Saturday, February 15, 2025

,,მენჯის ჭალების მაფშალია" - 120 წელი ნოკო ხურციას დაბადებიდან

                                                                          

,,ღმერთებს ნოკო ხელში აყვანილი მიჰყავდათ და ჩვენდა სასიხარულოდ საქართველოში ჩამოუვარდათო“ - ამბობდა ნოდარ დუმბაძე. ეს ,,ჩამოვარდნა “ 1905 წლის 15 თებერვალს მომხდარა. გენიალური ნოდარ დუმბაძის სიტყვებს მხოლოდ ერთს დავამატებდი - დიახ, ღმერთებს ნოკო ჩვენდა სასიხარულოდ საქართველოში, კერძოდ, კი სენაკში ჩამოუვარდათ.

სოფელ მენჯში, ხურციების გვარის სასიმღერო ნიჭისა და მათი სახლიდან გამომავალი მრვალხმიანი, ქართული, მეგრული, მუსიკის შესახებ ამბები თაობიდან თაობას გადაეცემა. რამდენადაც ცნობილია ნოკოს ტკბილხმიანობა ბავშვობიდან, გენეტიკურად დაჰყოლია, შესანიშნავი მუსიკოსი ყოფილა ნოკოს მამიდა. წარსულში ადამიანები მეტად იყვნენ შეკრულნი, რადგანაც სოფელში ბევრი გასართობი არ არსებობდა- ცეკვა-თამაში ამის საუკეთესო საშუალებად მიიჩნეოდა. წარმოვიდგინოთ სოფლის ცენტრში, დიდი ცაცხვის ხის ჩრდილქვეშ, შეკრებილი ხალხი, ზოგი ხის მორზე, ზოგიც ინახით მჯდომარე, ცენტრში მსხდომი მომღერლები და იქვე  - ჩვენი სოფლის ,,მაფშალია“ - ნოკო ხურცია. ,,ჭალების მაფშალიად“ სახელდებულ ნოკოს წკრიალა ხმა ჰქონია, მას ხშირად წათამამებდნენ თანასოფლელნი, ნოკოც  არასდროს ტოვებდა მათ გაწბილებულს.

საბედნიეროდ ნოკოს ხმის მოსმენა დღემდე შეუძლია ფოლკლორით, ქართული ხალხური კულტურით დაინტერესებულ ადამიანს. ცხოვრებაში ქუდბედიანობაც საჭირო რამ არისო, სწორედ ასე, ცხოვრების სარბიელზე, სოფლის ჭალებიდან გამომავალი და დიდი გზებისკენ მიმავალი ახალგაზრდა ჭაბუკი  შეხვდა ცნობილ მუსიკის მასწავლებელს, ვალერიან გეგეჭკორს, შემდეგ ნოკოს ხმით მოხიბლული ლოტბარი, რემა შელეგია სთვაზობს მას თავის გუნდში სიმღერას.  ნოკოს დიდი მადლიერების განცდაც ჰქონდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ის გზაზე დააყენეს, მას არ დავიწუებია თავისი დიდი მასწავლებლის რემა შელეგიას ღვაწლი- ნოკო ვერ დაესწრო მასწავლებლის დაბადებიდან 60, ხოლო შემოქმედებითი მოღვაწეობის 40 წლის აღსანიშნავ იუბილეს, რის გამოც ლექსი გამოგზავნა:

                                        ,,ჩემო ძვირფასო რემაო,

                                         სიმღერამ დაგამშვენაო,

                                         მან მოგცა შნო და ლაზათი,

                                          ხალხური აღმაფრენაო.“

ნოკო ხურცია გამორჩეული იყო თავისი ხმით(ტენორი), პოეტურობით, არტისტიზმით და სხვა კეთილშობილური თვისებებით. მრვალია მოსათხრობი 1932 წლიდან, როდესაც ნოკო დაბრუნდა ქალაქ სენაკში და ისევ რემა შელეგიას ანსამბლში მღერის. როგორც გრიგოლ კოკელაძე იხსენებს: ,,ყოველთვის ცდილობდა (ნოკო) ანსამბლის საერთო ხმოვანება მაღალმხატვრულ დონეზე ყოფილიყო. მისი რეპერტუარი საქართველოს რომელიმე კუთხის სიმღერებით არ ამოიწურებოდა. მას ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი საქართველოს ყველა კუთხის (ქართლ-კახური, აფხაზური, რაჭული, სვანური, გურული და სხვა) ხალხური სიმღერები, რომლებსაც სათანადო კოლორიტითა და დამახასიათებელი იერით ასრულებდა.“

,,ნოკო კი არ მღერის , ქარგავს, ქარგავს!“ ასე უთქვამს ავქსენტი მეგრელიძეს. ნოკო ხურციას რეპერტუარში გამორჩეულია შემდეგი სიმღერები: ,,უტუს ლაშქრული“, საცეკვაო სიმღერა ,,ჰარირა“, ასევე შეუძლებელია ერთხელ მოუსმინო და არ განცვიფრდე ნოკოს მიერ შესრულებული სიმღერებით :,,თეშ იღბალი“, ,,ჭიჭე ტურა“, ,,სი ქოული ბატა“, ,,ართი ვარდი“ და სხვა.

                                                                 

მსურს ,,ლიტერატურული საქართველოს“ მკითხველს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოგონება გავუზიარო ბორის შენგელაიას მიერ შედგენილი წიგნიდან ,,სიმღერის უკვდავება“, რომელიც ნოკო ხურციას ეძღვნება, ამ მოგონებებს უცვლელად გთვაზობთ:

ჯანსუღ კახიძე - ,,ქართული სიმღერის- ამ უნიკალური ფენომენის- ჯადოქარი გახლდათ ნოკო ხურცია. მისი უმაღლესი ტალანტი მარტო სოლისტობით როდი შემოიფარგლებოდა. იგი უდიდესი იმპროვიზატორი , შესანიშნავი შემოქმედი გახლდათ. მისი სიმღერა და შეთხზული მხოლოდ საოცრებას შეიძლება შევადაროთ. იგი უკვდავი ქინება, როგორც თვით ქართული სიმღერა.“

ანანია ერქომაიშვილი - ,,არ იყო და არ იქნება ნოკოსავით მომღერალი.“

ანზორ ერქომაიშვილი -,,ნოკო ხურცია XXl საუკუნის მომღერალია. ბაბუა პირადად იცნობდა  დ. ანდღულაძეს, ვ.სარაჯიშვილს, ნ.ხურციას. ნოკო უბადლო შემსრულებელი გახლდათ, მღელვარებას იწვევდა მისი ხმა , შესრულების მანერა, იმპროვიზაციის საოცარი ნიჭი და უნარი.

ვალერიან გეგეჭკორი - ,,სიმღერა ბევრმა იცის, მაგრამ ეს ბიჭი სულ სხვაა.“

ნოკო ხურცია სრულიად ახალგაზრდა, 1949 წლის 26 ნოემბერს, გარდაიცვალა, მაგრამ მისი ხმა საუკუნოდ დარჩება- ,,ღმერთებს ნოკო საქართველოში ჩამოუვარდათ“, ეს ჩამოვარდნაც დროებითი იყო, რომ მისი ღვთაებრივი ხმის მოსმენის შესაძლებლობა გვქონოდა. 44 წლის ასაკში ის კვლვ ზეცის მკვიდრი შეიქმნა. დასასრულს გთვაზობთ  ერთ სტროფს პოეტ ეთერ ჯიშკარიანის ლექსიდან:

                                        ,,ახლა როცა ქარს და ნიავს ,

                                           სუნთქვა მიაქვს ლერწმის ღერის,

                                           მე მგონია თეთრი ჩოხით,

                                           გზა ხურცია მოიმღერის.“

                                     



                                                                                                     ავტორი:
                                                                                              შოთა ყურუა 
                                                                    საზოგადოება ,,ჩვენი სენაკი"




Wednesday, February 5, 2025

ქართველი განმანათლებლების მოღვაწეობა ახალსენაკში (ოლღა ბერიძე-ხოფერიას დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით)

     
    
                            

                                      ოლღა გიორგის ას. ბერიძე-ხოფერია (1876 - 1960)


       
იშვიათია წიგნიერი ქართველი, რომელსაც არ გაუგია "ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისსახელი და არ აფასებდეს მის  დამსახურებას საქართველოში  წერა-კითხვის  გავრცელებისა და განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების  საქმეში,  მის უდიდეს წვლილს ერის სულიერი და მატერიალური ძეგლების მოძიებასა და შენახვა - გადარჩენაში .         

         ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსების იდეა გაჩნდა 1870-იან წლებში, ახალგაზრდების იმ წრეში, რომელთაც აფიქრებდათ მწერლობისა და ქართველთა სწავლა-აღზრდის ბედი და ჰქონდათ სჯა-ბაასი ამ და ქვეყნის სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. მათ მიერ, საკუთარი ხარჯებით, პირველი ქართული სკოლის დაარსების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ შექმნილიყო ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარებოდა სწავლა-განათლების გავრცელებას საქართველოში.

      ყველაფერი 1877 წელს, ილია ჭავჭავაძის სახლში შეხვედრით დაიწყო; რომელსაც ესწრებოდნენ დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ცხვედაძე, ბესარიონ ღოღობერიძე, იაკობ გოგებაშვილი. მათ განიხილეს ქშწკგ საზოგადოების წესდების პროექტი და გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ მისი პირველი რედაქცია შეიმუშავეს. საბოლოო რედაქციის მესამე მუხლში ხაზგასმული იყო, რომ  „საზოგადოება თავის მიზანს მიაღწევს იმით,რომ სახალხო სკოლებში დასაწყის სწავლებას შემოიღებს სამშობლო, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე“.         

      1879 წლის 30 იანვარს, თითქმის ერთი წლის საორგანიზაციო, მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად, რაც გულისხმობდა პროპაგანდას, ამ აზრის გავრცელებას ქართველ საზოგადოებაში, თანაგრძნობისა და ნდობის მოპოვებას ცნობილ ქართველთა შორის, რომ ხელი მოეწერათ წესდებაზე, როგორც დამფუძნებელ წევრებს და დახმარება აღმოეჩინათ „საზოგადოების“ წესდების დამტკიცებაში; 

  ინტელიგენციის წარმომადგენლები   შეიკრიბნენ  გრ. ორბელიანის სახლში, დ.ყიფიანმა წაიკითხა წესდება, რომელიც ყველამ მოიწონა და  გადაწყდა მთავრობისათვის დასამტკიცებლად  მისი წარდგენა.

     კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმა სამმართველომ, როგორც იქნა, წესდება დაამტკიცა და იმავე წლის 16 მაისს შედგა  პირველი საზოგადო კრება, რომელსაც 45 დამფუძნებელი წევრი ესწრებოდა. კრებამ გამგეობის წევრებად აირჩია: თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი, მოადგილე ილია ჭავჭავაძე, წევრები: ნ. ცხვედაძე, ი. გოგებაშვილი, რაფ. ერისთავი, ალ. სარაჯიშვილი.    

     

       1885  ბაგრატიონ-მუხრანელის შემდეგ საზოგადოების თავმჯდომარედ პირველი ქართველი ბანკირი ილია ჭავჭავაძე აირჩიეს, რომელიც ამ დიდ საქმეს ბოლომდე ემსახურა.

     საზოგადოების მუშაობისათვის საჭირო ფინანსურ წყაროს შეადგენდა საწევრო გადასახადები, საზოგადოების სასარგებლოდ თბილისში, სხვა ქალაქებსა და დაბა-სოფლებში გამართული სხვადასხვა ხასიათის საღამოები, წარმოდგენები, ლატარიები და სხვ. არაერთმა  ქართველმა მწერალმა თავის თხზულებათა გამოცემა შესწირა  საზოგადოებას. ძმებმა ზუბალაშვილებმა და დ. სარაჯიშვილმა დიდძალი თანხა შეიტანეს საზოგადოების სალაროში. თბილისის საადგილმამულო ბანკმა (თავმჯ. ი. ჭავჭავაძე) 11 ათასი მან. ჩარიცხა საზოგადოების ფონდში. ამდენივე  გაიღო ქუთაისის ბანკმა, რომლიდანაც 8 ათასი მან. გადაინახეს ქუთაისში ქართული სკოლის გასამართავად.         

    იმის გამო, რომ  საადგილმამულო ბანკი  საკუთარ, საკმაოდ დიდ რესურსს საზოგადოებრივი საქმიანობისთვის იყენებდა, ილია დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა, ვინაიდან თავად-აზნაურთა ნაწილისთვის გაუგებარი იყო, მათი ფულით დაარსებული ბანკი რატომ უნდა დახმარებოდა ორგანიზაციას, რომელიც მომსახურებას (განათლების მიწოდება) გლეხობას უწევდა. ამაზე ილიამ საკადრისი პასუხი გასცა მომჩივანებს: „ჩვენი უბედურება ის ყოფილა, არის და ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ იყოს, რომ ყველა ქართველი, გლეხია თუ თავადი, ძმად და შვილად არ მიგვაჩნია. ზემოხსენებულ საზოგადოებას სახეში აქვს მთელი ქართველობა, თავად-აზნაურობა კი გამოსულა და იძახის, მეო და არა სხვაო“.     

        ქშწკგ  საზოგადოების დაარსების წლისათვის საქართველოში მხოლოდ 113 სახალხო სკოლა იყო (3633 მოსწავლით), 29 ტფილისის გუბერნიაში და 84 ქუთაისისაშისამეგრელოში კი, ერთადერთი ოფიციალური სკოლა არსებობდა, 1830 წელს გახსნილი მარტვილის სასულიერო სასწავლებელი.1801წლიდან 1876 წლამდე კი ქართულად მხოლოდ 500-მდე წიგნი იყო დაბეჭდილი;

          საზოგადოების უმთავრესი მიზანი და ამოცანა მთელი არსებობის მანძილზე ქართველი ხალხის ქართულ ცნობიერებაში დაბრუნება იყო. ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოებრიობის ნიშნები თანდათან იკარგებოდა, გადარჩენის ერთადერთ გზად განათლების გავრცელება რჩებოდა.  საზოგადოებამ თავიდანვე გაამახვილა ყურადღება სხვადასხვა კუთხეში განათლების დაბალ დონეზე, აღრიცხა სასკოლო ასაკის ბავშვთა რაოდენობა, და აქტიურად დაიწყო სკოლების დაარსება არაერთ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც სწავლება უშუალოდ ქართულ ენაზე იქნებოდა.       

        ქშწკგ საზოგადოების დაარსების პერიოდში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასობრივი სასწავლებლები საეკლესიო-სამრევლო სკოლები იყო. მათ უფრო ხშირად ,,საშინაო სკოლებად" მოიხსენიებდნენ. მსგავსი ტიპის სკოლებში ანაზღაურების გარეშე ასწავლიდნენ მღვდლები ან დიაკვნები.

        თ. სახოკიას გადმოცემით: „1895 წელს... სენაკის მაზრაში (120 ათასი მცხოვრები) ყველა ტიპის 77 სკოლა იყო 4 189 მოსწავლით (3809 ვაჟი და 380 ქალი). 17 139 გარეშე დარჩენილი  იყო 12 951, ანუ 75 %. ...ნიკო  ჯანაშია გულისტკივილით წერდა: „რა ბევრია, მკითხველნო, სკოლის გარეთ დარჩენილი ქართველი? აქედან აშკარაა, 5–6 ჯერ რომ გავუმრავლოთ ხალხს სასოფლო სკოლები მაინც ვეღარ დავუკმაყოფილებთ პირველდაწყებითი სწავლის შეძენის სურვილს; ასე ვართ ჩვენ დაშორებულნი სკოლას!» [მარიამ კაპანაძე განათლება და პედაგოგიკური აზროვნება დასავლეთ  საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში (1900 – 1917 წლები).ქუთაისი 2017წ.  გვ.111-112].

მოგვიანებით (1884 წ.) დაიწყო საეკლესიო-სამრევლო სკოლების აღორძინების ეტაპი. ეს სკოლები ჯერ კიდევ არ იყვნენ ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილნი. აქ სწავლება მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა. თუმცა, აქ მიღებული განათლება არ იძლეოდა სწავლის გაგრძელების უფლებას უფრო მაღალ საფეხურზე.

       გარდა საეკლესიო-სამრევლო სკოლებისა და ერთკლასიანი და ორკლასიანი სასწავლებლებისა, არსებობდა ასევე უფრო მაღალი ტიპის საქალაქო სასწავლებლები, რომლებიც ამზადებდა დაბალი თანამდებობის მოხელეებს, ფოსტა-ტელეგრაფის მუშაკებს, სხვადასხვა დაწესებულებათა დაბალ მოსამსახურეებს. სწავლება საქალაქო სასწავლებლებში ფასიანი იყო და ყველა დისციპლინის სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ქართული ენა ცალკე საგნადაც არ ისწავლებოდა.

   იმ დროს სამეგრელოშიც არცერთი ქართული სკოლა არ არსებობდა, მართალია, 1874 წელს აკაკი წერეთლის შუამდგომლობით და ძველსენაკელთა მონდომებით გაიხსნა ერთკლასიანი სამინისტრო სათავადაზნაურო სკოლა,სადაც სწავლების პირველ წელს 21 მოსწავლე ირიცხებოდა, მაგრამ ამ სკოლაშიც სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა;  ქართველი მამულიშვილები შეძლებისდაგვარად ებრძოდნენ კირილ იანოვსკის (კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი 1878-99 წწ.) გარუსების პოლიტიკას. ამიტომაც, ქშწკგ საოგადოების  დაუღალავი მეცადინეობით  გადაწყდა ძველ სენაკში ოთხ განყოფილებიანი ქართული სკოლის დაარსება, რომელიც 1884წლის 28 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. ამიერიდან ძველ სენაკში ორი სკოლა არსებობდა: სამინისტროსი რუსულ ენაზე და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა- ქართულ ენაზე.   

     იაკობ გოგებაშვილს სპეციალურად შეუდგენია სასწავლო გეგმა. ეს ნიშნავდა რუსული ენის თანდათან ამოღებას და ქართულის სწავლების გაძლიერებას.  მისი ახალი შენობის კურთხევაზე, 1885 წელს, სიტყვა წარმოუთქვამს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით აკაკი წერეთელს. სკოლას არაერთხელ სწვევია პედაგოგ-განმანათლებელი იაკობ გოგებაშვილი. ამ სკოლის პირველი ხელმძღვანელი ყოფილა სამსონ ყიფიანი, შემდეგ- არსენ წითლიძე.                   

        მოგვიანებით შალვა დადიანი სკოლის გახსნის შესახებ წერდა: ,, …სასწავლებელი დიდის ამბით გაიხსნა წერა-კითხვის საზოგადოების მეთაურობით და რომლის გახსნასაც დაესწრო არამცთუ მაშინდელი სამეგრელოს მოწინავე საზოგადოება, არამედ თბილისიდან ჩამოსული ისეთი თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ დიმიტრი ყიფიანი, ივანე მაჩაბელი, აკაკი წერეთელი და სხვები. ყველა ამათ გარემოების შესაფერი სიტყვები წარმოთქვეს თურმე...ასე რომ, მაშინ ასეთი სკოლის დაარსება საქართველოში დიდ ეროვნულ გამოფხიზლებას უდრიდა და აკი ცოტაოდნად თავმოღერილ მეგრელს ესმოდა მნიშვნელობა ამ გარემოებისა, თავი  მოსწონდა და საზოგადოებაში ტრაბახობდა კიდეც" (შალვა დადიანი, თხზულებანი, ტ.V, გვ. 48).

       რუსიფიკატორული პოლიტიკის თანდათან გაძლიერების გამო, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, რომელსაც საშუალო განათლების მიღება სურდა, სკოლის გარეთ რჩებოდა, რადგანაც საშუალო სასწავლებლები გადატვირთული იყო. მაგრამ მთავრობა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ხელი შეშლოდა საშუალო სასწავლებლების რიცხვის ზრდას, ვინაიდან არ სურდათ ხალხში ცოდნის გავრცელება, რადგანაც საშიშ მოვლენად მიაჩნდათ დაბალი წრიდან გამოსული ახალგაზრდების განათლებისაკენ სწრაფვა.

   ამ პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გულისტკივილი მთელი ქართული ინტელიგენციის და მოწინავე საზოგადოებისა იყო ისრომ სასწავლებლებში,  გიმნაზიებსა  და  სემინარიებში  შეიმჩნეოდა ქართველ მოსწავლეთა სიმცირე. მათი   რიცხვის ზრდა საკმაოდ ნელი ტემპით ხდებოდამაგრამ კიდევ უფრო მცირე რაოდენობით ამთავრებდნენ ქართველი ახალგაზრდები საშუალო სასწავლებლის კურსსკურსდამთავრებულთა რაოდენობა ორჯერ ჩამორჩებოდა მიღებულთა რიცხვს                            

    ამასთანავე უნდა აღინიშნოსრომ დიდი იყო განთესვის  მაჩვენებელიც. 1890 წელს საქართველოს გიმნაზიებიდან და პროგიმნაზიებიდან განითესა 900  მოსწავლეაქედან 209იყო  დასავლეთ საქართველოდან. მოსწავლეთა განთესვას და საშუალო  სასწავლებლების   საერთოდ ცუდ მუშაობას მნიშვნელოვნად განაპირობებდა   უხეირო სასწავლო გეგმები და პროგრამები,  აგრეთვე სწავლების სქოლასტიკური და დოგმატური შინაარსი და მიმართულება. ი.გოგებაშვილი წერდა: „... მოსწავლეებს აზეპირებინებდნენ გაკვეთილებს იმ ენაზე, რომელიც მათ კარგად არ ესმოდათ. ... ამ მიზეზის გამო ყმაწვილებს სასწავლებელი სატუსაღოდ მიაჩნდათ და ყოველ ღონისძიებას ხმარობდნენ, რომ როგორმე თავი გაეთავისუფლებინათ“ [მარიამ კაპანაძე. განათლება და პედაგოგიკური აზროვნება დასავლეთ  საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში (1900 – 1917 წლები). ქუთაისი 2017წ. გვ.119].        

      ქშწკგ საზოგადოებამ მიზნად დაისახა სკოლებში არსებული ვითარება როგორმე შეეცვალა და ამ მხრივ თავიდანვე საკმაოდ ქმედითი ღონისძიებები გაატარა. ქართველი ინტელიგენციის ბრძოლამ თავისი გაიტანა.  ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ყველა სკოლაში, მათ შორის ძველი სენაკის სკოლაშიც, სწავლების ენად ქართული დარჩა.

        ხალხის მისწრაფება თვითგანათლებისაკენ იზრდებოდა. იქმნებოდა კერძო სკოლები, ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, სადაც მოსახლეობას შეეძლო წიგნების კითხვა და თვითგანათლების მიღება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის მიერ შედგენილი წესდება სკოლებთან ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ. 

       გარდა საგანმანათლებლო საქმისა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოების საგამომცემლო საქმიანობას. ხალხში წიგნიერების გავრცელებას შესაბამისი საფუძველი სჭირდებოდა. ამ მხრივ აღსანიშნავია ორგანიზაციის ძალისხმევა, რომელიც ბულვარული ხასიათის უშინაარსო წიგნების გავრცელებას უპირისპირებდა ისეთი წიგნების გამოცემას, რომლებიც წიგნიერების დონეს აამაღლებდა, ხალხისთვის გასაგებ ენაზე იქნებოდა დაწერილი და ხელს შეუწყობდა საზოგადოების ეროვნული ცნობიერების გაღვივებას. სწორედ ამ დროიდან დაიბეჭდა პირველად ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრ. ორბელიანის ლექსთა კრებულები, იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენა"... შემდგომში ილიას, აკაკის, ვაჟას თხზულებები.

     1904 წლის გაზეთ ცნობის ფურცელში" (1904, 31მარტი, N2452, გვ.3) გამოქვეყნდა საზოგადოების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული პუბლიკაცია, სადაც ქშწკგ საზოგადოება თავისი დაარსების 25-ე წლისთავზე(1872-1904წწ.) ამაყობს თავისი მიღწევებით: რომ  მისი დამსახურებაა 8 სასწავლებელი, 11 ბიბლიოთეკა-სამკითხველო16 000-ზე მეტი წიგნითა და 2300 მკითხველით, მის სკოლებში სწავლობს 1200-ზე მეტი მოსწავლე, მის სამკითხველოებში ყოველწლიურად შედის 62000 მკითხველი, საზოგადოებას აქვს ბიბლიოთეკა-მუზეუმი, სადაც შეკრებილია მრავალი ძვირფასი ქართული ხელნაწერი,გამოცემული აქვს 68 სხვადასხვა სახელმძღვანელო თუ ისე საკითხავი წიგნი,საზოგადოება ეხმარება ფულით თუ წიგნებით სხვადასხვა ბიბლიოთეკებს, სკოლებსა და კერძო პირებს.ამ დროისათვის საზოგადოებას ჰყავს 1000-ზე მეტი წევრი."

      დღეისათვის შესწავლილი მასალებით კი ცნობილია, რომ ქშწკგ საზოგადოებას თავისი არსებობის  არსებობის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით   გაუხსნია 800-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სკოლა, ბიბლიოთეკა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია. წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა.  საზოგადოების მიერ გამოცემულ წიგნებთან ერთად, წლების მანძილზე მასში თავი მოიყარეს საზოგადოების წევრების მიერ შეგროვილმა უნიკალურმა წიგნებმა. ბიბლიოთეკის წყალობით დღემდე შემორჩა ათასობით ქართული ხელნაწერი თუ ნაბეჭდი წიგნი.

      ეს რაც შეეხება ქშწკგ საზოგადოების მოღვაწეობას ზოგადად, მთელი საქართველოს მასშტაბით. რა ხდებოდა სამეგრელოში, კერძოდ სენაკის მაზრაში ამ დროს?

.      1900 წლიდან საზოგადოება იწყებს რეგიონული განყოფილებების გახსნას. ხუთ მათგანს ქალი ხელმძღვანელობსესენია :      

გუდაუთაში  –  მარიამ პართენის ასული საბაშვილისა;

ერევანში  –  თამარ გიორგის ასული ციციშვილი - ვაჩნაძე ;  

სოხუმში  –  მარიამ დადიანი - ანჩაბაძე- მწერალ შალვა დადიანის და; 

ყვირილში(ზესტაფონი)   –  ბარბარე  (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელი;  

სენაკში – ოლღა გიორგის ასული ბერიძე-ხოფერია

      ვიდრე სენაკის მაზრას ადგილობრივი განყოფილება ექნებოდა ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" თავის საქმიანობას რეგიონებშიმათ შორის სამეგრელოში, აგენტებისა და დამხმარე წევრების მეშვეობით ახორციელებდა. ასე, მაგ., 1884 წლიდან 1905 წლამდე ახალ სენაკში ,, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აგენტი და საზოგადოების დამხმარე წევრი სხვადასხვა დროს იყო სამსონ გიორგის ძე ყიფიანი, რომელიც გახლდათ იმ დროისათვის სამეგრელოში ქართული კულტურის პატარა კერის- ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის შემქმნელი და ხელმძღვანელი, ნიკო სიმონის ძე ჯანაშია(აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას მამა) და ანა გიორგის ასული წერეთელი-მხეიძისა. ხოლო მომავალში სენაკის განყოფილების ხელმძღვანელი ოლღა გიორგის ასული ბერიძე-ხოფერია, როგორც ქშწკგ საზოგადოების ანალებში ვკითხულობთ, სენაკის განყოფილების გამგედ არჩევამდე ანუ «1905-1906 წლებში ქშწკგ საზოგადოების დამხმარე წევრი იყო“ (https://society.iliauni.edu.ge/persons/8419-olgha-olga-giorgis-asuli-khoferia).

        ამგვარად, 1909  წელს ახალსენაკში გაიხსნა  ქშწკგ საზოგადოების სენაკის განყოფილება. 

      რა ვიცით ამ ორგანიზაციის იმ წევრებსა და ხელმძღვანელებზე, ვინც დაბა ახალსენაკის მოსახლეობის განათლებაზე ზრუნავდა, ღარიბი გლეხებისა და მოქალაქეების წერა-კითხვის უცოდინარი შვილებისათვის სკოლებსა და უფასო სამკითხველო-ბიბლიოთეკებს ხსნიდა, წიგნებით და საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფდა.

      თუ გულახდილები ვიქნებით, ვიტყვით, რომ არ ვიცნობთ, ან ძალიან ცოტა რამ თუ გაგვიგია ამ ადამიანებზე, არადა ისინიც ჩვენს პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ, ზრდიდნენ შვილებს, ზრუნავდნენ არა მარტო თავისი, თანაქალაქელთა შვილების მომავალზეც.

       ძნელია და არცაა აუცილებელი ერთ პატარა პუბლიკაციაში ყველა მათგანზე წერა, მაგრამ ალბათ ჩვენი ვალია იმ რამდენიმე ადამიანის ბიოგრაფია მაინც ვიცოდეთ, ვინც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სათავეებთან იდგა.

        თუ ვინ იყო საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე, ყველა ცნობარში ამ კითხვაზე ერთი პასუხია: ეს გახლავთ ოლღა გიორგის ასული ხოფერია. მეტნაკლებად ცნობილია მისი დამსახურებები საზოგადოების ხელმძღვანელად მუშაობისას, მაგრამ მის პირად ცხოვრებაზე, რომელიც საოცრად საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა, არსად არაფერია მითითებული. თვით ქშწკგ საზოგადოების ვებ-გვერდიც კი გვაუწყებს, რომ დაუდგენელია მისი დაბადება-გარდაცვალების თარიღები, დაბადებისა და დაკრძალვის ადგილი, ვინ იყო მისი დედ-მამა, ოჯახი და... მოკლედ ბევრი არაფერია ცნობილი მის პიროვნებაზე.

        ჩვენ შევეცადეთ გამოგვეკვლია ეს ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ოლღა ხოფერია სენაკელთა რამდენიმე თაობისათვის კარგად ცნობილი ოჯახის დედაა, ღვაწლმოსილი სასულიერო პირების შთამომავალია და ...

       მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით.

       სენაკში ცოტნე დადიანის (ყოფილი მახარაძის) ქუჩაზე ახლაც დგას ქალაქში ერთერთი უძველესი შენობა, სახლი რომელიც ეკუთვნოდა საზოგადო მოღვაწეს, ცნობილ ექიმს, მეან-გინეკოლოგს ივლიანე ხოფერიას და მის მეუღლეს ოლღა ბერიძე-ხოფერიას; ამ შენობაში საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო სენაკის რაიონის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგური, ამჟამად კი აქ ფუნქციონირებს სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.      


,, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სენაკის განყოფილების თავმჯდომარე, ქალბატონი ოლღა(ოლია) გიორგის ასული ბერიძე-ხოფერიასი (1876–1960), ცნობილ სასულიერო პირთა შთამომავალი,  დაბადებულა 1876 წელს სენაკის მაზრის  სოფელ გურძემში.    

      დედა - ეფროსინე ახვლედიანი-ბერიძისა  (1853-1929) გახლდათ   XIX  . საქართველოს ეკლესიის ღვაწლმოსილიმღვდელმსახურის,  დეკანოზ გიორგი სიმონის ძე ახვლედიანის შვილი და თეკლათის დედათა მონასტრის მონაზვნების ქეთევანისა და რუსუდანის და;     
       დეკანოზი გიორგი სიმონის ძე ახვლედიანი მრავალი წელი   აფხაზეთში მსახურობდა და გამოირჩეოდა მისიონერული და საგანმანათლებლო მოღვაწეობით, გააქრისტიანა და მონათლა    მრავალი მაჰმადიანი აფხაზიასწავლიდა  ქართულ ენას აფხაზ მოსახლეობას .  ოლღას ბაბუამ -  გიორგი ახვლედიანმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები თეკლათის დედათა მონასტერში გაატარა. XIX  ს.-ის 80- იანი წლების ბოლოს იგი თავის ასულებთან ერთად უკვე მონასტერში ცხოვრობდა. 

თანამედროვეთა მოგონებების თანახმად გ. ახვლედიანი მუდამ ზრუნავდა თეკლათის მონასტერზე და ეხმარებოდა მას როგორც მატერიალურადასევე სიწმინდეების შემოწირვითთეკლათის სავანეში მან დიდი ქვითკირის სახლი ააშენასადაც შემდგომში თავის ასულებთან-ოლღას დეიდებთან  ერთად ცხოვრობდაბოლშევიკური ხელისუფლების მიერ მონასტრის, ტაძრის  შეურაცხყოფისა და დახურვის შემდეგ დედათა კრებული გარკვეული ხნის განმავლობაში   წირვა - ლოცვის ჩასატარებლად  სწორედ ამ სახლში იკრიბებოდა.    

       განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტირომ თეკლათის მონასტრის  მთავარი  სიწმინდე - წმიოანე ნათლისმცემლის ცერის ნაწილი  (ფალანგი),  ძვირფასად შემკულ ლუსკუმასთან ერთად,   სწორედ  ოლღას ბაბუამ ათონის მოლოცვის დროს, ერთ-ერთი ვერსიით,  საბერძნეთში შეიძინა და თეკლათის დედათა სავანეს შესწირა  (პ. ქურდოვანიძე ,, იღუმენია  ქეთევანისა  და  კონსტანტინე  ბერის  თანამოღვაწეობა  განსაკუთრებული სულიერებით გამოირჩეოდა". ჟურნ. ,,კარიბჭე" 28.04.2011).  ეს წმინდა ნაწილი დღესაც მონასტერში ინახება და წმიოანე ნათლისმცემლის შობის დღეს  (7  ივლისი წირვის დასასრულს,   წმიოანე ნათლისმცემლის ვრცელი პარაკლისი აღევლინება და წყლის კურთხევა   ხდება  წმინდანის თითით... 


 ეფროსინეს მამა და ორივე და თეკლათის დედათა სავანეში განისვენებენ და ალბათ არაერთხელ შეგიმჩნევიათ მონასტრის ეზოში მათი საფლავის ქვები წარწერებით. თავად ეფროსინე ახვლედიანი კი დაკრძალულია თბილისში, ვერის 
 სასაფლაოზე.

             დეკანოზ გიორგი ახვლედიანის,სემიღუმენია ქეთევანის და სქემმონაზონ რიფსიმეს

                            საფლავები თეკლათის დედათა მონასტერში                                                                                             

           

 ოლღას მამა, გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეპარქიო ბლაღოჩინი სენაკის მაზრაში, დეკანოზი  გიორგი ნიკოლოზის ძე ბერიძე(1846-1912წწ.) იყო მარტვილის სოფ. ალერტის მღვდელი; ცნობილი საზოგადო მოღვაწე,  სამღვდელოებისაგან  არაერთხელ იყო არჩეული მარტვილისა და სენაკის სასულიერო სასწავლებლებში სამმართველოს წევრად. 
 ასევე დანიშნული იყო ხუთი საბლაღოჩინო მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ.  მისი დაუღალავი შრომით გახსნილა არაერთი სამრევლო სკოლა, აშენებულა 33 ეკლესია (გაზ.„შინაური საქმეები“ 1912წ N12. ნეკროლოგი).

          მის დიდ განათლებასა და მჭერმეტყველების უნარზე მიუთითებს 1885 წელს „მწყემსის“ N23-ში გამოქვეყნებული „სიტყვა, თქმული ბლაღოჩინის, მღვ. გიორგი ბერიძისაგან, ოქტომბერს, 1885წ. ძველ სენაკში სააზნაურო სკოლის კურთხევის დღეს“, და მეგრულ ენაზე წირვის შემოღებასთან დაკავშირებით მისი უარყოფითი აზრი, ძლიერად და ნიჭიერად დაწერილი.

       ოლღას მამა, დეკანოზი გიორგი ნიკოლოზის ძე ბერიძე  66 წლისა   გარდაიცვალა, 1912 წლის 20 აგვისტოს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად.

დეკანოზი გიორგი ბერიძე შვილიშვილი გუგუტა ხოფერია

  ოლღას მშობლებს, ეფროსინე გიორგი ახვლედიანის ასულსა და დეკანოზ გიორგი ნიკოლოზის ძე ბერიძეს 12 შვილი ჰყოლიათ- სამი ქალიშვილი და 9 ვაჟი: კალისტრატე (05.09.1871 - 16.04.1926), ბიკტორ(1872-?), ქრისტინა(1874-?), ოლღა(1876-?), აგრაფენა(1878-?), ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, ნესტორ(1891-1937), შალვა(1892 1970), გრიგოლი და მარიამი (1897–1951). ამათგან სამი - კალისტრატე, გრიგოლი და შალვა ემიგრაციაში მოხვდნენ (გ.შარაძე. „უცხოეთის ცის ქვეშ". წიგნი 2,გვ. 352).

        ოლღას და-ძმები იმდენად საინტერესო პიროვნებები აღმოჩნდნენ, რომ მინდა მათ შესახებ მოპოვებული ინფორმაციები ქვემოთ მოკლედ მაინც გავაცნო მკითხველს.

         ოლღა გიორგის ას. ბერიძეს, შთამომავალთა ინფორმაციით, მხოლოდ ოთხი კლასი სამონასტრო განათლება ჰქონდა მიღებული, რადგან მამას-გიორგი ბერიძეს ქალებისთვის უმაღლესი განათლება არ მიაჩნდა სასურველად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის თეკლათის ქალთა სასწავლებელში სწავლობდა.  აქ ხომ მისი ბაბუა და დეიდები მუდმივად ცხოვრობდნენ და მსახურებდნენ. ხომ აშკარაა, რომ ოლღას მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა მის უდავო წიგნიერებასა და ცოდნაზე მეტყველებს.

     როგორც ჩანს, ის ადრეული ასაკიდანვე ჩართული იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ოცი წლის ოლღას შესახებ ვკითხულობთ:`„1896 წელს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა, ვანო ნიკოლოზის ძე ზედგინიძემ და ოლღა გიორგის ასულმა  ბერიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 5-5 წიგნი შესწირეს..."((https://society.iliauni.edu.ge/factoids/44797-1896-tsels-iakob-simonis-dze-gog).    

      ვიდრე ოლღა ბერიძის საზოგადოებრივ საქმიანობაზე მოგიყვებით, მინდა გაგაცნოთ მისი პირადი   ცხოვრება.  1898წლის ივნისის თვეში 22 წლის ოლღა გიორგის ას. ბერიძე სოფ. ალერტის წმ. გიორგის  ეკლესიაში ჯვარს იწერს უცხოეთში განათლებამიღებულ ახალსენაკელ ექიმზე, მეან- გინეკოლოგზე, 34 წლის   აზნაურ ივლიანე გაბრიელის ძე ხოფერიაზე (1864 -1939წწ.).

ოლღა გიორგის ას. ბერიძე

ოლღას მეუღლედ რომ ღირსეული თანამეცხედრე ჰყავდა, ივლიანე ხოფერიას ბიოგრაფიიდან ვიგებთ: დაიბადა სენაკის მაზრის სოფელ შხეფში, 1864 წელს, აზნაურ გაბრიელ ნიკოს ძე ხოფერიას ოჯახში. პირველდაწყებითი განათლების ქუთაისის გიმნაზიაში მიღებისა და მისი დამთავრების შემდეგ შევიდა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე,რომელიც 1891 წელს დაამთავრა და მუშაობა დაიწყო ქუთაისში (ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის- სამსონ თოფურიას მიერ დაარსებულ საავადმყოფოში). 1892წელს გაგზავნილ იქნა ბაქოს გუბერნიაში,  ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ საბროლველად, სადაც იმუშავა1895წლამდე.  შემდეგ ის გადაიყვანეს სამუშაოდ სენაკის მაზრაში, სოფელ ნაოღალევის (ამჟამად მარტვილი) საექიმო ქსენონის გამგედ. 

        1897წლის ,,ცნობის ფურცელმა“ (N317) საინტერესო ინფორმაცია შემოგვინახა მის საექიმო მოღვაწეობაზე: ,,...ღმერთმა უშველოს სენაკის მაზრის სოფლის ექიმს ბ-ნს ივლიანე ხოფერიას, რომელიც ყოველსავე ღონეს ხმარობდა მის მოსასპობლად (ბავშვთა დაავადება, ე.წ. ,,მუცელ-კეთილა), მიიღებდა თუ არა ცნობას მამასახლისისაგან,მისთვის დღე ან ღამე სულ ერთი იყო, მაშინათვე გაეშურებოდა ავადმყოფთან და აღმოუჩენდა შესაფერს შემწეობას უსასყიდლოდ; პირიქით წამლების ფულიც დაუტოვებია, რადგან უნახავს ისეთი სიღარიბე ავადმყოფისა. რამდენსამე პირს მისი საჭმელ-სასმლით და სხვა ხარჯით მისსავე ბინაში უწამლა მუქთად, რადგან უკანასკნელნი მოკლებულნი იყვნენ ცხოვრების სახსარს. სწორედ დიდის მადლობის ღირსია ბ-ნი ივლ. ხოფერია ასეთის გულ-შემატკივრობისათვის,რისთვისაც დიდი თუ პატარა ყველა ემადლიერება“.

          1898 წელს ივლ.  ხოფერია მიემგზავრება ქ.მოსკოვში,  სადაც მუშაობს სნეგირიოვის გინეკოლოგიურ ინსტიტუტში, 1901 წელს სანკტ-პეტერბურგში, ყოფილ ელენეს ინსტიტუტში, ხოლო 1903 წელს საზღვარგარეთ -კერძოდ,  ბერლინში, სადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა დახელოვნებულ ექიმ-გინეკოლოგად.

შემდეგ ივლიანე ხოფერია კვლავ უბრუნდება სენაკს და მუშაობს მაზრის ექიმად. მისი ინიციატივით და შუამდგომლობით იხსნება დაბა სენაკის სამაზრო საავადმყოფო-ქსენონი. პირველი მსოფლიო ომის წლებში არის სამხედრო ექიმი. 

    1917-1919 წლებში იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების“ სენაკის განყოფილების წევრი, საზოგადო მოღვაწე. 1918-29 წლებში განაგებს სენაკის საავადმყოფოს,  შემდეგ კი  გადაჰყავთ ქ.სენაკის პოლიკლინიკის ქირურგიულ-გინეკოლოგიური  განყოფილების გამგედ.

      1932წელს გაზეთ ,,კომუნისტში"  (12 თებერვალი N36) გამოქვეყნებულ სტატიაში სენაკის რაიონის მთავარი ექიმი დ. ვახანია წერს: ,,სენაკის რაიონის მშრომელებმა დააფასეს ექიმ ხოფერიას დაუღალავი მუშაობა.რაიონული ორგანიზაციები და მშრომელები 17 თებერვალს მას უხდიან მისი საექიმო მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს“(,,დაუღალავი მუშაკი და სამაგალითო ექიმი“).

    ივლიანე ხოფერიამ მისი დამსახურებების დაფასებისათვის მადლობის ნიშნად, გაზეთში- ,,მთლიანი კოლექტივიზაცია“ (N6, 1932წ 24 თებერვალი) გამოთქვა სურვილი, სენაკის საავადმყოფოსთან მისივე სახელობის ახლადგახსნილ ინფექციურ სნეულებათა განყოფილებაში  საკუთარი ხარჯებით მოეწყო  ხუთსაწოლიანი პალატა, ახალსენაკის პედაგოგიური ტექნიკუმის ერთი უღარიბესი  სტუდენტისათვის დაენიშნა სტიპენდია, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ პირად საექიმო კაბინეტს ანდერძით დაუტოვებდა ზემოხსენებულ ინფექციურ სნეულებათა განყოფილებას, ხოლო  ბიბლიოთეკას-სენაკის რაიონის ექიმთა საზოგადოებას.

     ივლიანე გაბრიელის ძე ხოფერია გარდაიცვალა 1939 წელს, სენაკში (ადრინდელი ცხაკაია). თბილისში გადასვენებამდე, სავარაუდოდ  დაკრძალული  იყო  სენაკის „ძმათა“  სასაფლაოზე. 



   ქორწინებიდან სამი წლისთავზე - 1901წლის იანვარში წყვილს პირველი ვაჟიშვილი  გიორგი(გუგუტა) შეეძინა.რამდენიმე თვეში მარტვილის ტაძარში მონათლა ბიძამ, ოლღას ძმამ, თურქესტანის ბატალიონის პორუჩიკმა-კალისტრატე გიორგის ძე ბერიძემ.        

       მიუხედავად იმისა, რომ ოლღა უკვე ორი პატარა შვილის-გიორგისა და ნინოს (1904-1967წწ.) დედა იყო, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კვლავ აქტიურად იყო ჩართული.

 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  1900 წლიდან ქშწკგ  საზოგადოების რეგიონული განყოფილებები მუშაობას  შეუდგნენ.  ახალსენაკში   ქშწკგ  საზოგადოებამ რეგიონული განყოფილების გახსნა აკაკი წერეთლის საიუბილეო წელს დაამთხვია. გაზეთი „შუქი“ 1908 წლის 8 ნოემბრის N2-ში იუწყებოდა, რომ ახალ-სენაკში აკაკის საიუბილეო ღონისძიებების სამზადისი დაიწყო: რაც ქშწგ საზოგადოების  ადგილობრივი განყოფილების გახსნასა და ბიბლიოთეკა -სამკითხველოს დაარსების განზრახვაში გამოიხატებოდა.

          ახალსენაკში აკაკის საიუბილეო ღონისძიებების მოწყობის სამზადისს 1909 წლის აპრილის   N23_ში გაზეთი „ჩვენი საქმეც“ იუწყებოდა.  

               1909წლის  24 მაისს გაიხსნა ქშწკგ საზოგადოების სენაკის განყოფილება, 25 მაისიდან კი  განყოფილებამ მუშაობა დაიწყო.

              საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ ჯერ ლუკა გიორგის ძე ჟვანია  დაინიშნა, შემდეგ ის მალევე ოლღა გიორგის ასულმა ხოფერიამ შეცვალა, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე კი, საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო.

             სენაკის განყოფილების თავმჯდომარედ ოლღა გიორგის ასული ხოფერიას მოგვიანებით დანიშვნა იმან განაპირობა, რომ ერთი თვით ადრე, 1909 წლის 20 აპრილს( ძვ. სტილით) მას მესამე შვილი, ალექსანდრე (ბიჭუნა) შეეძინა, რომელიც შხეფის წმ. გიორგის  ეკლესიაში მონათლეს იმავე წლის 17 მაისს(ძვ.სტილით).

              თანდათან  სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდა:

ოლღა გიორგის ასული ბერიძე-ხოფერიასი, მღვდელი გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნინა ბახვას ასული თევზაია,  ​ივლიტა დადიანი-ჩიჩუასი, ოლღა ფილიპეს ასული არსენიშვილი, იორონიმე მიხეილის ძე არსენიშვილი, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შევარდნაძე და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.

        განყოფილების გახსნის დღესვე, ანუ 1909 წლის 24 მაისს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით დაარსდა საზოგადოების სენაკის განყოფილების ახალსენაკის ბიბლიოთეკა. მას ხელმძღვანელობდა მღვდელი გიორგი ვასილის ძე გამზარდია. 

       ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გახსნა  მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დაბის ცხოვრებაში. თორმეტი წლით ადრე გაზეთი ,,ივერია “ წერდა:

     „ახალ-სენაკი. სენაკის გარდა(იგულისხმება ძვ. სენაკი) სხვაგან ქართული წიგნების სამკითხველო არსად არ არის.მცხოვრებნი კი სამეგრელოში 260 000-მდე არიან.გურიაში სადაც 75 000 მცხოვრებნია, ბარე ხუთი სამკითხველოა"(1893წ.N241).   

 ხოლო 1902 წლის  2 აგვისტოს ,,ცნობის ფურცელში" ვკითხულობთ:

 „ეს ნახევარ წელიწადზე მეტია რაც აქაურ მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა განიზრახა სახალხო სამკითხველოს დაარსება... მაგრამ ჯერჯერობით  ვერაფერსა ვხედავთ. გვიკვირს და ვერ გაგვიგია, რა ეღობება წინ ამ კეთილ საქმეს?... განა სირცხვილი არ არის, რომ ახალ-სენაკში, სადაც 200-მდე ნასწავლი ქალ-კაცია, სამკითხველო არ არსებობდეს?" (ცნობის ფურცელი, 1902წწ. N1885, 2 აგვისტო).

აკაკი წერეთლის სახელობის უფასო სამკითხველოს დასაარსებლად შეიქმნა ფონდი, რომლის სასარგებლოდაც, ოთხი თვით ადრე, 1909 წლის 6 თებერვალს, ახალსენაკის საკრებულო დარბაზში სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს პ. ირეთელის დრამა „დამარცხებულნი“, რუსულად ,,ჩინელი მონა ქალი". ამასთან დაკავშირებით ,,ჩვენი საქმე» (N7, 12 თებერვალი,1909წ) წერდა: ,,მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, სიამოვნებით აღვნიშნავთ, ახალგაზრდობას და საღამოს დიასახლისს ქ-ნ ოლღა ხოფერიასას, დიდი ენერგია დაეხარჯათ, რომ ხსენებული პიესა შეძლებისდაგვარათ ხეირიანათ ჩატარებულიყო და რამდენიმეთ გაუმართლდათ იმედი. დარბაზი ერთიანად გაიჭედა ხალხით. საერთოთ წარმოდგენამ კარგათ ჩაიარა...". იგივე ინფორმაციას ვკითხულობთ ნ. გომართელისა და ნ. ლაშხიას ხელნაწერ ნაშრომში, რომ ,,ზემოხსენებულ წარმოდგენას ხელმძღვანელობდა ოლღა ბერიძე-ხოფერია. მან დიდი ამაგი დასდო დაბა ახალ-სენაკში სპექტაკლების მართვის საქმეს. სწორედ ის იყო ყოველგვარი კულტურული წამოწყების სულისჩამდგმელი" (ნ. გომართელი, ნ.ლაშხია «ცხაკაიას თეატრალური ცხოვრების ისტორიიდან». 1974 წ.).

           სენაკის განყოფილებამ კი სამკითხველოს გასახსნელად 929,46 მანეთი გაიღო.  გაზეთი „ფონი“ ასე გამოეხმაურა ამ სასიხარულო ამბავს:  „ამ ბოლო ხანებში ახალსენაკსაც დაეტყო გამოცოცხლება, აქაც არსდება კულტურულ-საგანმანათლებო დაწესებულებები. 31 აგვისტოს აკურთხეს უფასო სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველო,რომელიც გახსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივმა განყოფილებამ. ფულარიას  (ფუცუ დავითის ასული დგებუაძე-ფულარია) მიერ გახსნილმა ქალთა პროგიმნაზიამ. მეცადინეობის დაწყებამდე გადახდილ იქნა პარაკლისი. მადლობის ღირსია ქალბატონი ფულარიასი,იმ შრომისათვის,რომელიც მან გასწია ამ იაფფასიანი პროგიმნაზიის დასაარსებლად, რითაც მან საშუალება მისცა აქაურ ღარიბ მცხოვრებთ ცოტაოდენი განათლება მისცენ თავიანთ შვილებს ~ (გაზ.„ფონი“, 7,1909წ).

         ქალთა პროგიმნაზიის დამაარსებელი, პედაგოგი, შემდეგში ცნობილი მწერალი, ავტორი ისტორიული რომანისა „ოქროს ბეჭედი“, ფუცუ დგებუაძე-ფულარია  1909-1917 წლებში განაგებდა აღნიშნულ სკოლას.  თავის ავტობიოგრაფიულ „მოგონებებში“ მწერალი   საინტერესოდ მოგვითხრობს ახალ-სენაკის იმდროინდელ კულტურულ-საგანმანათლებლო მოვლენებზე, სადაც ჩვენი ნარკვევის გმირზეც საუბრობს. აი, მცირე ამონარიდი წიგნიდან:

         „აქ იყო სულ ორი სკოლა, სასულიერო და საერო, ორივე ორკლასიანი... მე როცა ახალ-სენაკში პროგიმნაზია გავხსენი, ძველ სენაკში უკვე იყო ოთხკლასიანი ქართული სკოლა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებული.

         სკოლის დამხმარე კომისიის თავმჯდომარე იყო დამსახურებული ექიმის ხოფერიას ცოლი, ოლია ბერიძე. ის ქალთა პროგიმნაზიის დაარსებამდეც ხელმძღვანელობდა ახალსენაკის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ქალთა პროგიმნაზიის მშობელთა კომიტეტშიდაც თავმჯდომარედ ის აირჩიეს...“(ფუცუ დგებუაძე-ფულარია,  „მოგონებები“, 1959წ. გვ.89-95).

 ფუცუ დავითის ასული დგებუაძე-ფულარიას ქალთა პროგიმნაზია სენაკში
ცენტრში ზის ფ. დგებუაძე-ფულარია

 მიუხედავად იმისა, რომ პროგიმნაზიაში ძალიან მცირე იყო სწავლის გადასახადი (წლიურად 40-50მან.), ბევრი მშობელი ვერ ახერხებდა მის გადახდასაც.  ამიტომ 1911 წელს პროგიმნაზიის სასკოლო კომიტეტმა ოლღა ბერიძე-ხოფერიას ხელმძღვანელობით გადაწყვიტა გაემართა ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად დიდი საღამო. მათ თბილისიდან მოიწვიეს პოეტი იოსებ გრიშაშვილი, ქუთაისიდან სილამაზითა და ცეკვის ოსტატობით განთქმული საშა ჩიქოვანი, ასევე ქართული ცეკვის უბადლო შემსრულებელი ნიკო ფაღავა, ცნობილი ქუთაისელი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე ნემო ჯანოევი.

         იმდენად დიდი იყო სენაკელთა დაინტერესება, რომ ფ. დგებუაძე-ფულარიას თქმით    „მაშინ დღევანდელზე ბევრით პატარა დაბა სენაკის მცხოვრებთ დიდი სურვილი გაუჩნდათ საღამოზე დასწრების, მხოლოდ კლუბის შენობამ ყველა მსურველი ვერ დაიტია“(ფუცუ დგებუაძე-ფულარია,  „მოგონებები“, 1959წ. გვ.94).

        მიუხედავად კერძო თუ საზოგადო დამაბრკოლებელი გარემოებებისა, საზოგადოება წლიდან წლამდე თანდათან აფართოვებდა თავის მოღვაწეობას. წელიწადნახევარში, 1912 წლის  იანვრისათვის,  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“  სენაკის განყოფილებაში 49 წევრი იყო, 1916 წლისათვის კი 244-მდე გაიზარდა. სენაკის განყოფილების სახსრებს საწევრო გადასახადი, შემოწირულობები, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხები, წიგნის მაღაზიიდან შემოსული მოგება და სხვა შეადგენდა.

          სენაკის განყოფილების თავმჯდომარის- ოლღა ხოფერიას ხელმოწერით მთავარ გამგეობას პერიოდულად ეგზავნებოდა ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ.  დავიმოწმებთ ამონარიდს ერთ-ერთი ანგარიშიდან: სენაკის განყოფილების ,, დამახასიათებელ თვისებად საანგარიშო (1915) წელშიც სენაკის ბიბლიოთეკის გაძღოლა და სოფლებში ბიბლიოთეკების დაარსება უნდა ჩაითვალოს“(ცსა.ფონდი N481  საქ.I  N1583. (N6181) 20. მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების საქმიანობის შესახებ. 1916წ.აპრილის 12 - 1920წ. ნოემბრის1. ფურ.130).

აქვეა ცნობები სენაკში საკვირაო სკოლის გახსნის, სასკოლო და სახალხო კითხვის  გამართვის, სენაკის განყოფილების მიერ არაერთგზის ჩატარებული სასარგებლო გასართობი ღონისძიებების,  სახალხო სეირნობების, «ალეგრობის», საღამოების, კონცერტების, «ჩაის სმისა» და სხვ. შესახებ, რომლიდანაც შემოსული თანხით ბიბლიოთეკებსა და ღარიბ ნიჭიერ მოსწავლეებს ეხმარებოდნენ.


სენაკის განყოფილების მუშაობაზე ერთგვარ ზოგად წარმოდგენას გვიქმნის შემდეგი ამონარიდი ანგარიშებიდან: გამგეობამ „საერო ჭირ-ვარამის გაზიარება გამოხატა აკაკის გარდაცვალების გამო საგანგებო-სასწრაფო სხდომის გამართვით,აკაკის დაკრძალვის დღეს დეპუტატის წარგზავნით, ზეპირსიტყვების ფონდისათვის 50 მანეთის შეწირვით, სამგლოვიარო დეპეშებით, პანაშვიდებით და 9 ივნისს აკაკის საღამოს გამართვით, რომლის შემოსავლიდგან 30 მანეთი წარეგზავნა საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოებას, ხოლო 49მ 14კ გადაეცა ახალსენაკის აკაკის სახელობის ბიბლიოთეკას.

      ვაჟას სიკვდილის გამო გამგეობამ ორჯერ გადაიხადა ადგილობრივ საკრებულო ტაძარში პანაშვიდი და წარგზავნა სამძიმრის დეპეშები.  „ტანჯულ აჭარელთა დასახმარებლად“ მოწყობილი საქველმოქმედო საღამოს შემოსავალი გადაეცა დანიშნულებისამებრ.  გამგეობის დადგენილებით, გამგეობის მდივნის - პოლიკარპე ლორთქიფანიძის თაოსნობით, დაარსდა დრამატიული საზოგადოება, რომელსაც გამგეობამ ხელი შეუწყო ნივთიერად დაარსების ხანებში".  ასევე ანგარიშებიდან   ვგებულობთ, რომ სენაკში 1917 წელს  გამართული სახალხო სეირნობა და საიუბილეო საღამო ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან  100 წლისთავს მიეძღვნა.  ეს სალიტერატურო საღამო სენაკის წერა-კითხვის საზოგადოებისა და სენაკის ქართული დრამატული საზოგადოების ინიციატივით შედგა. მათვე ,,...განიზრახეს ქართველ მომღერალთა გუნდის დაარსება,რომლის მიზანი იქნებოდა ხალხური სიმღერების შეკრება. ამ საქმის ინიციატორები ყოფილან თავადი კოკი დადიანი და ქართული სიმღერების მცოდნე, ლოტბარი ძუკუ ლოლუა. ამ მიზნით, კოკი დადიანის მოწოდებით, 3 დეკემბერს შემდგარ კრებაზე აირჩიეს კომისია სამი პირის შემადგენლობით (თავადი კოკი დადიანი, თავადი ბესარიონ ხეცია და ექიმი ივლიანე ხოფერია),  რომელთაც დაევალათ წესდების შედგენა და წარდგენა ქუთაისის გუბერნატორთან დასამტკიცებლად ( ი.კეკელია, ე. ბაღათურია, ახალსენაკის თეატრალური ქრონიკები 1881-1921, ქუთ., 2024წ. გვ.105).

      ქშწკგ საზოგადოება დიდი ყურადღებით ეკიდებოდა და ხელს უწყობდა საგამომცემლო საქმიანობის კვლავ აღორძინებას დაბა სენაკში. როგორც ცნობილია, ახალსენაკის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული სტამბის დაარსება მეცხრამეტე საუკუნის  90-იან წლებში. პირველი სტამბა ეკუთვნოდათ ძმებს კოწია და სიო თავართქილაძეებს და იგი მოთავსებული ყოფილა ახლანდელი რუსთაველისა და  კოსტავას (ჯერ ყოფილი გიმნაზიის, შემდეგ კი ყოფილი ცხაკაიას) ქუჩების გადაკვეთაზე, ყოფილი პედაგოგიური სასწავლებლის პირდაპირ, მოქ. კ. ოდიშარიას სახლის ქვედა სართულზე.   

თავართქილაძეების ახალსენაკის სტამბაში 1892-1899წწ სამოცზე მეტი სხვადასხვა  დასახელების ქართული წიგნი  დაიბეჭდა, მათ შორის „ვეფხისტყაოსანი“-1896 წელს! სვიმონ გუგუნავას- „თამარიანი“, კალისტრატე ბერმონაზვნის- „ხოპის მონასტერი და მისი ისტორიული წყარო“, ი.გოგებაშვილის „ასპინძის ომი“ და მისი მრავალი საყმაწვილო მოთხრობა.

იმდროინდელ  გაზეთებში ვკითხულობთ: „ როგორც მკითხველებმა უწყიან,ახალ-სენაკში გაიმართა სტამბა და წიგნის მაღაზია ბ-ნ თავართქილაძის მიერ. უნდა ნახოთ, რა გამოუთქმელს სიხარულში არიან პაწაწა მოსწავლეები, დიდის აღტაცებით ყიდულობენ თითო-ოროლა წიგნაკს და თანაც, მადლობას სწირავენ მაღაზიის პატრონს. მაღაზიის პატრონი სინიდისიერად ეკიდება წიგნების ვაჭრობას. თუ მოსწავლემ ერთის ან ორის აბაზის წიგნი იყიდა, თან საჩუქრად ერთს წიგნაკს აძლევს...»



           ახალსენაკში, სამეგრელოს შუაგულში  ქართული სტამბის დაარსება და შემდეგ ქართული წიგნების ბეჭდვა, ლახვრის ჩაცემა იყო რუსი შოვინისტებისათვის, რომლებიც სამეგრელოდან  ქართული ენის განდევნით რუსულ კოლონიალურ პოლიტიკას ემსახურებოდნენ.  თავართქილაძეების  სტამბამ დაახლოებით 10 წელი იარსება, 1900 წელს კი არსებობა შეწყვიტა, რადგან ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა.

  1910 წლიდან ახალსენაკში სასტამბო საქმე ისევ  ააღორძინა აქ დამკვიდრებულმა, იმ დროისათვის საკმაოდ კულტურულმა და განათლებულმა პირმა- პეტრე მიხეილის ძე დგებუაძემ.  განათლების ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ ყოფნამ და იქაური კულტურის გაცნობამ  პ. დგებუაძეს დიდად შეუწყო ხელი მასში იმ დროისათვის პროგრესულ შეხედულებათა ჩამოყალიბებაში, რაც ყოველთვის თავს იჩენდა მის შემდგომ პრაქტიკულ საქმიანობაში.

უცხოეთში,  ბრიუსელის სახალხო უნივერსიტეტში მოსმენილი ლექციები და  საბუღალტრო საქმეში მიღებული განათლება მას  სამშობლოში დაბრუნებისთანავე გამოადგა: 1909 წელს, პ. დგებუაძემ ხელი მიჰყო კომერციულ საქმიანობას,  ჯერ გახსნა წიგნის მაღაზია „სინათლე“, რისთვისაც დასახმარებლად მიმართა  გამგეობას.  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობამ წიგნების გავრცელების ხელშესაწყობად დააკმაყოფილა დგებუაძის თხოვნა კრედიტის გახსნის შესახებ და მას გაუხსნა 200 მანეთის კრედიტი.

          პ. დგებუაძის მოღვაწეობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მის მიერ სტამბისა  და წიგნის მაღაზიის დაარსება ახალსენაკში, 1910 წელს. მან  ენერგიული  საქმიანობით  უზრუნველყო  სტამბის პოლიგრაფიული ბაზის მაღალ დონეზე  აღჭურვა  საზღვარგარეთიდან გამოწერილი რამდენიმე სახის საბეჭდი მანქანით, სასტამბო ხელსაწყოებითა  და  ნიშნებით.

        თანამედროვეთა გადმოცემით, სტამბის დაარსებისას პ. დგებუაძე მარტო კომერციული მოსაზრებებით როდი ხელმძღვანელობდა. ამასვე ადასტურებს ისიც, რომ სტამბა ფაქტობრივად მოგებას არ ტოვებდა, არამედ პირიქით, სისტემატიურად  დამატებით ხარჯებს საჭიროებდა. მომგებიანი არც წიგნის მაღაზია „სინათლე“ ყოფილა.  აღნიშნული წამოწყებანი დგებუაძეს უმთავრესად ხალხში  განათლების შეტანის საშუალებად მიაჩნდა და ამისთვის ენერგიასაც არ იშურებდა.  დგებუაძის წიგნის მაღაზიაში საკმაო რაოდენობით იყიდებოდა ქშწკგ საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები და ბროშურები, აგრეთვე სახელმძღვანელოები, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი  „დედა ენა“, „ბუნების კარი“,  „რუსსკოე სლოვო“ და სხვა.

    პ.დგებუაძე 1910-დან 1920 წლამდე  ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების" წევრი იყო, ხოლო სენაკის   გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს 1912 წლიდან. ქშწკგ საზოგადოების ხაზით ჩართული იყო სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებათა  გატარებაში, ხალხის საკეთილდღეო მიზნებისათვის თანხების შეგროვებაში, რაშიც თვითონაც შეჰქონდა თავისი დანაზოგის გარკვეული ნაწილი. მას ეკუთვნის ინიციატივა  საზღვარგარეთიდან ახალი, გაუმჯობესებული სახის სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და სხვა ზოგიერთი ტიპის ახალი მანქანის შემოტანისა და გავრცელებისა, გლეხებში ეწეოდა პროპაგანდას მათი გამოყენების უპირატესობის მიზნით.  მაგალითად,  სენაკის განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრად ყოფნისას, 1917-18 წლებში, პეტრე დგებუაძემ გამგეობას შესთავაზა, რომ პროფესიონალური სკოლისთვის დასახმარებლად გადაედოთ 400 მანეთი, ასევე შეეძინათ საქსოვი მანქანა ხალხში გასავრცელებლად.

        პ. დგებუაძის ენერგიული მზრუნველობით სენაკში სტამბამ წლების განმავლობაში ნაყოფიერად იმუშავა. სტამბის  საქმიანობის მნიშვნელოვანი  ფურცელია, ის ფაქტიც  რომ ის ახალსენაკში  წარმოადგენდა სასტამბო საქმის სკოლას, სადაც  კვალიფიკაციას იღებდა ადგილობრივი ახალგაზრდობა.

           1916 წელს გამგეობამ სენაკის ბიბლიოთეკასთან მოაწყო ჯიხური და დაიწყო ქშწკგ საზოგადოების მიერ გამოცემული სახელმძღვანელოებით და საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობა, ხოლო 1917წლის იანვრიდან მეპატრონის- პ.დგებუაძის მიერ დაბაში ერთადერთი ადგილობრივი წიგნის მაღაზიის დახურვის შემდეგ, ბიბლიოთეკასთან გახსნა საკუთარი წიგნის მაღაზია, სადაც მთავარი გამგეობის მიერ გახსნილი კრედიტით წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებს ყიდდა ბევრად იაფად და თან შემოჰქონდა ბევრი ქართული სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნი. გამგეობას არაერთხელ გაუმართავს ქართული სალიტერატურო საღამოები და სახალხო სეირნობები.

           მთავარი გამგეობისათვის ყოველწლიურად წარდგენილი  ანგარიშებიდან ვიგებთ შემდეგს: საზოგადოების სენაკის განყოფილება ოლღა ხოფერიას ხელმძღვანელობით მიიჩნევდა, რომ  ღარიბი მოსახლეობის შრომითი პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი იყო ქალებისათვის ჭრა-კერვის, ქსოვისა და  საოჯახო ხელსაქმის ცოდნა. ვინაიდან იმდროინდელი სამთავრობო საქალებო სკოლები ქალიშვილებს ამგვარ პროფესიონალურ ცოდნას არ აძლევდნენ, გამგეობამ გადაწყვიტა საკუთარი ხარჯებით შეეძინა საქსოვი მანქანები და გაეხსნა ახალსენაკში საქსოვი(ანუ საფეიქრო სახელოსნო) და ხალხში ამ დარგის პროფესიული ცოდნა გაევრცელებინა. ასევე მიემართა წერილობითი თხოვნით სახალხო განათლების სამინისტროსათვის, რომ აღმოეჩინათ ნივთიერი დახმარება დაბა ახალსენაკში  „საპროფესიო სკოლის“ დაარსებაში, რომლის შესანახადაც წლიურად საჭირო იქნებოდა 74 000 მანეთი..

         ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, 1918 წელს გამგეობამ შეძლო საკუთარი სახსრებით შეეძინა ერთი  საქსოვი მანქანა მაინც, თავისი მოწყობილობებით და გაეხსნა სახელოსნო. 1919 წელს კი შეძლო კიდევ ოთხი საქსოვი დაზგის შეძენა და განცხადებით მიმართა თეკლათისა და დაბა ახალსენაკის საზოგადოებას, რომ მსურველებს შეეძლოთ ჩარიცხვა  და აქ უფასოდ შესწავლა ჩოხის, შალის, აბრეშუმისა და ბამბის ძაფისაგან „მატერიის ქსოვა“. ამ საქმის   შესწავლის მსურველი 12 მოსწავლე ქალიშვილის  და ხელოსნის მიერ  შექმნილი პროდუქცია წლის  ბოლოს უკვე გასაყიდად იქნა ბაზარზე გატანილი.

ანგარიშებიდან ცნობილი ხდება,  რომ  დაარსებიდან  ათი წლისთავზე ახალსენაკის განყოფილების გამგებლობაში 30 ბიბლიოთეკა-სამკითხველო გახსნილა, დაბასა და სენაკის მაზრის თითქმის ყველა სოფელში. ამათგან საზოგადოების განყოფილება სრულად  საკუთარი ხარჯით ინახავდა მხოლოდ დიდი მგოსნის - აკაკის სახელზე  გახსნილ სენაკის უფასო  ბიბლიოთეკა-სამკითხველოს, სხვა დანარჩენ ბიბლიოთეკებს კი განყოფილება ცოტაოდენ დახმარებას უწევდა: უწერდა გაზეთებს, უფასოდ ურიგებდა წიგნებს და სხვა.

           საინტერესოა, რომ 1915 წლისათვის სენაკის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველო განთავსებული ყოფილა დაბის  ბაღში არსებულ ხის ძველ შენობაში, რაც ქალაქის საკუთრება იყო და სიძველის გამო  მისი შეკეთება შეუძლებელი გამხდარა. განყოფილების გამგეობამ  სეახალნაკში არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებასთან ერთად შუაგულ დაბაში სამი წლით იქირავა ორსართულიანი სახლი და ამ სახლში აიღო ორივე საზოგადოების საჭიროებისათვის  ორი მაღაზია ქვევით და სამი ოთახი ზემო სართულზე. სამომავლო გეგმებზე კი ოლღა ხოფერია ასე წერს: ,,მომავალში გამგეობას განრახვა აქვს, გამონახოს და გაადიდოს თანხა წიგნის მაღაზიის საქმის წარმოების გასაფართოვებლად; მიიღოს ზომები საკვირაო სკოლის საქმის გასაუმჯობესებლად და სასურველ ნიადაგზე დასაყენებლად. თუ მთავარ გამგეობამ მხარი დაუჭირა, იმ შემთხვევაში ყოველ ღონეს იხმარს გახსნას საქსოვი სახელოსნო პროფესიონალური ცოდნის გასავრცელებლად; აწ დამყარებული ომისაგან გამოწვეული აუტანელი ცხოვრების პირობები თუ საუკეთესოდ შეიცვალა, გამგეობა სხვა კულტურულ განმანათლებელ საზოგადოებასთან ერთად ეცდება შეიძინოს ადგილი და სახალხო სახლი გააშენოს მოსათავსებლად თეატრისა, ბიბლიოთეკა-სამკითხველოსი და წიგნის მაღაზიისა და ყველა კულტურულ საზოგადოებათა საქმეებისა’’(ცსა.ფონდი N481  საქ.I  N1583. (N6181) 20. მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების საქმიანობის შესახებ. 1916წ.აპრილის 12 - 1920წ. ნოემბრის1. ფურ.130).

         კულტურულ განმანათლებელ საზოგადოებაში ოლღა ბერიძე  სენაკის სცენისმოყვარეთა დასს მოიაზრებდა უთუოდ. გრიგოლ თევზაია-სცენისმოყვარე, შემდეგში პროფესიული თეატრის მსახიობი, რეჟისორი, თეატრის ხელმძღვანელი თავის მოგონებებში ასე იხსენებს ქალბატონ ოლღას: „ქ. ახალ-სენაკში ჩვენი დამხმარე და ყოველმხრივ ხელისშემწყობი იყო ცნობილი ექიმის - ივლიანე ხოფერიას მეუღლე  ოლღა გიორგის ასული ბერიძე-ხოფერიასი. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში. თითონ თავმჯდომარე იყო ქართველთა შორის წ/კ. გამავრცელებელ საზოგადოებისა და მის ავტორიტეტს ვიხმარიებდით ჩვენს საქმიანობაში“(ი. კეკელია, ე. ბაღათურია. ახალსენაკის თეატრალური ქრონიკები. 1881-1921,ქუთ.,2024, გვ.68).

ქშწკგ საზოგადოებისათვის  1918 წელს  წარდგენილ ანგარიშში ოლღა ხოფერია წერს: „სენაკის ბიბლიოთეკა-სამკითხველო საკმაოდ უზრუნველყოფილია როგორც წიგნებით, აგრეთვე გაზეთებითაც. სამკითხველოს 1918 წლის განმავლობაში მოსდიოდა 14 გაზეთი, მკითხველი შემოსულა7811-ჯერ, წიგნებით უსარგებლია 319კაცს, რომელთაც გაუტანიათ საკითხავად 1921 ქართული და 616 რუსული წიგნი“.

         1919 წელს ბიბლიოთეკა-სამკითხველოში სულ 2596 მკითხველი ჰყავდათ. მათ შორის — 449 ქალი, ხოლო 2147 ვაჟი იყო. მკითხველთა შორის 156 მოხელე იყო, მეურნე — 37, ვაჭარი — 48, ნოქარი — 52, მუშა — 56, მოწაფე კი -2247. მკითხველთა შორის 2590 ქართველი იყო, 6 კი — რუსი. ბიბლიოთეკიდან სულ 1105 ქართულენოვანი და 17 რუსულენოვანი წიგნი გაიცა.

       სამკითხველოში 1919 წელს მიდიოდა გაზეთები: «ერთობა», «საქართველო», «სახალხო საქმე», «შრომა», „საქართველოს რესპუბლიკა“ „თეატრი და ცხოვრება“ და სხვ.

          აღსანიშნავია, რომ ოლღა გიორგის ასული ბერიძე-ხოფერია ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სენაკის განყოფილების უცვლელი თავმჯდომარე იყო, ხოლო  1917 წელს განყოფილების წევრების სიაში ოლღას  მეუღლესთან- ივლიანე ხოფერიასთან ერთად,  უკვე მისი 16 წლის შვილი- გიორგი (გუგუტა) ივლიანეს ძე ხოფერიაცაა დასახელებული.

          ასევე ამ სიაში ნამდვილ წევრებად არის მოხსენიებული ოლღა ბერიძის უკლებლივ ყველა და-ძმა, რომელთაც, შთამომავალთა გადმოცემით, ყველას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული.

      აქვე უნდა აღვნიშნოთ ოლღას ძმის -გრიგოლ ბერიძის  ჩართულობა ქშწკს სენაკის გამგეობის დასახმარებლად: 1919 წლის ანგარიშში მოხსენიებულია ინგლისური სავაჭრო ფირმა „კოსმოსი“-ს წრმომადგენელი გრიგოლ ბერიძე: ,,ბ. გრიგოლ ბერიძისაგან ამა წლის თებერვლის თვეში გამგეობამ მიიღო ნისიათ 146 000 მანეთის საკანცელარიო ნივთები და მომავალშიც იმედი აქვს გამგეობას კიდევ მიიღოს მისგან ნისიათ ასეთი ფრიად საჭირო საქონელი“(ცსა.ფონდი N481  საქ.I  N1583.(N6181) 20. მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების საქმიანობის შესახებ. 1916წ.აპრილის 12 - 1920წ. ნოემბრის1. ფურ.130).

        საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ქშწკგ საზოგადოებამ თავისი სკოლები და სამკითხველოები საქართველოს მთავრობას გადასცა და გააგრძელა ჩვეული რეჟიმით მუშაობა, წიგნების იაფად გამოცემა. მიუხედავად დიდი კრიზისისა, საზოგადოებამ 1920 წელს შეძლო 50 მსხვილი ტომის გამოცემა, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კი მას ფინანსურად ეხმარებოდა.  

       სენაკელთათვის საამაყოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში სენაკის საზოგადოებამაც შეიტანა თავისი მოკრძალებული წვლილი. იმ დროის სენაკში  პირველი ქართული უმაღლესი სასწავლების დაარსების   მხარდასაჭერად  გადადგმულ პირველ  ნაბიჯებზე უნივერსიტეტის დაარსების  70 წლისთავისადმი  მიძღვნილ წერილში საინტერესოდ მოგვითხრობს გაზეთი ,,კოლხეთი“: 

,, ...საზეიმო დღედ ახალსენაკის საზოგადოებისათვის ყოფილა 1917 წლის 15 ივლისი. დღე სხივმფინარი, საამაყო და მარადის ტკბილადმოსაგონარი, შემდგომში თაობებს რომ გაჰყვებათ სულიერ საგზლად. ამ დღეს, ადრიან დილით ყრმა თუ ჭაბუკი,  ქალი თუ  კაცი,  პირზე ღიმილმჩენი ორკლასიანი ,,ნორმალური“ სასწავლებლის შენობისაკენ მიიჩქაროდა, რომელიც ახალსენაკის ცენტრში, ამჟამად მშენებარე  პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ადგილას იდგა. ამ დღეს აქ დიდი საეროვნო თავშეყრა იყო დანიშნული... სამეგრელოს რჩეული შვილების თაოსნობით კრება მიძღვნილი იყო ქართული უნივერსიტეტის დაარსებისადმი...კრებას შესავალი სიტყვით ხსნის იმდროისათვის ფართოდ ცნობილი მოღვაწე ქალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალსენაკის განყოფილების გამგე, ქალბატონი ოლღა გიორგის ასული ბერიძე- ხოფერიასი, მაზრაში ცნობილი ექიმის ივლიანე ხოფერიას მეუღლე... კრების თავმჯდომარე სიტყვას აძლევს საპატიო სტუმარს, დიდ ივანე ჯავახიშვილის და  ქართული უნივერსიტეტის დაარსების საინიციატივო ჯგუფის დავალებით სენაკში ჩამობრძანებულ იონა მეუნარგიას...  კრებაზე სიტყვებით გამოვიდნენ იურისტი გიორგი მაღნარაძე, მასწავლებლები კირილე ჯავახია(მწერლობაში ,,წუთისოფლელი“ და ,,სორტელი სტუმარი“), და ნესტორ ჭითავა, პეტრე ჭალაგანიძე, აკაკი  ფიჩხაია, დეკანოზი ანტონ კეკელია, ბესარიონ ქებურია (პირველი ქართველი მფრინავი)“(გაზ.,,კოლხეთი“. N121. 13 ოქტ.1988წ).

         ამ დღიდან დაწყებული სენაკელთა ძალისხმევით  დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში შეგროვდა თანხა, რომელიც  მთლიანად გადაეცა პირველ ეროვნულ უმაღლეს სასწავლებელს.

        ,, უნივერსიტეტის გახსნის საზეიმო დღეს დიდმა ივანე ჯავახიშვილმა ღრმა მადლიერების გრძნობით მოიხსენია  ახალსენაკელთა დიდი პატრიოტული წვლილი  ამ საერთო საქმეში.“(გაზ.,,კოლხეთი“. N121. 13 ოქტ.1988წ)

        უნივერსიტეტის არქივმა კი  შემოგვინახა ოლღა ხოფერიას ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ 1918 წლის 18 თებერვალს ქართული  უნივერსიტეტის  მხარდასაჭერად  ახალსენაკში გამართული საქველმოქმედო ღონისძიებებიდან  შემოსულ თანხას  მომწყობი კომისია მთლიანად ურიცხავს უნივერსიტეტს.  

     საინტერესოა, რომ საქმიანობის შეწყვეტამდე, 1920 წლის 31 დეკემბრისათვის, სენაკის განყოფილებაში სულ 191 წევრი იყო. 1920 წლის  19 სექტემბერს  მიხეილ კეკელიას თავმჯდომარეობით გამართულ სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე საზოგადოების მუდმივი წევრები-ოლღა ხოფერია, პოლიკარპე ლორთქიფანიძე და გიორგი გამზარდია საპატიო წევრებად აირჩიეს, რაც აცნობეს მთავარ გამგეობას.

        აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ქშწკგს სენაკის გამგეობის წევრები აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდნენ  დაბა ახალსენაკის მართვა-გამგეობაში. ასე, მაგალითად, ბაკურ ლაშხიას  , სადისერტაციო ნაშრომში- ,,საერობო მმართველობა და საქართველოს დამფუძნებელიკრების არჩევნები სამეგრელოში (1918-1920)“( თბ. 2024, გვ.44),  ვკითხულობთ:1919 წელს სენაკში არჩეულ იქნა  ,,... საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 6 ხმოსანი: ბესარიონ ლუკას ძე ხოფერია, პეტრე მიხეილის ძე დგებუაძე, გიორგი ვასილი ძე გამზარდია, დავითიპეტრეს ძე გეგელაშვილი, მიხეილ მაქსიმეს ძე ღვამიჩავა, გრიგორი პავლეს ძე ძიძიგური.

ქალაქ ახალი სენაკის ქალაქის თავი პოლიკარპე ლორთქიფანიძე გახდა, მოადგილე ლავრენტი გეგენავა“.

           1921 წლის 16 მარტიდან  რევოლუციურმა კომიტეტმა  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობას კუთვნილი ქონება ჩამოართვა, სენაკის ბიბლიოთეკა-სამკითხველო კი განათლების კომისარიატის განკარგულებაში გადავიდა  დადაიკეტა. მუშაობა შეჩერდა საქსოვ სახელოსნოსა და წიგნის მაღაზიაშიც. რევოლუციურმა კომიტეტმა ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა.

        იგივე  ბედი ეწია საქართველოს უდიდეს კულტურულ საზოგადოებას, რომელიც  ორმოცი წლის მანძილზე შეუდრეკლად იდგა ეროვნული კულტურის სადარაჯოზე და იგერიებდა რუსიფიკატორების თავდასხმას. ქართველი ხალხი განუზომელი პატივისცემით ეპყრობოდა ამ საზოგადოებას და ეხმარებოდა. ყველა დიდი მწერალი ანდერძით სწირავდა თავის თხზულებებს, ბიბლიოთეკებს და ზოგჯერ მთელ თავის ქონებასაც.    

         1922 წელს  საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ფაქტობრივად  დახურა. 1927 წელს საზოგადოებამ არსებობა სრულად შეწყვიტა.

              ჩვენი ნარკვევი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ არ ვახსენებთ იმ პიროვნებებს, ვინც ოლღა ბერიძე-ხოფერიასთან ერთად ეწეოდა  სენაკის განყოფილებაში  კეთილშობილურ საქმიანობას. ესენი იყვნენ როგორც მისი თანამებრძოლები, ასევე მისი დიდი ოჯახი-ქმარ-შვილი და და-ძმები. ამიტომ ცოტა რამ მათ შესახებაც.

         სხვადასხვა წლებში  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების  გამგეობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ას ბერიძე-ხოფერიასი-საზოგადოების სენაკის განყოფილების უცვლელი თავმჯდომარე 1909-1921წწ.;  ლუკა გიორგის ძე ჟვანია- საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი თავმჯდომარე;  გიორგი ვასილის ძე გამზარდია -თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი; ანასტასია ივანეს ასული ჭკადუასი-გამგეობის ხაზინადარი,  ნინა ბახვას ას. თევზაია, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შევარდნაძე,  ნიკოლოზ ალექსის ძე ჯიჯიხია, დიომიდე პავლეს ძე მდინარაძე, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი, გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი;  პეტრე მიხეილის ძე დგებუაძე,  პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე,  აკაკი ალექსის ძე ხორავა,  ივლიტა ნესტორის ასული დადიანი-ჩიჩუასი, იორონიმე მიხეილის ძე არსენიშვილი და ოლღა ფილიპეს ას. გორგაძე-არსენიშვილისა და სხვ.

           გიორგი ვასილის ძე გამზარდია (1868-1940), თბილისის სასულიერო  სემინარიის 1897 წლის კურსდამთავრებული, დაიბადა 1868წელს სუჯუნელი მედავითნის- ვასილ გამზარდიასა და  მართა ქარდავას ოჯახში. 1897 წელს პირველი ხარისხის ატესტატით და სანიმუშო ყოფაქცევით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

      გ.გამზარდია  საკმაოდ აქტიური პიროვნება იყო, შესანიშნავი პედაგოგი  1899-1900 წლებში  მსახურობდა დაბა ახალსენაკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად, ხოლო შემდეგ, 1902  წლიდან, ამავე სასწავლებლის არითმეტიკის და წმინდა ენის მასწავლებლად.

 ის ასევე ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, იყო გურია-სამეგრელოს ეპარქიის  სენაკის განყოფილების (თავმჯდომარე არისტარხო კალანდარიშვილი) წევრი, ხოლო მოგვიანებით (1900-1905 წწ), ამ განყოფილების თავმჯდომარე.

       1909 წელს გიორგი გამზარდია იპოლიტე ვართაგავას წინადადებით  არისტარხო კალანდარიშვილთან ერთად, აირჩიეს  საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად.

            სულ მალე, დაბაში ქშწკგ საზოგადოების სენაკის განყოფილების გახსნის  დღესვე, ანუ 1909 წლის 24 მაისს დაარსებული  ახალ-სენაკის ბიბლიოთეკის  მზრუნველად  იყო არჩეული; მომდევნო წლებში იყო დეკანოზი (1919 წ) სოფ. მეორე შხეფის მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარი, საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე,  გამგეობის წევრი და ახალსენაკის ბიბლიოთეკის უცვლელი ხელმძღვანელი.  

        საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში გიორგი გამზარდია ჩაბმული იყო სენაკის სამაზრო ერობის საქმიანობაში. იგი  ახალსენაკის ხმოსანთა 1919 წლის არჩევნებში  ქალაქის ხმოსნად იყო არჩეული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან  და აქტიურ  მონაწილეობას იღებდა როგორც დაბის, ისე სენაკის მაზრის  ეკონომიკური  და კულტურული აღმავლობისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების საქმეში. ერობის  1919 წლის 2 ივნისის სხდომაზე არჩეულ იქნა ახალსენაკის ადმინისტრაციული საზღვრების გამწესებელი  აღმასრულებელი კომისია,  რომლის წევრად საბჭომ ერთხმად აირჩია  ქალაქის ხმოსანი გამზარდია (იხ.ბადრი ძაგანია საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოები. თბ., 2014, გვ.314-315).

     გიორგი გამზარდია იყო ავტოკეფალისტი. 1917 წლის 8-17 სექტემბერს იგი მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილ სრულიად საქართველოს სასულიერო მოღვაწეთა რესპუბლიკური კრების მუშაობაში. გ. გამზარდია თანამშრომლობდა იმდროინდელ პრესაში,  ხშირად  აქვეყნებდა წერილებს სენაკისა და მაზრის საჭირბოროტო საკითხებზე (,,საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მახარებელი“,  ,, Духовный Вестник Грузинского Экзархата“, ,,მწყემსი “ და სხვ.).

       გ. გამზარდია ახალსენაკში ცხოვრობდა გიმნაზიის (ახლანდელ  მერაბ კოსტავას) ქუჩაზე, მის სახლში განთავსებული იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკის  სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის კანცელარია და მისი აპარატი (გაზ. „ერთობა“ N60  1919წ.). ჰყავდა მეუღლე-ანეტა ბესარიონის ას. ადანაია და ექვსი შვილი: ხუტა, შურა, თამარი, მარგო,შალვა, გოგი.

         

        პეტრე მიხეილის ძე დგებუაძე დაიბადა 1874წელს, სენაკის მაზრის სოფელ ოჩხომურში,  სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ  სწავლა გააგრძელა ქუთაისის გიმნაზიაში. ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბაქოში, ძმები გალპერინების ნავთის სარეწებზე, ჭაბურღილების მბურღავად.საწარმო ტრამვის მიღების გამო, შესაძლებლობა მიეცა მეპატრონეთაგან მიღებული კომპენსაციით განათლების მიღების  მიზნით, გამგზავრებულიყო საზღვარგარეთ, სადაც სხვადასხვა დროს ცხოვრობდა შვეიცარიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და ბელგიაში. სწავლობდა საბუღალტრო საქმეს, ბრიუსელის სახალხო უნივერსიტეტში  ისმენდა ლექციებს.

      პეტრე დგებუაძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი დაბა ახალსენაკის განვითარების საქმეში, საზღვარგარეთიდან ჩამოსვლისთანავე  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების წევრი გახდა, ხოლო 1912 წლიდან აირჩიეს  გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრად. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში იყო არჩეული ახალსენაკის ერობის მმართველობაში, ხმოსნად.

           პეტრე დგებუაძემ  ბიძაშვილთან-ელიზბარ დგებუაძესთან ერთად, ახალსენაკსა და ზუგდიდში თავიანთი სახსრებით დაარსა საერო ბიბლიოთეკები და ყოველწლიურად უსასყიდლოდ ამარაგებდა  წიგნებით. გარდა იმისა, რომ მათ  სახელთანაა დაკავშირებული სენაკში, იმ დროისთვის უახლესი ტექნოლოგიით  აღჭურვილი სტამბის დაარსება, მათი აშენებულია, სენაკისთვის ერთ-ერთი, არქეტექტურულად საინტერესო, სვეტებიანი ნაგებობა, სადაც თავად ცხოვრობდნენ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ და რომელიც  გასაბჭოების შემდეგ  ქალაქის საავადმყოფოდ გადაკეთდა  და დღემდე ფუნქციონირებს სენაკის ე.წ რკინიგზის  საავადმყოფო.

სენაკის რკინიგზის საავადმყოფო

                    1911წელს დაოჯახებულ პ. დგებუაძეს გასაბჭოების შემდეგ  ქონება ჩამოართვეს. 1928 წელს იძულებული გახდა სენაკი დაეტოვებინა და სიცოცხლის ბოლომდე თბილისში ცხოვრობდა, სადაც 1954 წელს, 80 წლისა გარდაიცვალა. დარჩა შთამომავლობა.

       პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე (1874-1945), შესანიშნავი პედაგოგი, მწერალი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე. ხონის საოსტატო სემინარიადამთავრებული, ოთხი შვილის მამა მუშაობდა ჯერ იმერეთის სოფლის- საწირის, შემდეგ ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის  ქართული და რუსული ენების მასწავლებლად. 1912 წლიდან 1919 წლამდე იყო ძველი სენაკის სკოლის ხელმძღვანელი (ინსპექტორი). მან 1914 წლიდან გადაიბარა ფუცუ დგებუაძე-ფულარიას მიერ  ახალსენაკში დაარსებული   ქალთა პროგიმნაზია,  რომელსაც გასაბჭოებამდე ხელმძღვანელობდა.

  პოლიკარპე ლორთქიფანიძე

პოლიკარპე  ლორთქიფანიძე მუშაობდა ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებლად, აგრეთვე ძველი სენაკის მეაბრეშუმეთა ამხანაგობა „შუამავლის“ მმართველად.

       ის იყო ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სენაკის განყოფილების წევრი (1909-1917წწ.), გამგეობის მდივანი, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში-ახალსენაკის ქალაქის თავი.

პოლიკარპე ლორთქიფანიძე

          1919 წლის 22 ივნისს ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნების შედეგად, ახალსენაკის საქალაქო საბჭოში 20 ხმოსანი აირჩიეს, ქალაქისთავი კი კვლავ  პოლიკარპე ლორთქიფანიძე გახდა. პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძის  მეუღლე იყო  სენაკელი ოლღა (კუკუ) ანდრონიკეს ას. სალაყაია.   მისი ქალიშვილებიც  ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათ დიდი სიყვარულით იხსენებს ზემოთ ნახსენებ ,,მოგონებებში“ ფუცუ დგებუაძე-ფულარია.

აკაკი ალექსის ძე ხორავა

    აკაკი ალექსის ძე ხორავა - ქართველი მსახიობი და პედაგოგი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი,  დაიბადა 1895 წლის 17 აპრილს (29 აპრილი), ზუგდიდის მაზრის სოფელ ოჩხომურში (ახლანდელი ჩხოროწყუს რაიონი).

              ივლიტა ნესტორის ასული დადიანი-ჩიჩუასი(1883-196?)ცნობილი ბანკირის,- საზოგადო მოღვაწის, ქველმოქმედის, აკაკი წერეთლისა, ნიკო ნიკოლაძისა და  ნ.გ. ჩერნიშევსკის  მეგობრის- თავად გიორგი ჩიჩუას მეუღლე.


ივლიტა ნესტორის ასული
დადიანი-ჩიჩუასი

გიორგი კონსტანტინეს ძე ჩიჩუა  
(1838-1924)
    გიორგი ჩიჩუა -  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი  წევრი (1910-). იყო თავისი ქვეყნის კეთილდღეობისათვის დაუღალავად მშრომელი, უაღრესად  კეთილი ადამიანი, რომლის თაოსნობითაც სოფლად ხსნიდნენ სკოლებს, გაჰყავდათ გზატკეცილები და რომელიც დაუზარებლად ზრუნავდა პროგრესისათვის. 24 წლის ასაკში თამადა იყო ილია ჭავჭავაძის სტუმრობისას სამეგრელოში, მექი ფაღავასთან ერთ–ერთ სუფრაზე.  გიორგი ჩიჩუა დახვრიტეს 1924 წელს, 86 წლის ასაკში. 

ოლღა ფილიპეს ას. გორგაძე-არსენიშვილისა

იორონიმე მიხეილის ძე არსენიშვილი

          იორონიმე მიხეილის ძე არსენიშვილი და ოლღა ფილიპეს ას. გორგაძე-არსენიშვილისა- „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების“ სენაკის განყოფილების გამგეობის წევრები (1910-). იერონიმე არსენიშვილი დაიბადა სოფელ ოკრიბაში. მოღვაწეობდა ქალაქ ქუთაისში და იყო ქუთაისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი.

 რევოლუციის შემდეგ არსენიშვილების ოჯახის ბედი შეიცვალა. იერონიმე და ოლღა საცხოვრებლად თბილისში გადვიდნენ და ბინა დაიდეს ვერაზე. იერონიმესა და ოლღას ჰყავდათ ოთხი შვილი-სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ოთხივე შვილი თავის პროფესიაში წარმატებული და პროფესიონალები იყვნენ. დაკრძალული არიან ვაკის სასაფლაოზე.

        ადვოკატი ბესარიონ ხოფერია, ნიკო ნიკოლაძის მეგობარი;  კონსტანტინე ყურაშვილი,


ექიმი იპოლიტე ჩხეტია,  ნინო  ჩიჩუა-მიქელაძისა, დეკანოზი არისტარხო კალანდარიშვილი, მასწავლებელი ფლორენცია კალანდარიშვილი-ნადარეიშვილისა, ზაქარ ხაჯალია -1912წლიდან ქშწკგ საზოგადოების ახალციხის განყოფილების,  ხოლო-1919 წლიდან, სენაკის განყოფილების წევრი; პოლიტიკოსი პეტრე ქავთარაძე-შემდგომში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

 რა ბედი ეწია ოლღას ?                                               

ოლღა ბერიძე-ხოფერია,ივლიანე  და 
ალექსანდრე(ბიჭუნა) ხოფერიები

    ქშწკგ საზოგადოების სენაკის განყოფილების დახურვის შემდეგ (1921წ.) ალბათ ოჯახის საქმეებით იყო დაკავებული. მაშინ დაახლოებით 45 წლისა  იქნებოდა; შვილები-გიორგი, ნინო და ალექსანდრე შესაბამისად, 20, 17 და 12 წლისა ჰყავდა, მათ დედის გვერდში დგომა და ზრუნვა სჭირდებოდათ.

1930-იანი წლების სენაკელ ექიმთა საზოგადოება ივ.ხოფერიას სახლის აივანზე

      რთული დრო იყო,  ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით მას მერე, რაც საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა. ოლღას სამი ძმა ემიგრაციაში წავიდა. დარჩენილები თითქოს შეეწყვნენ ახალ ცხოვრებას, მაგრამ ვერც ისინი გადაურჩნენ 1937 წლის რეპრესიებს, რომლის კვალდაკვალ ყველა ინფორმაცია ამ ოჯახზე დაიხურა. თითქმის ყველა წყაროდან გაქრა მათი შრომის, ქვეყნის წინაშე დამსახურების დამადასტურებელი მასალა. სამწუხაროდ, მხოლოდ ზეპირ გადმოცემებსა და სენაკელთა ოჯახებში დარჩენილ ძველ  კოლექტიურ ფოტოებს თუ შემორჩა  მათი სახე და სახელები. აი, მაგალითად, ზედა ფოტო ქალბატონმა თამარ გურამის ას. წერეთელმა მოგვაწოდა თავისი საოჯახო არქივიდან. მასზე რამდენიმე ქალბატონის ვინაობა დღემდე უცნობია. თუმცა ვვარაუდობდით, რომ ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი ოლღა უნდა ყოფილიყო, რადგანაც ეს  ფოტო ახალსენაკში, 30-იან წლებში,  ექიმის- ივლიანე ხოფერიასა  და საზოგადო მოღვაწის -ოლღა ბერიძე-ხოფერიას სახლის აივანზეა გადაღებული.

            თუმცა,  დიდი ხნის ძებნის შემდეგ, საბედნიეროდ - მივაკვლიეთ ოლღა და ივლიანე ხოფერიების ნათესავს, სენაკში- ქალბატონ ლალი ხარშილაძე- ხოფერიას,  და თბილისში შვილიშვილებს-ირმა და ნინო ალექსანდრეს ასულ ხოფერიებს. მათი დახმარებით, მოგონებებითა  და სათუთად შენახული ფოტოებით  გავაცოცხლეთ   სენაკელთა სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოამაგე ღვაწლმოსილ ადამიანთა სახეები-ქალბატონ ოლღასი და ბატონ ივლიანესი.

          ასევე, ჩვენ ხელთაა მათი  შვილების- გიორგი(1901-1937), ნინო(1904-1967) და ალექსანდრე(1937-1995) ხოფერიების უნიკალური ფოტოები.

მარცხნიდან: ალექსანდრე, გიორგი და ნინო ხოფერიები
  
                   შთამომავალთა პოვნამდე კი, ინტერნეტში აღმოჩენილი  ოლღა  და ივლიანე  ხოფერიას უფროს ვაჟზე- გიორგი (გუგუტა) ხოფერიაზე  მხოლოდ  რეპრესირებულ პირთა შესახებ ოფიციალური წყაროს  მშრალი ინფორმაციით შევიტყვეთ:

ხოფერია გიორგი ივლიანეს ძე

1937 წლის 22 ნოემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1901 წ.      ეროვნება: ქართველი

ოჯახური მდგ.: -    დაბადების ადგილი: საქართველო, მარტვილი

საცხოვრ. ადგილი: -      განათლება: უმაღლესი

სოც. წარმომავლობა: აზნაური    პარტიულობა: უპარტიო

სამუშაო ადგილი: მეცხოველეობის ტრესტის საგეგმო განყოფილების გამგე

განყოფილება: შინსახკომის მე-3 განყოფილება

გაასამართლა: შინსახკომის სამეული 1937 წ.

მომხსენებელი: ალექსეიჩუკი;   მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი

ბრალად ედება: რომ კ/რ მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომლის დავალებითაც 1931 წ. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ტრესტ „რამი საქართველოს“ დაგეგმვის ხაზით.

მუხლი: 58-7, 58-11   სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

სხდომის თარიღი: 12/13/1937     

 დახვრეტის თარიღი: 12/27/1937.

(http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=10432):        

ივლიანე და გიორგი(გუგუტა)  
ხოფერიები

ივლიანე და ალექსანდრე(ბიჭუნა)  ხოფერიები

            გიორგი (გუგუტა) ხოფერია  1937წლის 13 დეკემბერს მავნებლური ორგანიზაციის წევრის ბრალდებით დააპატიმრეს და 14 დღის შემდეგ, 27 დეკემბერს დახვრიტეს. 36 წლისა იყო.  განათლება ბელგიაში მიუღია, ჰყავდა მეუღლე მარსელინა(მარსელიკო) კაკაბაძე, ისიც ადრე გარდაცვლილა... შვილი არ დარჩენია.

      ოლღა ხოფერიას ქალიშვილი  ნინო ხოფერია-ღვამიჩავასი (1904-1967), უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრის პედაგოგი იყო, ჰყავდა ერთი ქალიშვილი-ნანა ღვამიჩავა (გარდ. 62 წლისა). ინფორმაცია  ნინოს მეუღლეზე,  ექიმზე, ყოფილ ბოლშევიკზე,   ერასტი რომანის ძე ღვამიჩავაზეც(1892-1937) რეპრესირებულთა სიაში იძებნება.   

ივლიანე და ალექსანდრე(ბიჭუნა) ხოფერიები

              ნინოსა და ირმას  ცნობით, ოჯახის სიძეც  გაურკვეველი მიზეზით დააპატიმრეს და დიდხანს  არაფერი იცოდნენ მის ბედზე, ისევე როგორც გიორგი ხოფერიაზე. ამ ორმა უზარმაზარმა ტრაგედიამ ალბათ დიდი სულიერი ტრავმა მიაყენა ოჯახს. ორ წელიწადში -1939 წელს ქ. ცხაკაიაში   ივლიანე ხოფერია გარდაიცვალა.

       მეორე ვაჟიშვილი -  ალექსანდრე (ბიჭუნა), პროფესიით ელექტროინჟინერი, ცხოვრობდა თბილისში, ჰყავდა მეუღლე-რიმა ქვათაძე (1937-1995) და მის გვარს აგრძელებს  ორი შესანიშნავი ქალიშვილი: ნინო და ირმა ალექსანდრეს ასული ხოფერიები. ნინო და ირმა მაშინ დაიბადნენ, როცა ბებია უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მშობლებისგან ბევრი რამ იციან, იხსენებენ და ყვებიან  თავიანთ მართლაც საამაყო ბებია-ბაბუაზე.

       დაახლოებით 1940-იანი წლებიდან  ოლღა ხოფერია (მეუღლის გარდაცვალების შემდეგ)  საცხოვრებლად  გადავიდა თბილისში, შვილებთან,  ყოფილ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (ახლანდელი  ქიაჩელის ქუჩა). გარდაიცვალა 1960 წელს, 84 წლის ასაკში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე,  მეუღლის-ივლიანეს გვერდით, რომელიც  სენაკიდან გადაასვენეს.

     იქვე განისვენებენ  მათი შვილები, ნინო და ალექსანდრე(ბიჭუნა) ხოფერიებიც,  გიორგის (გუგუტა)საფლავი კი უცნობია.

ნინო ალექსანდრეს ას. ხოფერია

ირმა ალექსანდრეს ას ხოფერია

            ნინო და ირმა ჩემთან  საუბარში სიყვარულით იხსენებენ სენაკს. თბილისიდან მამას 80-იან წლებში  პატარებიც ჩამოჰყავდა ხოფერიების ძირ ოჯახში, სახლში, რომელიც ახლაც დგას მათი ბაბუის-ივლიანე ხოფერიას სახელობის ქუჩაზე, და სადაც დღემდე  ცხოვრობენ ივლიანეს ძმისშვილის- ანდრია დავითის ძე ხოფერიას შვილთაშვილები, ზემოთ ნახსენები, ქალბატონი ლალი ხარშილაძე-ხოფერიას ვაჟის- ანდრი მურთაზის ძე ხოფერიას ოჯახი. 

          ისიც კარგად ახსოვთ, მამამ  თავისი ბავშვობის სენაკის სახლი დადიანის (ყოფილ მახარაძის ქუჩაზე)  როგორ დაათვალიერებინა. უყვებოდა თავის ბიძაშვილ-დეიდაშვილებთან ერთად იქ გატარებულ ზღაპრულ დღეებზე; ახსოვთ,როგორ აჰყავდა თეკლათის დედათა მონასტერში  მისი დიდი წინაპრების საფლავებთან  სანთლების დასანთებად, როგორ მოიკითხავდა სიყვარულით, ნათესავივით იქ შემორჩენილ თითოოროლა  მონაზონს.

ოლღა ბერიძე-ხოფერიასი და
შვილიშვილი ნანა ღვამიჩავა

ივლიანე ხოფერია შვილიშვილთან ნანა ღვამიჩავასთან
(გადაღებულია 1939წლამდე)

       ალექსანდრე(ბიჭუნა) ხოფერია 1987 წელს, ხოლო მისი მეუღლე-რიმა ქვათაძე 1995 წელს გარდაიცვალნენ.

ბიჭუნა ხოფერია და   რიმა ქვათაძე

ლალი ხარშილაძე-ხოფერია შვილიშვილთან-თეკლა ხოფერიასთან

ქალბატონ ლალი ხოფერიას მოგონებით, ორივე არაჩვეულებრივად წარმოსადეგი, თბილი, განათლებული, სენაკზე შეყვარებული პიროვნება ყოფილა.  შვილებიც ღირსეული დაუტოვებიათ. ორივეს, ნინოს და ირმას სამხატვრო აკადემია აქვთ დამთავრებული. არიან მხატვრები, ემსახურებიან საყვარელ საქმეს- ქსოვილის მოხატვას, საქმიანობენ ,,ხოფერია სტუდიო“-ში. ზრდიან შვილებს: ნინო-ანას  და სალომეს, ხოლო ირმა- ბაბუის მოსახელე, ალექსანდრეს. სამივენი გატაცებული არიან მხატვრობით, მუსიკით.

ბერიძეების ოჯახი

დასასრულს, ორიოდე სიტყვით მინდა მოგითხროთ ოლღა ბერიძის  და-ძმებზე, რომლებიც თითქმის  ყველანი, უმაღლესი განათლებით,  იმ დროის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულნი და თანამედროვეთათვის საკმაოდ ცნობილი ადამიანები ყოფილან. საკმარისია მათ შესახებ მოძიებული რამდენიმე ინფორმაცია, რომ ამაში დავრწმუნდეთ.

ჩვენ  ხელთაა ძალიან საინტერესო და უნიკალური ფოტო, სავარაუდოდ 1912 წელს გადაღებული, რომელზეც გიორგი და ეფროსინე ბერიძეების ოჯახის ყველა შვილი ჩანს:       ცხრა ვაჟი და სამი ქალიშვილი დედასთან ერთად. მხოლოდ ოჯახის უფროსს ვერ ვხედავთ ფოტოზე და სამგლოვიარო შავები ვფიქრობთ, მისი გარდაცვალების მანიშნებელია.

 ფოტოზე შუაში ზის დედა-ეფროსინე გიორგის ასული ახვლედიანი-ბერიძისა;     

 შვილები: დგანან მარცხნიდან მეორე -შალვა ბერიძე, მესამე გრიგოლ(გრიშა ბერიძე), მეოთხე- აგრაფინა ბერიძე-დვალისა, მეხუთე -მამა ბიქტორ ბერიძე, მეექვსე - ოლღა ბერიძე-ხოფერიასი.      

სხედან მარცხნიდან მარიამ (ძაბულა) ბერიძე, სავარძელში ზის კალისტრატრ ბერიძე,  სხვების ამოცნობა ჯერჯერობით არ მოხერხდა. საინტერესოა, ამ ფოტოს მეორე ვარიანტიც, რომელზეც იგივე პიროვნებები არიან, იგივე შემადგენლობით, მხოლოდ დედის-ეფროსინეს გარეშე.

       უფროსი ძმა- კალისტრატე გიორგის ძე ბერიძე ( 1871 – 1926 ) ​პეტერბურგში. მსახურობდა პრეობრაჟენსკის პოლკში 1904-1905 წლებში. იბრძოდა რუსეთ-იაპონიის ომში. იყო მეფის არმიის პოლკოვნიკი. იბრძოდა თეთრგვარდიელთა მხარეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1918–1921 гг. წლებში, გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის წევრი. მუშაობდა თავდაცვის მინისტრის გრიგოლ გიორგაძის მრჩევლად.

      საინტერესოა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში 1919 წლის 25 დეკემბერს ძმებს კალისტრატე, ბიქტორ, ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, ​​შალვა და ნესტორ გიორგის ძე ბერიძეებს დაუარსებიათ სავაჭრო სამრეწველო საკომისიო სახლი „ძმური საქმე“, რომლის მიზანი იყო  საზღვარგარეთიდან საქონლის შემოტანა, ყიდვა-გაყიდვა და სავაჭრო-სამრეწველო მინდობილობების შესრულება.  საკომისიო სახლის მართვა - გამგეობა    მინდობილი ჰქონდა კალისტრატე გიორგის ძე ბერიძეს.     

კალისტრატე ბერიძე

 თამარ ( ციცა)  კალისტრატეს ას. ბერიძე

         ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის თებერვალი – მარტი) შემდეგ კალისტრატე ბერიძე პოლიტემიგრანტია. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საქმიანობას. წერდა ლექსებს, რომლებიც აღსავსეა საოცარი ნოსტალგიითა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით.

         1930წელს გაზეთ „სამშობლოში“ (N8) დაიბეჭდა მისი ლექსი «ჩვენს გმირს», რომელიც მან 1924წლის ბოლოს დაწერა და მიუძღვნა საფრანგეთში ახლად ჩასულ ქაქუცა ჩოლოყაშვილს“. კალისტრატე ბერიძე გარდაიცვალა პარიზში, 1926წელს, დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

         ცნობილია, რომ მადრიდში ცხოვრობდა მისი ქალიშვილი  თამარ(ციცა) კალისტრატეს ას ბერიძე  (Малхаз Эбралидзе.«Витязь в тигровой шкуре» в Италии. გაზ. «Тбилисская неделя» N27 9-14 июля 2014). და მისი ძმა, გიორგი(გოგი) ბერიძე. ამბობენ, რომ ქ-ნი ციცა ძალიან თბილი და ესპანეთში ჩასულ ქართველთა დიდი მოამაგე იყო. შემორჩენილია მისი ფოტო ცნობილ ქართველ ფეხბურთელთან, დავით ყიფიანთან, ერთ-ერთი მატჩის დროს ტრამვამიღებული ფეხბურთელი მისი მზრუნველობის ქვეშ ყოფილა.

       თამარ ბერიძე და დავით ყიფიანი  

 ქალბატონ თამარზე და მის ძმაზე, გიორგი ბერიძეზე ცნობებს გვაწვდის ბატონი გურამ შარაძე, რომელიც 1989 წელს მას სტუმრობდა მადრიდში: „კალისტრატეს ჰყოლია ქალ-ვაჟი-თამარი და გიორგი. კალისტრატე ადრე გარდაცვლილა და ობოლ ძმისწულებს დედასთან ერთად თურმე უცოლშვილო ბიძა-გრიშა ბერიძე პატრონობდა. გრიშა ბერიძე საკმაოდ მსხვილი ბიზნესმენი გამხდარა (საკუთარი მაღაროები ჰქონია მაროკოში). თამარი, რომელსაც განათლება ოქსფორდში მიუღია და რვა ენას (ქართული, რუსული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, რუმინული, გერმანული, იტალიური) ფლობდა, ბიძას ეხმარებოდა საქმის წარმოებაში, როგორც მდივანი.  თამარის ძმა-გიორგი ბერიძე ახლახან გარდაცვლილა პარიზში, მისი ქალიშვილებიც-მიშელ და დომინიკ ბერიძეები პარიზში ცხოვრობენ. თამარ ბერიძეს მეუღლე-რუმინელი სამხედრო პირი მიხაილ ნიკოლაესკუ 1974წელს გარდაცვლილა და ახლა იგი მარტო ცხოვრობს მადრიდში“.(გ. შარაძე „უცხოეთის ცის ქვეშ“ 1991წ. წიგნი1, გვ.600).

          გრიგოლ  (გრიშა ) გიორგის ძე  ბერიძეს( ?-1968)   მიღებული ჰქონდა უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიური განხრით  ტალინის უნივერსიტეტში; მასზე იძებნება ინფორმაცია  დამოუკიდებელ საქართველოში როგორც სახელმწიფო და  კომერციულ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ პირზე. მაგალითად,1918 წლის 8 ივნისს გრიგოლ ბერიძე სახელმწიფო ბანკის კომისარია, ხოლო 1920 წელს,თბილისში სამეურნეო ბანკის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.  

        1920 წლის იანვარში მომარაგების მინისტრ გიორგი პავლეს ძე ერაძესა და ფირმა „კოსმოსის“ მთავარ რწმუნებულ გ. გ. ბერიძეს შორის იდება  შეთანხმება სამხრეთ ამერიკიდან ფირმა „კოსმოსის“ მიერ საქართველოსთვის 4 000 ტონა პურის გამოგზავნის თაობაზე.

               1920 წელს ინგლისის აქციონერული საზოგადოების  „კოსმოს ტრედინგ კ-ო ლიმიტედის“ სტამბოლის, კავკასიის, თურქესტანისა და სპარსეთის  წარმომადგენელ  დირექტორს გ. გ. ბერიძე წარმოადგენდა. ფირმის მთავარი ბიურო  იყო თბილისში ბარონის ქუჩა N15-ში.

          გ. ბერიძეს შემდეგ ცენტრალურ აზიაში შუა აზიის ქვეყნების ფედერაციის (ცენტრით ბუხარაში) ფინანსთა მინისტრის პორთფელი ებარა. იქვე დაოჯახდა ეროვნებით რუს ქალზე, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი; შემდეგ მოუწიათ ერთად საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლა.სამწუხაროდ საკუთარი შვილი არასოდეს ჰყოლია, თუმცა როგორც უკვე ბატონ გურამ შარაძის მონათხრობიდან ვიცით პატრონობდა ძმისშვილებს. პარიზში საბანკო-საფინანსო საქმიანობაში თავისი გამორჩეული ნიჭის წყალობით მოკლე დროში იმდენად წარმატებული შეიქნა, რომ საქვეყნოდ ცნობილი მრეწველთა დინასტიის კრუპების წარმომადგენელი თავის უზარმაზარ ფულად რესურსებს მხოლოდ ბატონი ბერიძის საბანკო დაწესებულებას ანდობდა. ესპანეთში ცხოვრებისას იყო ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი, ფლობდა  ტყვიის მაღაროებს მაროკოში,რომლის საქმის წარმოებაში როგორც ვიცით ძმისშვილი - თამარი მდივნის სტატუსით ეხმარებოდა.

ციცა და გრიშა ბერიძეები, ციცას მეუღლე - მიხეილი იანვ-1963წ

 გრიშა ბერიძე 1945 წელს მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად, კარგად იცნობდა ესპანელ დიქტატორს ფრანკოს, ახლო მეგობრობა ჰქონდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის შთამომავალ ირაკლი ბაგრატიონთან. პირადად იცნობდა იმდროინდელი ევროპის ელიტარული წრეების არაერთ ცნობილ წარმომადგენელს, საკმარისია დავასახელოთ XX საუკუნის უდიდესი მოცეკვავე და რენოვატორი ქორეოგრაფი, თითქმის 30 წლის მანძილზე პარიზის გრანდ ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, ბალეტმაისტერი, სერჟ ლიფარი, რომელმაც 1946 წლის 5 მაისს, მონტე-კარლოს საოპერო თეატრში დადგა ბალეტი ,,შოთა რუსთაველი"; ჰოლივუდის კინოვარსკვლავი ავა გარდნერი, ვისთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. გრიშა ბერიძე განთქმული იყო ქველმოქმედებითაც. ის უშურველად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს და მათ თავისივე სახელობის სტიპენდიას უნიშნავდა.

   აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წმ. ერისკაცის ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გატანილი ქართული ეროვნული საგანძურის შემნახველი სალაროს გადასახადსაც ის იხდიდა.

        მან ასევე დაითანხმა ფრანკო, რომ ქ. მადრიდში, ნიკარაგუას ქუჩაზე მიწის ნაკვეთი გამოეყო, სადაც წმ.ანდრიასა და დემეტრეს სახ. ორთოდოქსული, ბერძნული ეკლესია აშენდა, რომელიც   დღემდე ფუნქციონირებს. გრიშა ბერიძე 1968 წელს, მადრიდში გარდაიცვალა და დღესაც ამ ეკლესიის სასაფლაოზე განისვენებს.

              ბიქტორ  გიორგის ძე ბერიძე (1872-?), სასულიერო პირი. 1892 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი  და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1899 წელს დაასრულა. ბიქტორ ბერიძე წლების მანძილზე გორის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.   

  სხედან ბიქტორ ბერიძე(მარცხნივ) და ივლიანე ხოფერია
დგას გუგუტა  ხოფერია და ოლღას კიდევ ერთი ძმა

       1901 წლის 21 თებერვალს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ბიქტორ ბერიძე სენაკის სკოლის მასწავლებელი იყო.  „შინაური საქმეები“ 1912_N33-ში ვკითხულობთ, რომ მამის დიდი სურვილის თანახმად 1912წელს ბიქტორ  გიორგის ძე ბერიძე ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მის ადგილზე ალერტის ეკლესიაში. შემდეგ,  1913 წელს ალერტის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს, სადაც  1922წელსაც იხსენიება.

          ახალ-სენაკის საზოგადოების სახელით მის მიერ 1902წლის 14  მარტს  ვასო აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის  25 იუბილესთან დაკავშირებით  ქუთაისში წაკითხულ იქნა მილოცვა.  მონაწილეობას იღებდა 1917 და 1920 წელს ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ და მეორე საეკლესიო კრებებში.

      1922 წელს, კომუნისტების მიერ,  ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ალერტის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება და კვლავ ალერტის ოლქის მთავარხუცესია. მამა ბიკტორის ცხოვრების შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ 1920-იან წლებში გარდაიცვალა. 

მიხეილ  გიორგის ძე  ბერიძე-  გვაქვს მხოლოდ ერთი ცნობა მიხეილ ბერიძეზე, რომელიც ამ სავიზიტო ბარათმა შემოგვინახა


           შალვა გიორგის ძე ბერიძე  (29. II. 1892, ახალსენაკი  21. II. 1970, რომი), მკვლევარი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. მასზე გასული საუკუნის 70-იან წლებამდე საქართველოში  თითქმის არაფერი იყო ცნობილი.


შ. ბერიძის წიგნი  ,,სათაყვანებელი გენია“

  სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, და მოსკოვის რუსული ლიტერატურისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ სორბონის უნივერსიტეტის ფრანგული  ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ამ პერიოდში ხშირად აქვეყნებდა ნაშრომებს ქართველ მწერლებზე. 1916 აკად. ნ. მარის რეკომენდაციით პეტერბურგის უნივერსიტეტიდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიავლინეს საზღვარგარეთ.

           1918წელს  მუშაობდა თბილისის  უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრაზე. 1919წლის მარტში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ აკად. ნიკო მარის ინიციატივით შალვა ბერიძეს მიანდო შეკრება და ჩაწერა მეგრული სიტყვიერებისა და ეთნოგრაფიული მასალებისა. აღნიშნული სამეცნიერო დავალების შესასრულებლად შ. ბერიძე, რომელიც ამ დროს მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში მოღვაწეობდა,1919 წელს ჩამოსულა სამეგრელოში, ახალსენაკში, სადაც შედარებით მოკლე დროში დიდძალი მასალა შეუგროვებია, რასაც მოწმობს 1920წელს თბილისში ხელნაწერის უფლებით გამოცემული 220-გვერდიანი წიგნი „მეგრული (ივერიული) ენა, შესავალი და მასალები“.

         1920 წლის 10 თებერვალს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა ბერიძის „ნაციონალური ჰიმნი“.

        1920 კვლავ გაემგზავრა საზღვარგარეთ და აღარ დაბრუნებულა. ცოლად შეირთო პოეტი კატერინა რუბერტო. სამწუხაროდ შთამომავლობა არ დარჩენია.

        1924წლის სექტემბრის მიწურულს პარიზში შალვა ბერიძის თაოსნობით  შეიქმნა ქართველ პატრიოტთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგი’’, რომელიც არასოციალისტური პოლიტიკური

ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის აქტიურ წარმომადგენელთა ჯგუფმა დააფუძნა.  მეორე სხდომაზე  შეფიცულებთან ერთად მიწვეულმა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა წამოაყენა  წინადადება, რომ ორგანიზაციისათვის ეწოდებინათ „თეთრი გიორგი“, ვინაიდან გველეშაპის განმგმირავი თეთრი გიორგი იყო ქედუხრელი, მებრძოლი საქართველოს სიმბოლო. ორგანიზაციას სათავეში ლეო კერესელიძე და მიხაკო წერეთელი ჩაუდგნენ.

     პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად შალვა ბერიძე  ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა.  

         1931 წელს პრინცესა სალომე (მია) ნიკოს ასულ   დადიანი-ობოლენსკაიას(1878-1961) ინიციატივით საქართველოს შესახებ ჩატარებულ კონფერენციაზე გამოვიდა მოხსენებით „გველისმჭამელი – ქართული პოემა“, და მონაწილეობა მიიღო „ვეფხისტყაოსნის“ განხილვაში. 1936 წელს „პარიზში მყოფ ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა ასოციაციის“ მიერ გამართულ ვაჟა–ფშაველას გარდაცვალების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ სალიტერატურო სხდომაზე ფრანგულად წაიკითხა მოხსენება „ვაჟა და მისი აფორიზმები“.

სალომე (მია) ნიკოს ას  დადიანი-ობოლენსკაია

იყო ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი. ამ პერიოდში ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა და აქვეყნებდა ნაშრომებს ინგლ., ფრანგ., იტალ. ენებზე. დიდი წვლილი მიუძღვის რუსთაველის შემოქმედების შესწავლისა და «ვეფხისტყაოსნის» თარგმნის საქმეში. 1945წ მილანში  იტალიურ ენაზე გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული თარგმანი თავისივე წინასიტყვაობით, ფულვიო ბიანკონის ილუსტრაციებით.

1967წელს  რომში გამოსცა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი „აფორიზმები“, გამოსაცემად მზად ჰქონდა კიდევ მრავალი ნაშრომი, მათ  შორის „ქართული ენის ელემენტები“, „რუსთაველის პოემა“ (ფრანგ. ენაზე), „მონღოლები კავკასიაში“ და სხვ.


აგრაფენა გიორგის ასული ბერიძე (1878-?)  ოლღას მსგავსად აქტიურ საზოგადო მოღვაწეობას ეწეოდ ა დაქორწინებამდე და ქორწინების შემდეგაც. . ის იყო მეუღლე რაფიელ სპირიდონის ძე დვალის - დადიანების ოჯახთან დაახლოებული პირისა, რომელიც მოღვაწეობდა დადიანების მამულში, მარტვილში. მათი შვილი იყო ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი რაფიელ დვალი (1909-1985). 

   1916 წლის 5 ივლისის გაზეთ ..სახალხო ფურცელში“ გვხვდება ასეთი ინფორმაცია: ,,1916 წლის 23 ივნისს ახალსენაკის სამკითხველოს დარბაზში გაიმართა ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრება... კრებამ გამგეობის წევრებად ერთხმად აირჩია კნეინა ნინო მიქელაძისა (თავმჯდომარე), აგრაფინა დვალისა, ნადია ხუნწარია, ფლორენცია კალანდარაშვილი, სამუელ კეკელია, ბარნაბა ლაბარტყავა და ვლადიმერ ჭეიშვილი...»(იხ. ი. კეკელია, ე. ბაღათურია. ახალსენაკის თეატრალური ქრონიკები 1881-1921. სენაკი 2024, გვ.77). 

 აგრაფინას შვილიშვილები - მარინა და ირინა ჭიჭინაძეები საქართველოში სამედიცინო დარგში მოღვაწეობენ.

 ნესტორ გიორგის ძე   ბერიძე  (1891-1937).  2019 წელს,  ბათუმში, ფრიდონ  

ხალვაშის  ქუჩის 338 ნომერში 1937-1938 წლებში  რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს, სადაც დახვრეტილ პირთა სიაში ოლღა ბერიძის ძმაც იძებნება: ბერიძე ნესტორ გიორგის ძე – დაბ. 1891 წელს, სენაკის რაიონში, მცხოვრები ქ. ბათუმში      

მარიამ (ძაბულა) გიორგის ასული ბერიძე ( 1897-1951 )     

დაიბადა სოფელ გურძემში ( მარტვილის რაიონი ).  რადგან მამა წინააღმდეგი იყო,  მშობლებისგან მალულად შეიტანა საბუთები და  1923  წელს დაამთავრა კიდეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტიიყო  ცნობილი მიკრობიოლოგი ,  პროფელიავას მოწაფე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი სადისერტაციო შრომა  - " ბოტულიზმის  საკითხის გარკვევისათვის » (1938).  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტი.  ჰყავდა შვილი, თამარ ბერიძე, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ ზრდიდა გუგუტას მეუღლე და შემდეგ იზრდებოდა ნინო და ალექსანდრე ხოფერიების ოჯახში. თამრიკო გათხოვდა, დარჩა შვილები და შვილიშვილები.                                


     ალბათ კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ოლღა ბერიძე-ხოფერიას, მისი ახლობლებისა და თანამოაზრეების მოღვაწეობაზე სამშობლოსა და ხალხის სამსახურში, მაგრამ, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ქალბატონი ოლღა  სენაკის მაზრაში, საქართველოსთვის ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო საქმიანობაში, სხვებთან ერთად უდიდეს როლს ასრულებდა.

ქართველთა შორის წერა-კითხვის
   გამავრცელებელი საზოგადოების მონუმენტი

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე დგას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი მიძღვნილი მონუმენტი, მასზე,  მიუხედავად დიდი დამსახურებისა და საგანმანათლებლო მოძრაობაში შეტანილი წვლილისა , არცერთი ქალი არის ნახსენები.         
სამწუხაროდ, არც ჩვენს პატარა ქალაქ სენაკში მიგვანიშნებს რაიმე, თუნდაც რომელიმე ქუჩის სახელი, ან მემორიალური დაფა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების სენაკის განყოფილებისა და მისი  უცვლელი ხელმღვანელის- ოლღა ბერიძე-ხოფერიას დიდ დამსახურებაზე სენაკის მაზრაში სწავლა-განათლების საქმეში.

        ქალბატონი ოლღა ბერიძე-ხოფერიასი იყო ღირსეული წევრი იმ ,,მაღალმნიშვნელოვანი საზოგადოებისა“, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის თქმით, ,,დანიშნულებად აქვს ერის განათლება“.

დღევანდელი სენაკის განათლებული საზოგადოება  თუ   რაიმე ფორმით  პატივს მიაგებს მას, 

 ჩვენი კვლევის მიზანს მიღწეულად ჩავთვლით.


           ციცინო  ყურაშვილი

      ექიმი, მკვლევარი, საზოგადოება ,,ჩვენი სენაკის" მუდმივი წევრი

             სენაკი, 4.02.2024