Monday, June 2, 2025

სენაკში ეკონომიკის განვითარების ზოგადი ხედვა-სტრატეგია: სოფლის მეურნეობა, სამშენებელო ინდუსტრია, ტურიზმი




90-იანი წლების შემდგომ, საქართველოს პატარა ქალაქები მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ძველისგან განსხვავებულმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურ-კულტურულმა გარემომ ახლებურად გაანაწილა ამ ქალაქების ეკონომიკური როლები და ფუნქციები, ზოგს კი საერთოდ ჩამოართვა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე რეგიონული ქალაქების უმეტესობა უპერსპექტივო გახდა, - ადამიანები ვერ უკავშირებენ აქაურობას საკუთარ მომავალს და ყველა, ვისაც ამბიცია და საშუალება აქვს, გარბის.

ერთ-ერთი ასეთი ქართული ქალაქია - სენაკი, რომელსაც ძალიან გაუჭირდა ახალ რეალობაში თავის დამკვიდრება. სამოქალაქო ომის და აფხაზეთის მიმართულებით გზების ჩაკეტვის შედეგად სამეგრელოს რეგიონი და მათ შორის სენაკი ჩიხში აღმოჩნდა; თავისუფალი ბაზრის კონკურენციის, ნედლეულისა და გასაღების ბაზრის დაკარგვის გამო, ყოფილი ცხაკაიას რაიონის მამოძრავებელი ეკონომიკური ცენტრები უფუნქციო ,,ბრაუნფილდებად“ იქცა; ქალაქს დაემატა ათასობით იძულებით გადაადგულებული პირი, ხოლო ადგილობრივების დიდმა ნაწილმა ქალაქი დატოვა; მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ქალაქის ურბანული პოლიტიკა, ქალაქური გარემო. ქალაქმა დაკარგა გამორჩეული კულტურული იდენტობა და ხიბლი, რომელითაც სენაკი ყოველთვის ამაყობდა.

აღნიშნული პროცესები შესაბამისად აისახა მუნიციპალიტეტისა და ქალაქ სენაკის მოსახლეობაზე: 90-იანი წლებიდან მოყოლებული სენაკის მოსახლეობა 40%-ით არის შემცირებული,- რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია ქვეყანაში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყველაზე მაღალი; მიგრირებულ მოსახლეობაში განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდების (40%) და ქალაქში მაცხოვრებლების წილი; თუ ქ. სენაკი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოს ათეულში შედიოდა, 2025 წლისთვის 22-ე ადგილზე გადაინაცვლა და სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენცია ისევ გრძელდება.

მოსახლეობას გადინებას ხელს უწყობს ადგილზე სამუშაო ადგილების ნაკლებობა და უპერსპექტივობა. თუ ადრე სამუშაო ადგილების 70% შექმნილი იყო საწარმოებში, საიდანაც დღეს არცერთი ფუნქციონირებს, დღეს მუნიციპალიტეტში აქტიური მოსახლეობის 70%-ს თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, რომელთა შემოსავალიც არასტაბილურია სეზონურობის გამო; შესაძლებელია სენაკში და საქართველოს მსგავს მუნიციპალიტეტებში არსებული მსგავსი მძიმე ეკონომიკური მოცემულობიდან გამოსავალი მოინახოს არსებული პოლიტიკების/ხედვების გაგრძელებით და მისი ფუნდამენტური გადააზრების გარეშე?!


რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხედვა

სენაკისა და სხვა მსგავსი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება მთლიანად მიბმულია ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მოწყობასა და არსებულ მიდგომებზე. სახელმწიფო დონეზე თავიდან არის გასააზრებელი რეგიონული განვითარების პოლიტიკა, შესამუშავებელია ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგიული ხედვა. უნდა არსებობდეს გეგმა, რომელიც დაარეგულირებს საქართველოს რეგიონებისა და რეგიონული ცენტრების განვითარებას, პატარა და საშუალო სიდიდის ქალაქების როლს მთლიანი სივრცითი მოწყობის სისტემაში, მათ ეკონომიკურ განვითარებას, ურთიერთკავშირებს, პრიორიტეტულ მიმართულებებს და ა.შ. ახალი გეგმის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს სისტემურად, ერთიანად და ახალი კონტექსტების გააზრებით. ფორმალურად დღესაც არსებობს მსგავსი დოკუმენტები, მაგრამ ისინი ვერ ასახავენ და პასუხობენ რეალურ გამოწვევებს, ამიტომ მათ არავინ იყენებს. ამ მიმართულების იშვიათი სპეციალისტები კი პროცესებს ხშირად ჩამოშორებულნი არიან.

  ჩაის ფაბრიკა სოფელ ფოცხოში

შემდგომ შესაძლებელია მომზადდეს უშუალოდ სენაკის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების დეტალური სამოქმედო გეგმა, რაც მორგებული იქნება ერთი მხრივ ზოგადად ქვეყნის, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონული - კოლხეთის ბარის ეკონომიკური კლასტერის განვითარების ხედვასთან.

ადგილობრივ პროფესიონალებთან შეთანხმებით თითოეულ რეგიონში უნდა გამოიყოს პრიორიტეტული მიმართულებები, რაც მუნიციპალიტეტების განვითარებას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და შეამცირებს მიგრაციიის საგანგაშო მაჩვენებელს. მიმართულებების მიხედვით შესაძლებელია მომზადდეს სახელმწიფო შეღავათები და საინვესტიციო პაკეტები პროცესში ემიგრაციაში მყოფი ადგილობრივი ბიზნესმენების მონაწილეობით; განსახილველია სახელმწიფოს მიერ ადრე გასხვისებული ზოგიერთი ტერიტორიის რე-ნაციონალიზაციის საკითხიც, რაც გულისხმობს უწინ პრივატიზებული საწარმოების სახელმწიფო ხაზინის საკუთრებაში დაბრუნებას (მაგალითისთვის, დღეს ასეთი პროცესი დაწყებულია დიდ ბრიტანეთში), პარალელურად კი სახელმწმიფო საკუთრებაში არსებული ზოგიერთი საწარმოო ტერიტორიის პრივატიზაცია ეკონომიკური პროფილის შენარჩუნებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით.



სენაკში ეკონომიკის განვითარებას პრიორიტეტული მიმართულებები:

სატრანსპორტო-სასაწყობე ჰაბი 

გამომდინარე იქიდან, რომ სენაკი კოლხეთის ბარის ეკონომიკური კლასტერის გეოგრაფიულ ცენტრს წარმოადგენს, სენაკში ერთ-ერთი შესაძლებლობაა განვითარდეს სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობები, რომელ უპირატესობასაც დღეს სენაკი პრაქტიკულად ვერ იყენებს. სატრანსპორტო-სასაწყობე ჰაბის სენაკში ჩამოყალიბებას ხელს უწყობს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ქვეყნის მთავარი საავტომობილო მაგისტრალი, რომელიც დაკავშირებულია ფოთი-ბათუმი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან - მარტვილისა და ჩხოროწყუს მიმართულებით. თბილისი-ენგური ჩქაროსნული საავტომობლო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი აჩენს პერსპექტივას სენაკი დაუკავშირდეს გურიის ეკონომიკურ რეგიონს სამხრეთით ქ. ლანჩხუთისკენ. სენაკი ასევე მდებარეობს ფოთისა და ანაკლიის პორტებთან უშუალო სიახლოვეს, მხოლოდ 35 კილომეტრითაა დაშორებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და წარმოადგენს რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძს. ეს ყოველივე განაპირობებს პერსპექტივაში სენაკში სატვირთო აეროპორტის მშენებლობის შესაძლებლობასაც. 


სოფლის მეურნეობა და აგრომრეწველობა

სოფლის მეურნეობა სენაკის მუნიციპალიტეტის  შრომისუნარიანი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც თვითდასაქმებულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მიუხედავად ამ კუთხით გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, სოფლის მეურნეობა მაინც არ არის სათანადოდ მოდერნიზებული და ძირითადად, არა ბაზარზე, არამედ შინამეურნეობის დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. გამონაკლისია თხილის, დაფნისა და მოცვის წარმოება, რომელიც თითქმის მთლიანად ექსპორტზეა გათვლილი. გარდა ამ კულტურებისა, სენაკში დიდი ტრადციები გააჩნია ჩაისა და ციტრუსების (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი) მოყვანასა და სანერგე მეურნეობების განვითარებას. შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის, რაც ადგილობრივი რესურსის მნიშვნელოვან ნაწილს მოიხმარს. 

თერმული წყლის მდიდარი რესურსებიდან გამომდინარე სენაკში შესაძლებელია სასათბურე მეურნეობების შექმნა, თუმცა არც ამ რესურსის გამოყენება ხდება სათანადოდ. ინვესტორისთვის მიმზიდველი შესაძლებლობაა ხორშში ეთერზეთების გადამამუშავებელი საწარმოს აღდგენაც.

რაც შეეხება მეცხოველეობას, ის სენაკის სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქციის სტრუქტურაში დღეს 35%-ით არის წარმოდგენილი. ამ სფეროს  ხელშეწყობის მიზნით მიზანშეწონილია ისეთი სერვისების არსებობა ადგილობრივ დონეზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივებს განავითარონ შიდა მეურნეობები. პირველ რიგში, მიზანშეწონილია იმ მიმართულებების მხარდაჭერა, რისი დიდი ტრადიციებიც არსებობდა ადგილზე, მაგალითად, ყველ-კარაქისა და რძის პროექტების წარმოება ახალსოფელში, თეკლათსა და ჭალადიდში; მეფუტკრეობის მხარდაჭერა მაღალი ზონის სოფლებში; თევზსარეწი მეურნეობების ნოქალაქევსა და გეჯეთში; მეფრინველეობისა და მეღორეობის მცირე ფერმების სოფელ მენჯში, ძველ სენაკსა და ნოსირში.

ცენტრალიზებულ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში შესაძლებელია სპეციალური შეღავათების შეთავაზება ,,ჯერ ქართულის“ პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს კვალიფიკაციისა ან სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქისა და ქართული პროდუქციისთვის უპირატესობის მინიჭებას.

სენაკში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელია განადგურებული ქარსაცავი ზოლების აღდგენა ეკის მთასა და სამელიორაციო სამუშაოების გაგარძელება კოლხეთის დაბლობზე. აქტიურად უნდა განვითარდეს აგროტურიზმი, რაც დამატებითი ხელშემწყობი  პირობა იქნება სოფლის მეურნეობის სტიმულირებისთვის. ამავდროულად ფერმერების ცნობიერება გაზრდა დანერგილ ახალ ტექნოლოგიებზე, წარმატებულ პრაქტიკებსა  და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ (DCFTA). 


სამშენებლო წარმოების ინდუსტრია

სენაკში სამშენელო წარმოებას დიდი ხნის ისტორია გააჩნიათ. 20-იან წლებში აშენებული აგურ-კრამიტის ქარხანა ერთ-ერთი პირველი სამშენებლო საწარმო იყო დასავლეთ საქართველოში, ხოლო ყოფილ ცხაკაიას რაიონში მოქმედი სამშენებლო ტრესტები ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეგიონში. ამასთან სენაკში არსებობს სამშენებლო მასალების ძლიერი რესურსი და პოტენციალი, როგორიცაა: სხვადასხვა ტიპის თიხა, კირი, ხრეში, ქვიშა, კირქვა. სოფელ ნოსირის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია სამშენებლო აგურის წარმოებისათვის საუკეთესო ხარისხის ნედლეული, რომლის მარაგი შეადგენს 30 წელს და შესაძლებელს ხდის აგურის წარმოების სრული ციკლის უზრუნველყოფას. სოფელ ეკის ტერიტორიაზეა შენობა-ნაგებობების მოსაპირკეთებლად გამოსაყენებელი მაღალი ხარისხის სამშენებლო ქვა და ა.შ. 


ნოსირის რკინაბეტონის კონსტრუქციების კომბინატი და საკირეს კირსაწვავი

არსებული ტრადიციებისა და როგორც ადამიანური, ასევე ბუნებრივი კაპიტალის გათვალისწინებით მოხდება სენაკში სამშენებლო მიმართულებით ინვესტირების ხელშეწყობა. უარი უნდა ითქვას კარიერების დამუშავების მოძველებულ  მეთოდებზე და დამკვიდრდეს თანამედროვე, ,,ევრო 4“ სტანდარტები, რაც მაქსიმალურად დაიცავს გარემოს დაზიანებისგან და შეინარჩუნებს ეკოლოგიურ სიჯანსაღეს. აგურქარხნის აღდგენა არამხოლოდ დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის, არამედ ქალაქს დაუბრუნებს აგურის წარმოებისა და მისი სამშენებლო მასალად გამოყენების უძველეს ტრადიციას, რაც სენაკის არქიტექტურული თვითმყოფადობისა და კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა.

ტურიზმი

სენაკს ქვეყნის ტურისტულ რუკაზე  ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლოკაციად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა როგორც ბუნების, ასევე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლებით. მიუხედავად ამისა, დღეს სენაკის მთავარი ტურისტული წერტილის - ნოქალაქევის ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს, მუნიციპალიტეტში თითქმის არ ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა და შედეგად, პრაქტიკულად არარეალიზებულია ადგილობრივი ტურისტული პოტენციალი.

აქ შესაძლებელია განვითარდეს მრავალფეროვანი სახის ტურიზმი - როგორც ისტორიული, კულტურული, შემეცნებითი, პილიგრიმული, აგრო, გასტრონომიული, ასევე სათავგადასავლო, ექსტრემალური, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, საცხენოსნო, რეკრეაციული და სხვა. ვფიქრობთ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამკურნალო-გამაჯანსაღებელ იგივე ველნეს მიმართულებას, რომლის დიდი პოტენციალია ადგილზე.

კურორტ მენჯის ,,ძველი დიდების" სვეტები

სამწუხაროდ, უკვე ყველა სენაკელს მობეზრდა კურორტ მენჯის აღორძინების უიმედო დაპირებები, რომელის ბალნეოლოგიური ინფრასტრუქტურა დღეს სრულიად მოშლილია. მიუხედავად ამისა, უფროსი თაობის სენაკელებს კარგად ახსოვთ სამედიცინო ტურიზმის დიდი ტრადიციები მენჯში და ასევე, ნოქალაქევის სააბაზანო კორპუსები. მათ გარდა არსებობს თერმული და მინერალური წყლების მარაგი ახალსოფელში, ზანაში, ლეძაძამესა და თეკლათში. ველნეს-ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს ახლომდებარე მთის გავლენა და კლიმატური პირობები (ჰაერის აბაზანები), ხანგრძლივი მზიანობა (მზის აბაზანები), უნაგირას მთის კარსტული მღვიმეები (სპელეოთერაპია), საცხენოსნო ტრადიციები (იპოთერაპია) და ა.შ. ადგილობრივი ნატურალური პროდუქცია ეკო მეურნეობების, ეკო-სათბურების, ადგილობრივი ფერმების და სამომავლო პერსპექტივაში ეთერზეთების წარმოების ჩათვლით დამატებით ხელსაყრელ პირობებს იძლევა ამისთვის.

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის ცენტრალურ ლოკაციად უნდა იქცეს მდინარე ტეხურის ხეობა ნოქალაქევსა და ბეთლემში, რომელსაც დაუკავშირდებიან სხვა ლოკაციები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ველნეს-ტურიზმი სენაკში თანამედროვე ტურისტულ ბაზარზე შესაძლებელია პოზიციონირდეს უძველესი კოლხური სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მემკვიდრეობისა და მედეას კულტურული ბრენდით, რაც ისტორიულად ცნობილი და საერთაშორისოდ აღიარებულია. 

ტეხურის ხეობა ნოქალაქევში

ნოქალაქევში ტურიზმის განვითარება დაიწყება მდინარე ტეხურის ხეობის ტურისტული განვითარების ერთიანი სამოქმედო გეგმით, რაც უზრუნველყოფს ხეობის უნიკალური ისტორიული ღირსშესანიშნაობების, ბუნების ძეგლების, ბიომრავალფეროვნებისა და ხელუხლებელი ბუნებრივი გარემოს დაცვა/შენარჩუნებას. გეგმის ფარგლებში მოხდება ხეობაში რეკრეაციული ტურიზმის ისეთი სერვისების განვითარება, როგორიცაა კაიაკინგი, ჯომარდობა, ზიპლაინი, კემპინგი, ბერდვოჩინგი, პარაგლაიდინგი, თერაპიული აბაზანები და სხვა. ნოქალაქევში და მის ირგვლივ სოფლებში განვითარდება სამეგრელოს გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის მიმართულებები, რის უნიკალურ პოტენციალსაც ტეხურის ხეობის სოფლები იძლევა. ცალკე სასასუბრო თემაა ნოქალაქევის, სამხრეთ კავკასიაში უდიდესი ისტორიული კომპლექსის  განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ნოქალაქევის ზედა ციხემდე მისასვლელი გზისა და ზედა ციხის - არქეოპოლისის აკროპოლისის კომპლექსური რეაბილიტაციის დაწყებაც.

ნოქალაქევის გარდა უნიკალური პოტენციალი დევს სოფლებში ჭალადიდსა და ახალსოფელში. აქ რიონისპირა დაბლობზე, კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ეკო ტურიზმის განვითარება - სოფლის ტურიზმი, ეთნო რეკრეაცია, ოფროუდის ტურები, ,,არგო ტური“ და სხვა.

ქალაქ სენაკიდან ნოქალაქევის მიმართულებით დაახლოებით 20 კილომეტრის მანძილზე შესაძლებელია ერთიანი, ერთმანეთთან დაკავშირებული ტურისტული ტურებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა.  ეს რგოლი დაიწყება ქ. სენაკის ისტორიულ-კულტურული ძეგლებიდან (მენჯისა და საკალანდარიშვილოს ციხეები, ზედა თეკლათის მონასტერი, საკირე) და მოიცავს ეგრისის სამეფოს პერიოდის საფორტიფიკაციო ნაგებობებს შხეფში, ქვაშიხორში, საჩიქობაოში, ძველ სენაკში, სორტასა და კოტიანეთში, რაც შეკრავს ეგრისის სამეფოს თავდაცვითი სისტემის ერთიან ტურს.

შესაძლოა ზოგიერთი ისტორიული ციხე-სიმაგრის გასხვისებაც მათთვის ახალი შინაარსის მინიჭების მიზნით. მაგალითად, შხეფის ციხის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იმ უნიკალური არქიტექტურის გათვალისწინებით, რომელიც მრავალ მოგზაურის აქვს აღწერილი. პროექტი მოიცავს ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებისა და სერვისების განვითარებას თემატური გასართობი და შემეცნებითი ატრაქციების ჩთვლით. დღეს კი ეს უძველესი ნაგებობები ელემენტარულად გასაწმენდია ეკალ-ბარდებისგან, რაც აზიანებს და მათ მიუვალს ხდის.

სენაკიდან ნოქალაქევამდე ტურისტული მარშრუტის უმნიშვნელოვანეს ცენტრად უნდა იქცეს ძველი სენაკის ისტორიული ცენტრი, რომელიც მოიცავს ძველი სენაკის ტაძარს, ისტორიულ სკოლას, 800-ზე მეტი ხნის ჭადრის ხის მემორიალს, ისტორიული ბაზრის ადგილსა და ადგილობრივ კოლხურ ოდა-სახლებს. ძველი სენაკიდან გზა გადადის კვარჩხიღალის მღვიმისკენ და სოფელ ეკის ღირსშესანიშნაობებისკენაც. შესაძლებელია სოფლის ცენტრის ტურისტული კეთილმოწყობა, რაც გააცოცხლებს სოფლის მდიდარ ეთნოგრაფიულ სინამდვილეს.

სენაკის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულება ნაწილი იქნება უფრო დიდი რეგიონული ტურისტული კლასტერისა, რომლის შემადგენლობაშიც მოიაზრება მარტვილისა და ოკაცეს კანიონები, წყალტუბოს გამაჯანსაღებელი კომპლექსი, სალხინოს ისტორიული ძეგლები, მთიანი სამეგრელოს სოფლების ეთნო-გასტრონომიული კულტურა, ლებარდეს სამთო-კლიმატური კურორტი, კოლხეთის ეროვნული პარკი, წყემისა და კაცობურის ნაკრძალი და ა.შ. სენაკში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს ხელსაყრელი მდებარეობა სვანეთის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით.

ადგილობრივი ტურიზმის განვითარება ხელს შეწყობს სამუშაო ადგილების შექმნას განთავსებისა და კვების ობიექტების კუთხით და ადგილობრივ სერვისებზე, ტურუსტულ მომსახურეობაზე, ტურ-ოპერატორებზე მოთხოვნის ზრდას. ტურიზმი თავის მხრივ პოზიტიურად იმოქმედებს ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტული ეკონომიკური მიმართულებების - ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო წარმოების განვითარებაზეც.


ედიშერ ბაღათურია
ურბანისტი, საზოგადოება ,,ჩვენი სენაკი"




No comments:

Post a Comment