი კირქვით ნაგები მთავარი ტაძარი  თავისი სიდიდით და სიდიადით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე.

 

                      თეკლათის დედათა მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია

      1905 წლის 3 აპრილს  დაინიშნა  ეკლესიის კურთხევა, რომლის  მშენებლობა  გურია-სამეგრელოს სამი ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლის, ყოვლადუსამღვდელოესი წმინდა მღვდელმთავრის – ალექსანდრესა და ყოვლადუსამღვდელოეს დიმიტრის მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა. მეუფე დიმიტრის საქართველოში არყოფნის გამო  სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ახალი ტაძრის საზეიმო კურთხევის პატივი   გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველის  მოვალეობის შემსრულებელს, იმერეთის ეპისკოპოსს, ყოვლადსამღვდელო ლეონიდეს (ოქროპირიძე) ერგო წილად.

                                                              ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) და

                                                        დეკანოზი არისტარხო კალანდარიშვილი 

              ტაძრის კურთხევაზე  სტუმრად მოსულ სასულიერო და საერო პირთა სიმრავლის მიუხედავად, საქართველოში არსებული რევოლუციური დაძაბულობა მცირეოდენ ჩრდილს მაინც აყენებდა ამდენი ხნის ნანატრი ეკლესიის საზეიმო კურთხევის ცერემონიალს.    

      „დ. ახალსენაკი (სამეგრელო). კვირას, 3 აპრილს, აკურთხეს აქაური ახალი ეკლესია. პარასკევს ჩამოვიდა ექსარხოსი ალექსი, რომელმაც მეორე დღეს ადგილობრივი საქალებო და სასულიერო სასწავლებლები დაათვალიერა. შაბათ საღამოს ხუთასამდე კაზაკით ოზურგეთიდან ჩამოვიდა გენერალი ალიხანოვ-ავარსკი და ქუთაისიდან ვიცე-გუბერნატორი ქუთაისისა. ეკლესიის კურთხევას ესენიც დაესწრნენ. მაზრის უფროსის განკარგულებით ექსარხოსთან მოსალაპარაკებლად და მისი დარიგების მოსასმენად მახლობელ სამამასახლისოებიდან დაბარებული იყვნენ გლეხები, მაგრამ სოფლებიდან არც ერთი გლეხიც არ ჩამოსულა.

        ეკლესიის კურთხევის დღესასწაულს მარტო სენაკელები და ადგილობრივი და ახლად ჩამოსული კაზაკთა რაზმი დაესწრნენ. წირვის შემდეგ, სხვათა შორის ვიცე-გუბერნატორმაც მიჰმართა ხალხს დარიგებით... იმავე საღამოს ექსარხოსი თბილისს დაბრუნდა“[1].

       ეს ის ეგზაროსი ალექსია (ერისკაცობაში ალექსი ალექსის ძე ოპოცკი)რომელმაც ახალსენაკის ეკლესიის კურთხევის მომდევნო თვეს, 1905 წლის 29 მაისს კაზაკების მეშვეობით დაარბია საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების არასანქცირებული ყრილობაავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნით. მანამდე, ცნობილ ვოსტორგოვთან ერთადსწორედ ის ცდილობდა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. ამის გამო დახვდა მას ალექსი ბერი (შუშანია) თავისი ხის დიდი ჯვრით გზაშიახალსენაკიდან თეკლათის დედათა მონასტერში დიდი ამალით მიმავალს და  საპროტესტო წერილი გადასცა. ამ ფაქტებმა საპროტესტო მოძრაობა უფრო გააძლიერა, ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ეგზარქოსი ალექსი საქართველოდან გაეწვია.    


[1] „ივერია“, 48, 8  აპრილი, 1905.  

           ამონარიდი კვლავ რ. გრიგოლავას წიგნიდან: მალე „...ეკლესიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. ეკლესიის ეზო მოასწორეს, ცაცხვის, კვიპაროსისა და ჭადრის ახალი ნერგები ჩაყარეს, ყვავილები, მაგნოლიები და სხვა დეკორატიული მცენარეები დარგეს, ეკლესიის ტერიტორია მუხის ლარტყებით ლამაზად შემოაკავეს და ეკლესიამდე მისასვლელი გზაც მოკირწყლეს. დროთა ვითარებაში იქაურობა საამო, სურნელოვან ბაღნარად იქცა. მალე განაშენიანების შედეგად მისი მიმდებარე ტერიტორიებიც მოკრძალებული, სადაერთ და ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლებით, კაპიტალური სავაჭრო დუქნებითა და საბაყლოებით შეივსო, რომელთა ფონზეც ახალი ეკლესია კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა და იგი ქალაქის ყველა უბნიდან ნათლად ჩანდა. ხოლო ეს ადგილი, რომელსაც ქათქათა კირქვით ნაგებიახალი, დიდი ეკლესიის შენობა კიდევ უფრო მიმზიდველსა და შთამბეჭდავს ხდიდა, სენაკელთა თავშეყრის ადგილად იქცა. აქაურები მას ,,სობოროსაც“ უწოდებდნენ...“[1]


                                 მეორე ინტერნაციონალის ვიზიტი სენაკში 1920წ სექტემბერი

   ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ამ დიდებული ტაძრის ერთი ფოტოც კი არ შემორჩა არქივსჯერჯერობით ვერც სენაკელთა საოჯახო ალბომებში მივაკვლიეთ მას. მაგრამ ჩვენს ძიებას უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია  საქართველოს ეროვნულ არივში აღმოჩნდა ფოტო, რომელზეც ახალსენაკის ტაძრის ფრაგმენტია გამოსახული. აქვე წარმოვადგენთ ამ ფოტოს ორიგინალს და მის რეკონსტრუირებულ ვარიანტს.


[1] რ. გრიგოლავამოწამე მთავარხუცესი, დეკანოზი მამა არისტარხო (კალანდარიშვილი), თბ., 201288.

         მეორ ინტერნაციონალის ვიზიტი სენაკში. 1920წ  სექტემბერი (რეკონსტრუქცია)

     ფოტოზე 1920 წლის 26 სექტემბერს ევროპელი სოციალისტების ვიზიტია ასახული. ქალაქი ზეიმობს  მაშინდელი დასავლეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის გამოჩენილი ლიდერების სტუმრობას.

           ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ ფოტოზე ჩანს  წმ. გიორგის ტაძრის გუმბათის ყელი. ეკლესიას ფარავს ცენტრალურ პარკში დარგული ხეები. ფოტო გადაღებულია რუსთაველის ქუჩით გაყოფილი პარკის იმ მხრიდან, სადაც ამჟამად მერიისა და სამუსიკო სკოლის შენობა დგას.

          წარმოვადგენთ ფრაგმენტს 1919 წლის ახალსენაკის გენერალური გეგმიდან, რაც ადასტურებს ჩვენს ვარაუდებს ამ საკითხზე  და  სადაც ჩანს ბაღის ქუჩა, რომელიც დღევანდელ სამუსიკო სკოლასა და პარკს შორის მდებარე ვიწრო ქუჩაა. დაახლოებით ეს ადგილია ასახული ფოტოზე. ხოლო გეგმაზე ტაძარი დატანილია პარკში,  ახლანდელი მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის წინ, დაახლოებით იქ, სადაც ახლა შადრევნის აუზია[1].



[1] საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 1863, ანაწერი 1, საქმე 610,   ფურც. 15.

                      
                                        ახალსენაკის 1919 წლის გენერალური გეგმის ფრაგმენტი           

      დავუბრუნდეთ ისტორიას: ეს ეკლესია და იქ მოღვაწე მღვდლები – მამა არისტარხო კალანდარიშვილი, მამა გერასიმე და ლეონიდე ხოშტარიები და სხვანი, თავიანთი ღვთივსათნო ქმედებებით და ქადაგებებით ემსახურებოდნენ სენაკელთა სულიერ და ზნეობრივ აღზრდას.  მაგალითად, გაზეთ „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ  „კვირას, 22 თებერვალს, ახალსენაკის წ-დის გიორგის ეკლესიაში ადგილობრივმა ბლაღოჩინმა მღ. მ. არისტარხო კალანდარიშვილმა წირვა და პანაშვიდი გადაიხადა მეფე ერეკლე მეორის სულის მოსახსენებლად. პანაშვიდს დიდძალი ხალხი დაესწრო, როგორც ადგილობრივ ინტელიგენტი და მცხოვრები, აგრეთვე ახლო-მახლო მცხოვრებნიც. ეკლესია და გალავანი ხალხით გაჭედილი იყო. შემდეგ პანაშვიდისა, ბლაღ. მ. არისტრახოს კალანდარიშვილმა მოკლედ მშვენიერი სიტყვა წარმოთქვა, რომლით აუწყა ყველას, თუ ვინ იყო დიდებული ერეკლე მეფე და რა თავგანწირვით იბრძოდა თავის სიცოცხლეში „პატარა კახი“ რჯულის და სარწმუნოების დასაცავად“[1].

         ახალი ეკლესიის მშენებლობის დასრულებამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო მოსაგვარებელი: ქალაქს საკუთარი სასაფლაო ჯერ კიდევ არ ჰქონდა და ამიტომ  აქ  წესაგებული მიცვალებულების დაკრძალვა ძირითადად ხდებოდა  მიმდებარე სოფლების  სამ სასაფლაოზე: ზედა თეკლათის მთავარანგელოზთა ეკლესიის (დღევანდელი ე. წ. მენჯის), ქვედა თეკლათის მთავარანგელოზთა ეკლესიის (დღევანდელი სოფ. თეკლათის) და ნატოჩაოს წმ. გიორგის სახელობის (დღევანდელი საკალანდარიშვილოს) სასაფლაოებზე.

       1892 წელს  ეს მნიშვნელოვანი საკითხიც გადაწყდა, რასაც გაზეთი „ივერია“ გამოეხმაურა: ,,ახალ-სენაკი. ჩვენს დაბას დღემდე სასაფლაო არა ჰქონდა, რის გამოც მეტის-მეტად შეწუხებული ვიყავით. ამას წინათ აქაურ მემამულეს თავ. ხუტუნია მიქელაძეს (პამფილი ვიქტორის ძე მიქელაძე)  მიმართა ქალაქის გამგემ (გიორგი გურგენის ძე ბებურიშვილი), რომელიც სთხოვდა ცოტა იაფად დაეთმო თავისი მიწა ქალაქისთვის, ქველმოქმედმა თავადმა ერთ ქცევაზედ მეტი ადგილი უფასოდ დაუთმო ქალაქს სასაფლაოსთვის“[2]. პამფილი (იგივე  ხუტუნია) ვიქტორის ძე მიქელაძე იყო სენაკელი მხეიძეების შთამომავლის – ნინო (პუპი)  ბეჟანის ას. მხეიძე-მიქელაძის  ვაჟიშვილი.

      სავარაუდოდ ეს ადგილი  უნდა იყოს დღევანდელი საკალანდარიშვილოს სასაფლაოს ტერიტორია, რამდენადაც სწორედ მიმდებარედ იყო პამფილი  მიქელაძის კუთვნილი, დაახლოებით 30 ქცევა მიწა.

        როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით მიცვალებულთა დაკრძალვა ახალსენაკის წმ. გიორგის ეკლესიის შიგნით მხოლოდ 1916 წლიდან დაუწყიათ.

       არც მანამ და არც შემდეგ  ქალაქის ცენტრში, ახალსენაკის წმ. გიორგის ტაძრის მიმდებარე და არც  ირგვლივ ტერიტორიაზე, არასოდეს არავინ  დაუკრძალავთ, თუმცა,  სავარაუდოდ, ძველი, ანუ ხის ეკლესიის  შიგნით, 1890 წლიდან 1916 წლის ჩათვლით, სულ რამდენიმე (საარქივო მონაცემებით – ხუთი) პირის საფლავი ყოფილა.  ესენია  იმ დროის ახალსენაკში ცნობილი  და დამსახურებული ადამიანები და ერთიც პატარა ასაკში გარდაცვლილი მოზარდი; ყველა მათგანის დაკრძალვას სხვადასხვა დროს ესწრებოდნენ გურია-სამეგრელოს  ეპისკოპოსები: ყოვლადუსამღვდელოესი  გრიგოლი (დადიანი, 1886-1898 წწ.), ყოვლადუსამღვდელოესი გიორგი (ალადაშვილი, 1905-1908 წწ.) და ყოვლადუსამღვდელოესი ლეონიდე (ოქროპირიძე, 1908-1918 წწ.).

ახალსენაკის ეკლესიის შიგნით დაკრძალულთა  ვინაობა დადგენილია და ქვემოთაა ჩამოთვლილი.

1. 1890 წ. 6 წლის ილია სისოს ძე საჯაია  აზნაური; წესი აუგო მთავარხუცესმა ნიკოლოზ კალანდარიშვილმა[3].

 



[1] „ცნობის ფურცელი“, №4681898.

[2] ,,ივერია“, №227, 1892.

[3] სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 1184-1214, ფ. 166.

2. 1896 წ., ელენე მიხეილის ასული ჟვანიასი – 39 წლის, ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ახალსენაკის განყოფილების გამგეობის პირველი თავმჯდომარის – ლუკა  გიორგის ძე ჟვანიას მეუღლე. წესის აგებას  მთავარხუცეს არისტარხო კალანდარიშვილთან ერთად  ესწრებოდა  ეპისკოპოსი  გრიგოლი (დადიანი)[1].    

          3. 1906 წ., ანნა (ანეტა) გრიგოლის ასული წერეთელი მხეიძისა – 39 წლის, პოდპოლკოვნიკ ბესარიონ  გრიგოლის ძე მხეიძის (15. 02. 1860-1917 წწ.) მეუღლე. ეკლესიის მშენებლობისთვის საქველმოქმედო ფონდის აქტიური წევრი[2]. წესის აგებას  მთავარხუცეს არისტარხო კალანდარიშვილთან ერთად ესწრებოდა ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი)[3].

                                                ბესარიონ გრიგოლის ძე მხეიძე (1860-1917) ,  მეუღლე  ანეტა

                                    გიგოს ას წერეთელი (1866-1906),ალექსანდრე ბესარიონის ძე მხეიძე(1889-1960)

      4. თავადი დიმიტრი გრიგოლის ძე მხეიძე  52 ლისა, პოდპოლკოვნიკი, მაზრის მომრიგებელი შუამავალი, ახალსენაკის ეკლესიისათვის ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის შემომწირველი[4]. წესის აგებას მთავარხუცეს არისტარხო კალანდარიშვილთან ერთად ესწრებოდა ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი)[5].



[1] სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 1184-1214, ფ. 313.

[2] გალაკტიონის მუზის - მერი შარვაშიძის დედის - ნინო მხეიძის რძალი.

[3] სეა,ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 1184-1214, ფ. 720.

[4] მერი შარვაშიძის მეორე ბიძა.

[5] სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 1184-1214. ფ. 765.


                 

           თავადი დიმიტრი გრიგოლის  ძე მხეიძე           სალომე  ალექსანდრეს ას ჩიჩუა-მხეიძისა

                    (1855-1907)                                                                    (1853-1915)


5.     1915 წ., სალომე ალექსანდრეს (ბახვას) ასული ჩიჩუა-მხეიძისა  62 წლისა, თავად დიმიტრი გრიგოლის  ძე  მხეიძის მეუღლე[1] და ეკლესიის მშენებლობისთვის     შექმნილი საქველმოქმედო ფონდის აქტიური წევრი. წესის აგებას მთავარხუცეს არისტარხო კალანდარიშვილთან ერთად   ესწრებოდა ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე)[2].

რამდენიმე საპატიო პირისთვის  ახალსენაკის წმ. გიორგის ეკლესიაში  დეკანოზ არისტარხო კალანდარიშვილთან ერთად  წესი აუგიათ  ეპისკოპოსებს  – ალექსანდრეს (ოქროპირიძე), ლეონიდეს (ოქროპირიძე), მაგრამ  შემდეგ სხვა  ეკლესიების სასაფლაოებზე დაუკრძალავთ. აი, ისინი:


1. 1903 წ., ფარნაოზ დავითის ძე მხეიძე  სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, ამ  ეკლესიის აღმშენებელი კომისიის თავმჯდომარე. წესის აგებას  მთავარხუცეს არისტარხო კალანდარიშვილთან ერთად ესწრებოდა  ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე). დაკრძალულია ნატოჩაოს წმ. გიორგის ეკლესიის შემოგარენში[3]და როგორც ქვემოთ მოყვანილი განცხადებიდან ჩანს, წლისთავზე ძეგლიც დაუდგამთ[4].

                        

2. 1908 წ., რედუტ-კალეს მოქალაქე ივანე ანდრეის ძე ალანია  61 წლის, დაკრძალულია ნატოჩაოს წმ. გიორგის ეკლესიის შემოგარენში.  ახალსენაკის წმ. გიორგის ეკლესიაში წესის აგებას მთავარხუცეს არისტარხო   კალანდარიშვილთან ერთად  ესწრებოდა ეპისკოპოსი   ლეონიდე[5].



[1] მერი შარვაშიძის  ბიცოლა.                                                                                                                        [2] სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები  1215, ფ. 51.                                                                                    [3] სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 1184-1214ფ. 579.

[4] ,,ცნობის ფურცელი“, 2385, 1904.

 [5] სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 1184-1214ფ. 819.


3. 1912 წ., აგრაფინა იოსების ასული ხუნწარიასი  19 წლის. მეორე გილდიის  ვაჭრის,  ეკლესიის  მშენებლობისთვის   შექმნილი ფონდის შემომწირველის და მხარდამჭერის  ივანე მარკოზის ძე  ხუნწარიას   მეუღლე; დაკრძალულია ნატოჩაოს ეკლესიის სასაფლაოზე. ახალსენაკის წმ. გიორგის ეკლესიაში წესის აგებას  მთავარხუცეს არისტარხო  კალანდარიშვილთან ერთად ესწრებოდა  ეპისკოპოსი ლეონიდე[1].


4. 1914 წ., თავადი ნინო (პუპი) ბეჟანის ასული მხეიძე-მიქელაძისა დაბადებული 1840 წელსთავად  ბიქტორ კონსტანტინეს ძე   მიქელაძის (1835-1862 წწ.ქვრივი, 72 წლის; პამფილი (ხუტუნია) ვიქტორის ძე მიქელაძის დედა.  დაკრძალულია  ნატოჩაოს  წმ. გიორგის ეკლესიის შემოგარენში. ახალსენაკის წმ. გიორგის ეკლესიაში  წესის აგებას  მთავარხუცეს არისტარხო კალანდარიშვილთან ერთად   ესწრებოდა ეპისკოპოსი ლეონიდე[2].  


   5. 1915 წ., აფხაზეთის მთავრის შთამომავალი, გენერალ-მაიორი, დუმის სათათბიროს დეპუტატი, არაერთი ორდენის კავალერი, თავადი პროკოფი ლევანის (ბეგოს) ძე შარვაშიძე, გალაკტიონის მუზის  მერი შარვაშიძის მამა; ახალსენაკის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში  სენაკელი  საზოგადოების მიერ პატივის მიგებისა და გურია-სამეგრელოს  ეპისკოპოს   ლეონიდეს, არქიმანდრიტ არისტარხო კალანდარიშვილის და სენაკის სამღვდელოების  მიერ  წესის აგების შემდეგ, დაკრძალულ იქნა ნატოჩაოს წმ. გიორგის სახელობის  ეკლესიის გალავანში, თავის  ორი მცირეწლოვანი  ვაჟის გვერდით[3].



გენერალ-მაიორი პროკოფი შარვაშიძე


6. 1916 წ., თავადი პამფილი (ხუტუნია) ვიქტორის ძე მიქელაძე  დაბადებული 1864 წელსგარდაიცვალა 52 წლისაწმ. გიორგის ეკლესიის სასაფლაოსათვის მიწის შემომწირველი. დაკრძალულია   ნატოჩაოს წმ. გიორგის  ეკლესიის შემოგარენში.  წესის აგებას მთავარხუცეს არისტარხო კალანდარიშვილთან ერთად   ესწრებოდა  ეპისკოპოსი  ლეონიდე[4].



[1] სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 1184-1214. ფ. 1002.

[2] სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 1184-1214. ფ.1112.

[3] სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 1215. ფ. 48; 

სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 1184-1214. ფ. 144; სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 886-902. ფ. 36.

[4] სეა, ფონდი 489,  აღწერა 8, საქმეები 886-902, ფ. 106.


ეს  წარწერა გვამცნობს, რომ პირი დაიკრძალა ახალ-სენაკის წმ. გიორგის ეკლესიის სასაფლაოზე

        „ახალსენაკის წმ. გიორგის ეკლესიის  სასაფლაოს“ ტერიტორია, სადაც საეკლესიო არქივის მიხედვით 1916 წლის ნოემბრიდან დაუწყიათ წესაგებულ მიცვალებულთა დაკრძალვა, ჩვენი  ვარაუდით, საკალანდარიშვილოს სასაფლაოს  შეუერთეს. თუმცა ქალაქის ჩრდილოეთით კიდევ ერთი სასაფლაო გაჩნდა – ,,ძმათა სასაფლაო“, რაც  დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1919-1920 წლებში  სენაკელი გვარდიელების აქ დაკრძალვას უნდა უკავშირდებოდეს და სახელიც, შესაბამისად, გვარდიის სენაკის ბატალიონის აქ დაკრძალულ მებრძოლთა პატივსაცემად  ეწოდა. ამის დასტურად ვიშველიებთ გაზეთ „ერთობას“, რომლის  1920 წლის ივნისის 136-ე ნომრიდან ვიგებთ შემდეგს:

 

    „სამეგრელოს სახალხო გვარდიის საოლქო შტაბი  ამცნობს ყველას, რომ ქ. ახალსენაკის ძმათა სასაფლაოზე გადახდილი იქნება  სამოქალაქო პანაშვიდი გმირულად დაღუპული გვარდიის ოფიცრის გრიგოლ გუგუშვილისა და გვარდიელების  პლატონ ხუბუტიასა და ვალერიან გოგოლაძისა“.   ხოლო  იმავე გაზეთის უფრო ადრინდელ, 1920 წლის 120-ში  საინტერესოდაა აღწერილი ახალსენაკში ე. წ. თავისუფლების მოედანზე  გამართული საქართველოს დამოუკიდებლობის ორი წლისთავისადმი მიძღვნილი,  26 მაისს ჩატარებული საზეიმო მიტინგიდან  სენაკელთა მსვლელობა ძმათა სასაფლაოსკენ, დაღუპულ გვარდიელთათვის პატივის მისაგებად.

       დავუბრუნდეთ ისევ სენაკის ,,სობოროს“. ცნობილია,  რომ  1918-1923 წლებში ადგილობრივმა პარტიულმა ხელმძღვანელებმა (მაგ., სოფ. ხორში, ნოქალაქევი, სალხინო) გამოსცეს დადგენილება ძველ სასაფლაოებზე, ანუ ეკლესიის ეზოსა  და ტაძარში მიცვალებულთა დამარხვის აკრძალვის შესახებ და გამოყვეს სხვაგან ახალი ადგილები. ამიტომ ბევრმა  თავისი  მიცვალებულები გადაასვენა ახალ სასაფლაოზე.

        ზეპირი ინფორმაციით ცნობილია, რომ თავად ბესარიონ მხეიძის მეუღლე ანეტა წერეთელი შვილმა  ალექსანდრე მხეიძემ  გადაასვენა თეკლათის დედათა მონასტრის ეზოში, ხოლო 1917 წელს გარდაცვლილი მისი მამა - ბესარიონ გრიგოლის ძე, დაკრძალული უნდა იყოს  მხეიძეების საგვარეულო სასაფლაოზე (ახლანდელი საკალანდარიშვილოს სასაფლაო). ბესარიონის  ძმა, თავადი დიმიტრი  გრიგოლის ძე მხეიძე, როგორც ზევით ვთქვით, წმ. გიორგის ტაძარში იყო დაკრძალული. როგორც ჩანს, შემდეგ მისი ნეშტი გადაიტანეს მხეიძეების საგვარეულო სასაფლაოზე  და ამის ნიშნად გაკეთებულმა სტელამ დღემდე მოაღწია, ფარნაოზ დავითის ძე მხეიძის სტელასთან ერთად წარწერებით (იხ. ფოტოები). დიმიტრის მეუღლის  სალომე ბახვას ასული ჩიჩუას ნეშტი, ჩვენი ვარაუდით, საჩიჩუოში უნდა გადაესვენებინათ.


                    ფარნაოზ დავითის ძე მხეიძის სტელა           დიმიტრი  გრიგოლის ძე

                                                                                                         მხეიძის საფლავი

         რაც შეეხება აქამდე  გავრცელებულ ცნობას, რომ ახალსენაკის წმ. გიორგის ეკლესიასთან  დაკრძალული იყო  დიდი ქართველი მგოსნის – აკაკი წერეთლის უმცროსი დის – მავრას ქმარი, არასწორია. საარქივო დოკუმენტის მიხედვით, 42 წლის თავადი,  ,,პრაპორშიკი“, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაქვრივებული ალექსანდრე ვამეყის ძე დადიანი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, ოქუმთან ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი, 1877 წლის ივლისში  მშობლიურ  შხეფში, თავის სასახლეში გარდაიცვალა. წესი აუგო სამეგრელოს ეპისკოპოსმა და იმერეთის ვიკარმა ბესარიონმა (დადიანი) და დასაფლავებულია ძველი სენაკის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში[1].

          

  აკაკი წერეთლის სიძე – ალექსანდრე (ვამეხ)           აკაკი წერეთლის უმცროსი და მავრა (მატა)

             დადიანი (მავრა წერეთლის მეუღლე)                           წერეთელი-დადიანისა

                           (1835-1877 წწ.)                                                    (1833-1876 წწ)     

 


[1] სეა, ფონდი 489, აღწერა 8, საქმეები 1791-1819, ფ. 906.

                 გავიდა წლები, დადგა ცნობილი ბოლშევიკური ტერორის ხანაც. წითელი რევოლუცია ქვეყნის დამოუკიდებლობის მოსპობასთან ერთად, ერის სულიერებასაც ებრძოდა. 1923 წლიდან ანტირელიგიური კამპანია მთელს საქართველოში განსაკუთრებული აგრესიით  ინტელიგენციაზე, ღვთისმორწმუნე მრევლსა და ეკლესიებზე მოდიოდა. ერთ წელიწადში საკათალიკოსო საბჭოს მთელი შემადგენლობა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ხელმძღვანელობით დააპატიმრეს, სენაკის მაზრის 187 ეკლესია-მონასტრიდან 157 დახურეს, მათ შორის ახალსენაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიც, რომელიც სენაკელთა სალოცავი და სულიერი ზრდის კერა იყო.

       სენაკის მაზრიდან იტყობინებოდნენ, რომ თითქოს  ეკლესიის დახურვას წინ უსწრებდა  გრანდიოზული მიტინგები. დანიშნულ დღეს ამას სანახაობის სახე მისცეს: წითელი ტრანსპარანტებითა და ლოზუნგებით მორთულ სახელდახელო ტრიბუნაზე სიტყვით გამოდიოდნენ სამაზრო ხელმძღვანელები და კომკავშირლები. შემდეგ ხალხი „ვაშას“ ძახილით დაიძრა ეკლესიისკენ. სახურავიდან ჩამოხსნეს ჯვარი, ძირს ჩამოყარეს ზარები და ჯვართან, ხატებთან  და სხვა საეკლესიო ნივთებთან ერთად ჯერ ურმით ქალაქის ქუჩებში შემოატარეს და შემდეგ რკინიგზის სადგურის გადაღმა, ჭაობში მოისროლეს. ტაძრის გუმბათზე ჯვრის ნაცვლად ვარსკვლავი აღმართეს და შენობა სახალხო  სახლად გამოაცხადეს. თუმცა შემდეგ არც ეს იკმარეს და ტაძარი საძირკვლიანად მოთხარეს.  ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ანტირელიგიურ კამპანიას ისე წარმართავდნენ, თითქოს მოსახლეობის 99% მხარს უჭერდა მათ პოლიტიკას.

      სენაკის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე სამსონ მამულია დაუფარავი სიხარულით წერდა: ,,25 თებერვალი, საქართველოს გასაბჭოების ორი წლის თავი შესანიშნავი დღე იყო ეკლესიების გაუქმებით. ეკლესიები გაუქმდა ხორშში, სუჯუნაში, ნაესაკოვოში, ნახუნავოში, ნოქალაქევში, გეჯეთში და სხვა. ხალხი სახურავებიდან ყრიდა ჯვრებს. გარეთ ყრიდნენ ხატებს. სუჯუნაში სინაგოგაც გაუქმდა. ეკლესიები გადაკეთდა სკოლებად, კლუბებად, სახალხო სახლებად.

      27 თებერვალს შესდგა გრანდიოზული მიტინგი ქ. ახ. სენაკში პროფკავშირის წევრების, მოსწავლეთა და ქალაქის მცხოვრებლების მონაწილეობით. მიტინგმა, მხურვალე ტაშის ქვეშ დაადგინა: ახალ-სენაკის  ქალაქის ეკლესია გადაკეთებულ იქნეს  სახალხო სახლად. მიტინგის  დამთავრების დროს, ორატორის მოწოდებით: „წინ, ბასტილიისაკენ“, მრავალრიცხოვანი ხალხი „ვაშა“-ს ძახილით დაიძრა ეკლესიისკენ, სახურავიდან ჩამოხსნილ იქნა  ჯვარი, ხატები გამოტანილი ეზოში და გატარებული ქალაქის ბაღში და ქუჩებში...“[1]

 

                         ბოლშევიკების მიერ დანგრეული „სობოროს“ ქვებით აგებული კიბე სენაკში,

                                                                 დღევანდელი აგარაკის ქუჩაზე


[1] გაზ. ,,კომუნისტი“, 15 მარტი, 1923. 

      ტაძრების დანგრევას სასულიერო პირთა დატერორება მოჰყვა. მღვდლებს განცხადებებს თავისი ხელით აწერინებდნენ, ძალით ხდიდნენ ანაფორას და თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა, ან ჩუმად აგრძელებდა წირვა-ლოცვას, ფიზიკურად ანადგურებდნენ.  სენაკელთა მთავარხუცესი, ახალსენაკის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზი  მამა არისტარხო კალანდარიშვილი დაუმორჩილებელთა სიაში შეიყვანეს. ჯერ შვილი – იუნკერთა რიგებში მებრძოლი ნიკოლოზი შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის  ბრძოლას, ხოლო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის თავგადადებული  მამა არისტარხო 1924 წელს სენაკში აჯანყებულთა თანადგომისა და  მონაწილეობისათვის დახვრიტეს.

       „...განადგურდა ქალაქის უმშვენიერესი ეკლესია... სენაკის დიდებული ტაძრის თლილი, ქათქათა ქვები ქალაქის მუშა-ახალგაზრდობის სკოლის ასაგებად გამოიყენეს, დარჩენილი ქვები და ღორღი –  ქუჩების კეთილმოსაწყობად დაშალეს, დანგრეული ეკლესიის ადგილზე კი მწვანე-ცისფრად შეღებილი პირამიდული ფორმის კვარცხლბეკები ააგეს და ზედ „მსოფლიო პროლეტარიატის ბელადების“ – ლენინის, მარქსის, ენგელსისა და ტროცკის თეთრი, ქათქათა ბიუსტები დადგეს“[1].

       ასე მიწასთან გაასწორეს ეკლესიაში დაკრძალულ მიცვალებულთა საფლავებიც, მოისპო სენაკელთა უპირველესი სალოცავი და სულიერი და ზნეობრივი აღზრდის უმთავრესი კერა, რომელიც თხუთმეტი წლის განმავლობაში სენაკელთა მონდომებითა და მხოლოდ მათი შემოწირულობებით  შენდებოდა და ქალაქის სახეს და მშვენებას წარმოადგენდა.


ციცინო ყურაშვილი

ექიმი-სტომატოლოგი, საზოგადოებრივი გერთიანება ,,ჩვენი სენაკი"



[1] რ. გრიგოლავამოწამე მთავარხუცესი, დეკანოზი მამა არისტარხო (კალანდარიშვილი),გვ.191