Thursday, April 24, 2025

,,სენაკური სახლების“ არქიტექტურული პოეტიკა და მისი მნიშვნელობა ქალაქისთვის

ედიშერ ბაღათურია


რა არის Genius Loci და მისი მიმართება ,,სენაკურ აგურის სახლებთან“

Genius Loci არის ლათინური ტერმინი, რომლის ყველაზე ახლო ქართული შესატყვისია ,,ადგილის დედა“. ურბანულ კონტექსტში  ტერმინი გულისხმობს კონკრეტული გეოგრაფიული ლოკაციისთვის დამახასიათებელ უნიკალურ სულს, ხასიათსა და არსს - ე. ი. განმასხვავებელ თვისებებს, რომლებიც ამ ადგილს ანიჭებენ გარკვეულ ემოციურ განცდასა და იდენტობას. განსაკუთრებული Genius Loci-ის მატარებელი ქალაქები და მათი ურბანული გარემო ყველაზე მეტად გვამახსოვრდება და  შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე.

მსგავსი პატარა და დიდი ქალაქები, ან მიკრო ქალაქური ატმოსფეროები გვხდება საქართველოშიც, თუმცა მათი Genius Loci-ის ელემენტებს სწორი და ეფექტიანი ,,თარგმნა“ სჭირდება არქიტექტურისა და ქალაქგანვითარების თანამედროვე რეალობაში. 

სენაკი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დასახლებაა დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობისა და მაღლობის შესაყართან, ტეხურასა და ცივის შუამდინარეთში; მაგრამ საკმარისია ამ ქალაქის, განსაკუთრებით უნაგირას მთისკალთის სერპანტინებზე ყურადღებით გაისეირნო, რომ მხოლოდ აქაურ, სენაკურ, სხვა ქალაქებისგან განსხვავებულ ყოფის კულტურას აღმოაჩენ, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ წითელი აგურის სახლების ესთეტიკასა და მასთან დაკავშირებულ მწვანე ეზო-კარმიდამოების მოვლაში ვლინდება.

ხმელთაშუაზღვისპირეთის ,,ვაიბით“ გაჟღენთილი ,,სენაკური სახლი" გამსახურდიას ქუჩაზე:

                                                  

წითელი აგურის სახლების წარმოშობა და განვითარება სენაკში

წითელი აგურის სახლებს სენაკში მსგავსად ,,მესხური ერდოიან-გვირგვიანი“, ,,თბილისური აივნიანი“, ,,ქართული დარბაზული“ ან ,,კოლხური ოდა“ სახლებისა, მარტივად -  ,,სენაკურ სახლს“ ვუწოდებ. ცხადია, ეს სახლები გაცილებით ახალი მოვლენაა და კულტურული სიღრმითა და სირთულით ზემოთ ჩამოთვლილი ნიმუშების გვერდზე შესაძლოა ვერ დავაყენოთ, თუმცა  ცალსახად დამოუკიდებელი ფენომენია, რომელსაც მეტი შესწავლა და დაფასებაც სჭირდება.

,,სენაკური სახლების“ მშენებლობა გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება და განსაკუთრებით 60-70-იანი წლებიდან აქტიურდება, როდესაც ჩამოყალიბდა ქალაქ სენაკის დღევანდელი სახე და ადგილობრივი კოლორიტი. წითელი აგურის სახლების გავრცელება უკავშირდება სენაკთან ახლოს, მენჯში და უფრო მასშტაბურად სოფელ ნოსირში 1928 წელს აგურ-კრამიტის ქარხნის დაარსებას, რომელიც მსგავსი პროფილის პირველი საწარმო იყო დასავლეთ საქართველოში. აქვე უნდა ითქვას, რომ თავად აგურის სამშენებლო მასალად გამოყენებას უძველესი ტრადიციები აქვს სენაკში და მის შემოგარენში; დაწყებული უძველესი კოლხური ქვევრსამარხებიდან და გაგრძელებული IV საუკუნის ნოქალაქევის 40 მოწამეთა სახელობის, ადრეული შუა საუკუნეების საოდიშარიოს წმინდა სტეფანეს, შუა საუკუნეების კადარის, XVII საუკუნის ძველი სენაკის მაცხოვრის შობის, XX საუკუნის მენჯის მთავარანგელოზთა  ეკლესიები აგურითაა ნაგები.  იგივე მასალაა გამოყენებული XIX საუკუნის რკინიგზის ხიდების მშენებლობაში მენჯის ტერიტორიაზე და ასევე, გარკვეულ შენობა-ნაგებობებში იმდროინდელ ახალსენაკში. სამწუხაროა, რომ დღეს ნოსირის აგურ-კრამიტის ქარხანა მთლიანად განადგურებულია და აგურის წარმოება სენაკში არ არსებობს, მაშინ როდესაც ადგილზე დღესაც მაღალხარისხიანი სამშენებლო თიხის საკმაოდ დიდი რესურსია.

,,სენაკური აგურის სახლების“ განვითარებაში რამდენიმე პერიოდი შეიძლება გამოვყოთ: ადრეული - 60-იან წლებამდე, ძირითადი - 60-იანი და 70-იანი წლების სტილისტიკა და 80-იანი წლების შემდგომი - გვიანდელი. გადმოცემით, ,,სენაკური სახლის“ კლასიკური პროექტი, რომელიც ყველა სენაკელმა კარგად ვიცით, სენაკის - მაშინდელი ცხაკაიას მთავარი არქიტექტორების ვენედიქტე (ვენე) არჩაიასა და ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძის მიერ არის შემუშავებული. ეს გადმოცემა დასაზუსტებელია, თუმცა საგულისხმოა, რომ ორივენი ადგილობრივი სპეციალისტები იყვნენ: ვენე არჩაიას დიდი წვლილი მიუძღვის სენაკთან ახლოს, ცნობილი საბჭოთა კურორტის მენჯის დაპროექტებაში, ხოლო ხუტა გოგოლაძე სენაკის სახელოვანი დრამატული თეატრის პროექტის ავტორია.

აკ. ხორავას სახელობის სენაკის დრამატული თეატრი და კლასიკური ,,სენაკური სახლი" რუსთაველის ქუჩაზე:

 

ტრადიციული საცხოვრისის ტიპების განვითარება სენაკში

ცხადია, ,,სენაკური სახლი“ არ წარმოშობილა ,,ცარიელ ნიადაგზე“. აგურის სახლებამდე არსებობდა საცხოვრისების მთელი რიგი ტიპები, რომლებსაც ადგილობრივი უძველესი კოლხი და მეგრელი მოსახლეობა იყენებდა. აღარ ჩავუღრმავდებით სახელგანთქმული რომაელი არქიტექტორის ვიტრუვიუსის მიერ აღწერილ კოლხურ სახლის, ფაცხა-ჯარგვალისა და დიხაგუძუბაზე შემომდგარი ძელური საცხოვრისების აღწერას და ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ კოლხურ ოდა-სახლზე, რომელიც მეტისმეტად საინტერესო და ღრმა ხუროთმოძღვრული ფენომენია. ის საკმაოდ საფუძვლიანადაა შესწავლილი ვახტნაგ ბერიძის, ილია ადამიას, ლონგინოზ სუმბაძის, სამსონ ლეჟავასა და სხვა ხელოვნებათმცოდნეების მიერ. კოლხურ ოდა-სახლზე დაკვირვებით კარგად ჩანს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მამა-პაპათგან თუ მოგზაური ლაზი ოსტატებისა და რაჭველი ხითხუროების მეშვეობით, ოდითგანვე ჩამოუყალიბდათ საცხოვრებლის არქიტექტურის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. კოლხური ოდა-სახლი, ერთი მხრივ, უძველესი კოლხური კულტურის ფესვებზე მდგარი ღრმად ტრადიციული სტრუქტურა იყო, თუმცა ამავდროულად თანამედროვე არქიტექტურის ბევრი მიგნება წინასწარგანჭვრეტილია ოდა-სახლში.[1]

XX საუკუნის სენაკური აგურის სახლების ტრადიციის ღრმა საფუძველში სწორედ XIX საუკუნიდან განვითარებული კოლხური ოდა-სახლის შორეული გადაძახილი ჩანს და მისი ერთგვარი გათანამედროებული, ურბანული ინტერპრეტაცია. ბუნებრივია, ,,სენაკური სახლი“ არის უფრო დესაკრალიზებული, ნაკლებად ჰაეროვანი და აგურის ხისტი ორნამენტებით მორთული საცხოვრებელია, თუმცა თანაზიარობა იგრძნობა  მეორე სართულის სტრუქტურაში, ასევე ფასადის ზოგიერთ შემკულობაში, ეზოსთან, ბუნებასთან ღია დამოკიდებულებაში და ა.შ. 

განსაკუთრებით მეორე სართულის ოთახების სტრუქტურულ გადაწყვეტაში, წინა აივნის აღნაგობაში, რაც შუშაბანდიანი ოდა-სახლის აივნის ერთგვარი ტრანსფორმაციაა, ეზოსთან ღია დამოკიდებულებაში და ასევე, თავდაპირველი დაპროექტებით პირველი სართულის არასაცხოვრებელ სივრცედ გამოყენებაში, რაც როგორც სვეტები (ბოკონები) ოდა-სახლებში, სახლის ნესტიანი ნიადაგიდან მოწყვეტის ფუნქციას ასრულებდა.

პეტერბურგის ქუჩის ცისფერი სახლი, სადაც ნათლად იკითხება ურბანული ოდა-სახლიდან ,,სენაკურ სახლზე“ გარდამავალი ასოციაციები:

  

,,სენაკური სახლების“ გვერდით სენაკში დღემდე შემორჩა ქალაქური ტიპის ოდა-სახლებიც. ზოგიერთი მათგანი 100-ზე მეტი წლისაა. ამ სახლების ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩების შესართავთან, ჯორჯაძის ქუჩაზე, ქობალავას ქუჩაზე და სხვა. როგორც ცნობილი ფრანგი არქეოლოგისა და ეთნოგრაფის ბარონ დე ბაის ფოტოსურათებიდან ჩანს XX საუკუნის დასაწყისში კი სახლების აბსოლუტური უმეტესობა სენაკში ხის იყო და იქ ახლომდებარე სოფლებიდან ქალაქში ჩამოსული ,,ინიციატივიანი და ახალი სამეწარმეო ცხოვრებისადმი შთაგონებით შემყურე“ პირველი სენაკელები ცხოვრობდნენ.

ბარონ დე ბაის გადაღებული ოდა ახალსენაკში (1901 წ.) და ერთ-ერთი ძველი ოდა სენაკთან (2024 წ.)

      

იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდებოდა ქვის სახლებიც. მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ქვის სახლი სენაკში ეკუთვნოდა ვინმე აზნაურ ჭკადუას. სახლის პროექტი 1912 წელს შეუმუშავებია ძალიან გამოჩენილ არქიტექტორს მიხეილ ბუზოღლს (მამა), რომელსაც ასევე ეკუთვნის კინოსტუდიის შენობა თბილისში და სხვა. ამ სახლის მაგალითზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ რამხელა ყურადღებას აქცევნდენ სენაკში სახლების მშენებლობის ხელოვნებას.

ბუზოღლის მიერ დაპროექტებული სახლი სენაკში, 1912 წ. (ქუთაისის ეროვნული არქივი): 

       

ისტორიულ-კულტურული კონტექსტი და ლანდშაფტური გარემო, სადაც ,,სენაკური სახლი“ აღმოცენდა

,,სენაკური სახლი“ ჰარმონიულად შერწყმულია იმ ბუნებრივ-გეოგრაფიულ ლანდშაფტსა და ისტორიულ-კულტურული კონტექსტთან, რაც სენაკს ახლავს.

პირველ რიგში, დავიწყოთ არქიტექტურული გარემოთი. ,,სენაკური სახლის“ გარდა, ეკის მთის მხრებქვეშ მოქცეულ ამ ქალაქში არქიტექტურულად მომხიბლავი სხვა ნიმუშებიც გვხვდება. მაგალითად, იტალიელი არქიტექტორის პროექტით შექმნილი ქალაქის ერთ-ერთი ლენდმარკი[2] - მენჯის ტაძარი ,,მთავარნაგელოზთა კუნძულზე“, გამორჩეული საეკლესიო სტილისტიკის (არა კლასიკურად ქართული), მეორე სულიერი კერა - თეკლათის დედა მონასტერი. საკმაოდ ცნობილია ქალაქის არქიტექტურული გვირგვინის - დრამატული თეატრის არქიტექტურული მშვენიერება, ასევე ჩემი აზრით საქართველოში საუკეთესო რკინიგზის სადგურის შენობა სენაკში, სამხატვრო გალერეა, რკინიგზის საავადმყოფო, ,,ხსოვნის კუბი“ და სხვა, რაც ევროპული ხუროთმოძღვრების ნიმუშებია. საბჭოთა ამპირის, რომელიც თავის ფორმებში სისრულით ირთავს გვიანდელ კლასიციზმს, შესანიშნავი მაგალითები  გვხვდებოდა ქალაქიდან 3 კილომეტრში, კურორტ მენჯში (რომის პანთეონის გუმბათის მოტივებზე შექმნილი სააბაზანო კორპუსები და სანატორიუმები), რომლისგანაც დღეს, სამწუხაროდ, პრაქტიკულად არაფერი დარჩა. ევროპული სტილის შენობა-ნაგებობების გვერდით თვითმყოფადი, ადგილობრივი კულტურული შემოქმედების ,,სენაკური სახლი“ იმავე ურბანული ქსოვილის განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც ერთიანობაში სენაკს გამორჩეული Genius Loci-ის ქალაქად აქცევდა, რაც მხოლოდ არქიტექტურითაც არ შემოიფარგლებოდა. ცალკე უნდა ითქვას, ახლომდებარე ბუნების მშვენიერებაზე, მწვანე კოინდარებით დაფარულ კოლხეთის ველებზე, ტეხურას ზურმუხტისფერ კანიონებსა და კარსტული წარმონაქმნებით, ჩანჩქერებით, პანორამული ხედებითა და ხეობებით სავსე ამფითეატრული განლაგების ეკის მთაზე, რომელიც ადგილობრივების ესთეტიკისადმი სიყვარულს მუდმივად კვებავდა.

კურორტ მენჯის #4 სანატორიუმი და სააბაზანო კორპუსის გუმბათი დღეს:

 

სენაკისა და სამეგრელოში ეზოებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებებში შესაძლოა ანტიკური კოლხური (კოლხური სილამაზე) და გვიანდელი პერიოდის სამეგრელოს ისტორიული მეხსიერებიდან წამოსული გარკვეული შორეული ექო ამოვიცნოთ. ცხადია, ეზოების მოვლას სამეგრელოში ხელს უწყობს სუბტროპიკული კლიმატი და მცენარეთა მაღალი ვეგეტაცია, თუმცა შესაძლებელია ეს ასევე დაკავშირებული იყოს სამეგრელოს მთავრებში ფართოდ გავრცელებულ ბოტანიკური ბაღების გაშენების კულტურასთან, რომელიც შემდგომ შესაძლოა უბრალო მოსახლეობამაც შეითვისა. ცნობიალია, რომ დადიანებმა სპეციალურად იტალიიდან ჩამოიყვანეს მებაღეები და დეკორატორები  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გასაშენებლად, ასევე გორდში, სალხინოში და სხვაგან. აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის დასაწყისში სენაკში ცხოვრობდა ვინმე ინგლისელი გვარად რაისი, რომელსაც როგორც მოგზაურები აღნიშნავენ ცნობილი ბაღი ჰქონია ეგზოტიკური მცენარეულობით და ყვავილებით.[3]

,,სენაკური სახლების“ ზოგადი დახასიათება

სენაკური აგურის სახლები  განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის ჩრდილოეთით, ეკის მთის კალთებზე შეფენილ ქუჩებზე,- რომელთა გასწვრივაც ერთმანეთის გვერდით მიჯრით მიწყობილი ეს ლამაზი და კოპწია სახლები სახასიათო მიკრო უბნებს ქმნის. კლასიკური სენაკური სახლისთვის დამახასიათებელია ორ სართულიანი გეგმარება ფასადის თავისებური დეკორითა და ორნამენტებით, - პირველ სართულზე ღია შეწეული, ხოლო მეორე სართულზე დახურული აივნითა და სამუჯრედიანი ძირითადად ხუთი ფანჯრით. ფანჯრებისა და კარებისთვისაც ხშირად დამახასიათებელია თავისებური ფორმები და გაფორმება (არ დაგვავიწყდეს არქიტექტურა დეტალებშია!).

სახლის I სართული საგრძნობლად დაბალია მეორესთან შედარებით, რაც გამოწვეულია მისი თავდაპირველი არასაცხოვრებელი დანიშნულებით. კოლხეთის დაბლობზე არსებული ტენიანობის გათვალისწინებით, საწყისი სართული მხოლოდ სათავსოებისთვის, სველი წერტილებისთვის და დამხმარე სივრცეებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად აგური ნესტის მიმართ საკმაოდ მდგრადია, ვიდრე დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში გავრცელებული სამშენებლო ბლოკი.

სახლის გვერდითი კედლები და ფასადი ხშირად გამშვენებული იყო ასევე ადგილობრივად წარმოებული კირქვის ჩანართებით, აგურის ლავგარდანით, მომცრო ფასადური აივნებით. სახლებისთვის ხშირად ასევე დამახასიათებელი იყო ფანჯრებსშორისი სანათი და მეორე სართულის კარიდან ჩამომავალი გარეთა კიბე, - მეტალის მოჯირეების სახასიათო გაფორმებითა და ვიზუალით.

,,სენაკური სახლები“ ქალაქის სხვადასხვა ქუჩა-უბნებში:

 

გადმოცემით, სართულების სიმაღლეებს, სახლების ზომა და ძირითადი პარამეტრები მკაცრად რეგულირდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. მიუხედავად სისტემის მიერ დაწესებული მკაცრი სტანდარტებისა, ადგილობრივებმა მაინც მოახერხეს თავიანთი სახლებისთვის თავისებური ინდივიდუალური ხასიათი მიეცათ, სწორედ ამიტომ სენაკური აგურის სახლები უფრო არის ერთდროულად ტიპიური და ამავე დროს მრავალფეროვანი თავისუფალი ინტერპრეტაციებით,- ზუსტად ის რასაც  არქიტექტურაში ეძახიან ორგანიზებულ კომპლექსურობას. სახლების მსგავსი ,,კომპლექსური ერთიანობა“ საქართველოში ასევე დამახასიათებელია ძველი თბილისისთვის, თელავისთვის, მცხეთისთვის, სიღნაღისთვის და სხვა, თუმცა ყველა ამ შემთხვევაში სახლებს ხელისუფლების მხრიდან რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია ჩაუტარდათ, რამაც გავლენა მოახდინა ადგილობრივ ავთენტურ ატმოსფეროზე.[4]

,,სენაკური სახლების“ ორგანული ნაწილია პატარა და კოხტა ეზო, რომელსაც მასპინძლის განსაკუთრებული მზრუნველობის ხელი ატყვია. სამეგრელოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით სენაკური ეზოები გაცილებით პატარაა, სახლები უფრო ახლოს დგანან ერთამენთთან და ჭიშკართანაც. ეს მახასიათებლები და ასევე ის, რომ სენაკურ სახლებში თითქმის ვერ შეხვდებით გვიმწამოდგმულ ჭებს, ,,სენაკურ სახლებს“ მეტ სიმყუდროვესა და ქალაქურ იერს ანიჭებს, ვიდრე სამეგრელოს სხვა ქალაქებში. ეზოების აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს წინ ციტრუსების, განსაკუთრებით მანდარინის მარადმწვანე ნარგავები. ეს ყოველივე ხშირ შემთხვევაში კოლხური დაფნის ცოცხალ ღობესთან ერთად ეზოს მწვანეში აფლობს და მის ერთიან სულისკვეთებას განმსჭვალავს, რომლის ფონზე აგურის სახლები  განსაკუთრებით ქარიზმატულად გამოიყურება (თავად  მანდარინის ფერიც კი მოხდენილად და ორგანულად ესიტყვება ამავე ფასადს).[5] ზოგადად მეგრელებისთვის ეზო პრაქტიკულად სახლის გაგრძელებაა და მას ძლიერი მხატვრულ-ესთეტიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვა გააჩნია ისევე, როგორც ვთქვათ, იაპონურ ტრადიციულ კულტურაში.

არსებობს ნივთებიც რომლებიც ,,სენაკური სახლის“ ინტერიერის ხშირი და განუყოფელი ნაწილია. ერთ-ერთი მაგალითად არის  ადგილობრივ ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკაში მოქსოვილი ნოხები და კედლის ხალიჩა ,,ღვთისმშობელი ყრმით“, რაც სენაკური იდენტობის ნამდვილი სურათ-ხატია. ამავე წიაღის ნაწილია გულთბილი დიასახლისის მიერ მომზადებული გამორჩეული მეგრული კერძები და ადგილობრივი მეგრულ-ქართული დიალოგები.

,,სენაკური სახლები“ გამოწვევების წინაშე

,,სენაკური სახლი“ მაინც გასული საუკუნის მოვლენაა. ეპოქების ცვლილებამ, პოსტსაბჭოთა ტრანზიციამ და თანამედროვე გლობალიზაციამ ისევე როგორც სხვაგან, სენაკური სახლიც მნიშვნელოვანი ცვლილებების პირისპირ დააყენა. დღეს ქალაქის არქიტექტურის ამ გამორჩეული სტილის ავთენტურობის შენარჩუნება დიდი გამოწვევების წინაშე დგას.  ,,სენაკური სახლებზე“ განსაკუთრებით მძიმე კვალი 90-იანი წლების მოვლენებმა და სამოქალაქო ომმა დაამჩნია, რომლის ერთ-ერთი მძლავრი კერა სწორედ სენაკი გახლდათ. სახლების მოვლა-პატრონობას ხელს უშლის არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები, ასევე, მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, რომლითაც სენაკი ლიდერობს რეგიონში.

ცხადია, ზოგიერთი ჩამოთვლილი პროცესი ბუნებრივია და მას ვერ გავექცევით, თუმცა შესაძლებელია ამ სახლების კულტურული ღირებულების უფრო მეტად გააზრება და თანამედროვე რეალიებზე გაცნობიერებულად მორგება. ,,სენაკური აგურის სახლების“ ერთიანი კომპოზიციაა ბევრ ქუჩაზე დაირღვა ხშირ შემთხვევაში იერსახეზე ძალიან უხეში ჩარევებით, ე.წ. ,,გათანმედროვების“ მცდელობებით, უსახური მინაშენებით და სხვა. ამ მხრივ ხაზგასასმელია ქალაქის ცენტრალური ქუჩები, სადაც კერძო სახლები გამოყენებულია კომერციული დანიშნულებით და მათ პრაქტიკულად დაკარგული აქვთ პირვანდელი თვალმისავალობა. ამის მიუხედავად, გვაქვს რამდენიმე კარგი მაგალითიც, როდესაც პასუხისმგებლიანმა მეპატრონემ ისე განაახლა სახლი, რომ  მას თავისი უნიკალური პეწი და მომხიბვლელობა შეუნარჩუნა. გვაქვს კიდევ უფრო კარგი მაგალითებიც, როდესაც ადამიანები ახალი სახლების მშენებლობაში შეგნებულად იყენებენ აგურს, რათა მაქსიალურად შენარჩუნდეს ტრადიციული წითელი აგურის მემკვიდრეობა სენაკში.

მოხდენილად განახლებული ,,სენაკური სახლები“:

   

რატომ უნდა შევინარჩუნოთ ,,სენაკური სახლების“ მემკვიდრეობა?

ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი, რომ ,,სენაკური სახლი“ - ადგილობრივი არქიტექტურული მემკვიდრეობის საგულისხმო მონაპოვარი შენარჩუნდეს და იდეალურ შემთხვევაში, კიდევ უფრო განვითარდეს. ამ მხრივ თუნდაც ევროპის პატარა ქალაქების მაგალითები გამოგვადგება, სადაც ადგილობრივ თვითმყოფად კულტურას განსაკუთრებით უფრთხილდებიან. გარდა იმისა, რომ ასე გადავარჩენთ ადგილობრივ საცხოვრისებში და ყოფის კულტურაში გამოხატულ სენაკის Genius Loci-ს, ეს მნიშვნელოვანია სუფთა პრაგმატული, კონკრეტული მიზეზებითაც:

1.      ,,სენაკური სახლები“ ქმნიან სენაკის ადგილობრივი არქიტექტურის ერთგვარ ხაზს. შესაბამისად, ეს სტილი და თავად სამშენებლო მასალა შესაძლოა გახდეს ქალაქის მომავალი ურბანული და სივრცით-კომპოზიციური განვითარების კონცეფციის მნიშვნელოვანი მდგენელი; აღსანიშნავია, რომ საკუთრივ საცხოვრებელი სახლების გარდა, აგურით არის ნაშენი სენაკში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების უმეტესობა და ასევე, გარედან ბეტონით შელესილი საზოგადოებრივი მომსახურეობის ობიექტები. ცალკეული მშენებლობებისთვის აგურის ელემენტები შესაძლოა გახდეს დიზაინის ინსპირაციის მძლავრი წყარო. ახალი ნაგებობები სენაკში აუცილებლად უფრო მეტად უნდა შესატყვისებოდეს ლოკალურ არქიტექტურულ გარემოს, რაც ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ აგურის თვითმყოფად ხაზს კიდევ უფრო გამოკვეთს. ეს თავისუფლად შესაძლოა ასახულიყო ბოლო წლებში სენაკში აშენებულ ორ მთავარ პროექტში - იუსტიციის სახლისა და ტექნო-პარკის დიზაინშიც (ფასადის რეკონსტრუქციისას შესაძლებელია ამის გათვალისწინება); ამ მხრივ საგულისხმოა რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე, ყოფილი უნივერმაღის ადგილას (დღეს სუპერმარკეტი ,,ზღაპარი“),  კერძო მესაკუთრის მიერ, უკანასკნელ პერიოდში აგებული შენობა, სადაც კარგად იკითხება ქალაქის აგურის მემკვიდრეობის გათვალისწინება;

2009 წელს აგებული შენობა რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე და  ელიავას ქუჩა სენაკში:

   

2.      ,,სენაკური სახლები“ სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად შესაძლოა გახდეს ქალაქის ტურისტული და კულტურული სივრცეების მნიშვნელოვანი ნაწილი;

3.      ,,სენაკური სახლები“ შესაძლოა გახდეს ქალაქის ბრენდინგის, იმიჯინირინგის[6] და მარკეტინგის მნიშვნელოვანი რესურსი.[7] აღსანიშნავია, რომ ქალაქის ზოგადი პოზიტიური იმიჯი და აღქმადობა პერსპექტივაში მოსახლეობის შენარჩუნების,  ზრდისა და ადგილზე ეკონომიკური აქტივობების (მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის) გაძლიერების წინაპირობაც შესაძლოა გახდეს;

4.      სახლებსა და ქალაქში, სადაც უფრთხილდებიან, ზრუნავენ და ავითარებენ მემკვიდრეობას ცხოვრება არის უფრო საინტერესო, მიმზიდველი და საამაყო; ურბან-ფსიქოლოგიიდან ცნობილია, რომ არქიტექტურული გარემო პირდაპირ მოქმედებს ადამიანების ხასიათის განვითარებასა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობზე (,,არქიტექტურას ვქმნით ჩვენ და შემდეგ ისინი გვქმნიან ჩვენ“).

ამისთვის საჭიროა ადგილობრივ მოსახლეობაზე მეტად ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაიაზროს და გააცნობიეროს ,,სენაკური სახლების“ მნიშვნელობა ქალაქისთვის. კონცეპტუალურად, კომპლექსური შინაარსითა და სამოქმედო სტრატეგიებზე დაყრდნობით მიუდგნენ ქალაქის განვითარებას და არა ხედვის გარეშე, უსისტემოდ და არაორგანიზებულად, განსაკუთრებით ახალ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირები. ასევე კარგი იქნებოდა ადგილობრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ისეთი აქტივობების დანერგვა, რაც წახალისებდა სამშენებლო ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას, საცხოვრებელი გარემოს მიმართ პასუხისმგებლობას, გარემოზე ზრუნვას, სისუფთავეს, ეკოლოგიას და ა.შ. მაგალითად, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან სენაკში მასიურად ტარდებოდა კონკურსები ყველაზე ლამაზი სახლისა და ეზოს გამოსავლენად. ამ კონკურსებში იმარჯვებდნენ ადგილობრივები, რომლებიც შემდეგ უფრო მონდომებით ცდილობდნენ გარემოზე ზრუნვას. მათ შესახებ სპეციალურად ეძღვნებოდათ სტატიები რაიონის მთავარ საინფორმაციო გაზეთ ,,კოლხეთში“.

 კონკურსი საუკეთესო ,,სენაკური სახლის“ გამოსავლენად და

,,ჩვენი სენაკის“ მიერ შექმნილი სტრიტ-არტი თეატრალურ მოედანზე:

   

,,სენაკური სახლების“ გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის საინფორმაციო-ვიზუალურ პროდუქტებში - ბროშურებში, გამოცემებში, ბილბორდებზე, სარეკლამო მასალებში და სხვა. შესაძლებელია საგანგებოდ ამ სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა, მათთვის გარკვეული დაცვითი სტატუსის მინიჭებაც და ა.შ.

საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ჩვენი სენაკის“ მიერ  საკმაოდ მოცულობითი კედლის მხატვრობა სენაკის მთავარ მოედანზე სწორედ ქალაქის მემკვიდრეობაზე ზრუნვის სულისკვეთებით შეიქმნა (ფოტო ზემოთ). მთელ კედელზე გამოსახულია ამ პატარა ქალაქის სასურველი მომავლის ერთგვარი სახე, სადაც წითელ აგურის სახლებში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთის მიმართ გამორჩეულად ურთიერთსოლიდარულები არიან და ამასთან, დაკავებული არიან საკუთარ პირველად გამოზე ზრუნვით. 

,,სენაკური აგურის“ სახლის ელემენტებია გამოყენებული საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ჩვენი სენაკის“ ლოგოზეც. ურთიერთშეკავშირებული რვა აგური საზოგადოებრივი გაერთიანების დამფუძნებელ წევრებს გამოხატავს და თითოეული ჩვენგანის მიერ სენაკისთვის ,,საკუთარი წილი აგურის დადების“ სიმბოლოა. საფუძველში კი მოიაზრებს ამ ქალაქის მშენებლობისა და განვითარების მთავარ ქვაკუთხედს - წითელ აგურს!

 

ურბანისტი ედიშერ ბაღათურია



[1] კოლხური ოდა-სახლის ფენომენზე ვრცლად იხილეთ ხელოვნებათმცოდნე სამსონ ლეჟავას მოხსენება: https://www.youtube.com/watch?v=B3vMD0nVHiM&t=564s

[2] სავიზიტო ბარათი

[3] ,,სამეგრელო ბრიტანულ არქივებსა და ხელნაწერებში“, გვ. 152

[4] მსოფლიოში მსგავსი დასახლებების ყველაზე ცნობილი მაგალითებია ალბერობელო იტალიაში, სანტრონინის ლურჯი სახურავები საბერძნეთში და სხვა

[5] თემატურად გთავაზობთ ნაწყვეტს ადგილობრივი პოეტის ა. შენგელიას ლექსიდან ,,აგური“: ,,ქუჩას ყაყაჩოს ფერი დაშვენდა, და მეც სხვა ფერი არ მინატრია; ეს რა ლამაზი სახლი აშენდა, ყაყაჩოსფერად როგორ ანთია!“

[6] ქალაქის ხელისუფლების მიერ სიმბოლური რესურსებით მიზანდასახული მანიპულირება

[7] სხვათა შორის, 2024 წელს სენაკზე გადაღებულ მუსიკალურ კლიპში, რომელიც დღეს უკვე არავის ახსოვს, ალბათ ერთადერთი საინტერესო მიგნება იყო სათაური ,,გულისფერი ქალაქი“. ეს სლოგანი ერთი მხრივ, მიანიშნებს ქალაქის სიყვარულზე (ფართოდ გავრცელებული I NY-ის ანალოგიით) და მეორე მხრივ, წითელი აგურის (გულისფერ) ქალაქზე


No comments:

Post a Comment