,,ღმერთებს ნოკო ხელში აყვანილი მიჰყავდათ და ჩვენდა
სასიხარულოდ საქართველოში ჩამოუვარდათო“ - ამბობდა ნოდარ დუმბაძე. ეს ,,ჩამოვარდნა
“ 1905 წლის 15 თებერვალს მომხდარა. გენიალური ნოდარ დუმბაძის სიტყვებს მხოლოდ ერთს
დავამატებდი - დიახ, ღმერთებს ნოკო ჩვენდა სასიხარულოდ საქართველოში, კერძოდ, კი სენაკში ჩამოუვარდათ.
სოფელ მენჯში, ხურციების გვარის სასიმღერო ნიჭისა და
მათი სახლიდან გამომავალი მრვალხმიანი, ქართული, მეგრული, მუსიკის შესახებ ამბები თაობიდან
თაობას გადაეცემა. რამდენადაც ცნობილია ნოკოს ტკბილხმიანობა ბავშვობიდან, გენეტიკურად
დაჰყოლია, შესანიშნავი მუსიკოსი ყოფილა ნოკოს მამიდა. წარსულში ადამიანები მეტად იყვნენ
შეკრულნი, რადგანაც სოფელში ბევრი გასართობი არ არსებობდა- ცეკვა-თამაში ამის საუკეთესო
საშუალებად მიიჩნეოდა. წარმოვიდგინოთ სოფლის ცენტრში, დიდი ცაცხვის ხის ჩრდილქვეშ,
შეკრებილი ხალხი, ზოგი ხის მორზე, ზოგიც ინახით მჯდომარე, ცენტრში მსხდომი მომღერლები
და იქვე - ჩვენი სოფლის ,,მაფშალია“ - ნოკო
ხურცია. ,,ჭალების მაფშალიად“ სახელდებულ ნოკოს წკრიალა ხმა ჰქონია, მას ხშირად წათამამებდნენ
თანასოფლელნი, ნოკოც არასდროს ტოვებდა მათ
გაწბილებულს.
საბედნიეროდ ნოკოს ხმის მოსმენა დღემდე შეუძლია ფოლკლორით,
ქართული ხალხური კულტურით დაინტერესებულ ადამიანს. ცხოვრებაში ქუდბედიანობაც საჭირო
რამ არისო, სწორედ ასე, ცხოვრების სარბიელზე, სოფლის ჭალებიდან გამომავალი და დიდი
გზებისკენ მიმავალი ახალგაზრდა ჭაბუკი შეხვდა
ცნობილ მუსიკის მასწავლებელს, ვალერიან გეგეჭკორს, შემდეგ ნოკოს ხმით მოხიბლული ლოტბარი,
რემა შელეგია სთვაზობს მას თავის გუნდში სიმღერას. ნოკოს დიდი მადლიერების განცდაც ჰქონდა იმ ადამიანების
მიმართ, რომლებმაც ის გზაზე დააყენეს, მას არ დავიწუებია თავისი დიდი მასწავლებლის
რემა შელეგიას ღვაწლი- ნოკო ვერ დაესწრო მასწავლებლის დაბადებიდან 60, ხოლო შემოქმედებითი
მოღვაწეობის 40 წლის აღსანიშნავ იუბილეს, რის გამოც ლექსი გამოგზავნა:
,,ჩემო ძვირფასო რემაო,
სიმღერამ
დაგამშვენაო,
მან მოგცა
შნო და ლაზათი,
ხალხური
აღმაფრენაო.“
ნოკო ხურცია გამორჩეული იყო თავისი ხმით(ტენორი), პოეტურობით,
არტისტიზმით და სხვა კეთილშობილური თვისებებით. მრვალია მოსათხრობი 1932 წლიდან, როდესაც
ნოკო დაბრუნდა ქალაქ სენაკში და ისევ რემა შელეგიას ანსამბლში მღერის. როგორც გრიგოლ
კოკელაძე იხსენებს: ,,ყოველთვის ცდილობდა (ნოკო) ანსამბლის საერთო ხმოვანება მაღალმხატვრულ
დონეზე ყოფილიყო. მისი რეპერტუარი საქართველოს რომელიმე კუთხის სიმღერებით არ ამოიწურებოდა.
მას ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი საქართველოს ყველა კუთხის (ქართლ-კახური, აფხაზური,
რაჭული, სვანური, გურული და სხვა) ხალხური სიმღერები, რომლებსაც სათანადო კოლორიტითა
და დამახასიათებელი იერით ასრულებდა.“
,,ნოკო კი არ მღერის , ქარგავს, ქარგავს!“ ასე უთქვამს ავქსენტი მეგრელიძეს. ნოკო ხურციას რეპერტუარში გამორჩეულია შემდეგი სიმღერები: ,,უტუს ლაშქრული“, საცეკვაო სიმღერა ,,ჰარირა“, ასევე შეუძლებელია ერთხელ მოუსმინო და არ განცვიფრდე ნოკოს მიერ შესრულებული სიმღერებით :,,თეშ იღბალი“, ,,ჭიჭე ტურა“, ,,სი ქოული ბატა“, ,,ართი ვარდი“ და სხვა.
მსურს ,,ლიტერატურული საქართველოს“ მკითხველს რამდენიმე
მნიშვნელოვანი მოგონება გავუზიარო ბორის შენგელაიას მიერ შედგენილი წიგნიდან ,,სიმღერის
უკვდავება“, რომელიც ნოკო ხურციას ეძღვნება, ამ მოგონებებს უცვლელად გთვაზობთ:
ჯანსუღ კახიძე - ,,ქართული სიმღერის-
ამ უნიკალური ფენომენის- ჯადოქარი გახლდათ ნოკო ხურცია. მისი უმაღლესი ტალანტი მარტო
სოლისტობით როდი შემოიფარგლებოდა. იგი უდიდესი იმპროვიზატორი , შესანიშნავი შემოქმედი
გახლდათ. მისი სიმღერა და შეთხზული მხოლოდ საოცრებას შეიძლება შევადაროთ. იგი უკვდავი
ქინება, როგორც თვით ქართული სიმღერა.“
ანანია ერქომაიშვილი - ,,არ იყო და
არ იქნება ნოკოსავით მომღერალი.“
ანზორ ერქომაიშვილი -,,ნოკო ხურცია
XXl საუკუნის მომღერალია.
ბაბუა პირადად იცნობდა დ. ანდღულაძეს, ვ.სარაჯიშვილს,
ნ.ხურციას. ნოკო უბადლო შემსრულებელი გახლდათ, მღელვარებას იწვევდა მისი ხმა , შესრულების
მანერა, იმპროვიზაციის საოცარი ნიჭი და უნარი.
ვალერიან გეგეჭკორი - ,,სიმღერა ბევრმა
იცის, მაგრამ ეს ბიჭი სულ სხვაა.“
ნოკო ხურცია სრულიად ახალგაზრდა, 1949 წლის 26 ნოემბერს,
გარდაიცვალა, მაგრამ მისი ხმა საუკუნოდ დარჩება- ,,ღმერთებს ნოკო საქართველოში ჩამოუვარდათ“,
ეს ჩამოვარდნაც დროებითი იყო, რომ მისი ღვთაებრივი ხმის მოსმენის შესაძლებლობა გვქონოდა.
44 წლის ასაკში ის კვლვ ზეცის მკვიდრი შეიქმნა. დასასრულს გთვაზობთ ერთ სტროფს პოეტ ეთერ ჯიშკარიანის ლექსიდან:
,,ახლა როცა
ქარს და ნიავს ,
სუნთქვა
მიაქვს ლერწმის ღერის,
მე მგონია
თეთრი ჩოხით,
გზა ხურცია მოიმღერის.“


.png)
No comments:
Post a Comment