ბატონებო და ქალბატონებო,
ეს სცენა, ეს თეატრი არის ის სახლი, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, კაცებად ჩამოვყალიბდით. და თუ რამე კარგი არის ჩვენში, ლომის წილი ამ სცენასაც მიუძღვის.
საოცარი საღამოა დღეს. ეს ჩემი სენაკია! დღეს ბატონ დამირთან ერთად მოვდიოდით და ვამბობდით — ახალგაზრდობა მოვიდა, აქ უკვე სხვა ხალხის ჟრიამული ისმის. და ეს ასე ყოფილა ყოველთვის. თავს გიხრით, ბატონო რეზო, ბატონო დამირ, თითოეულ თქვენგანს — ის, რაც დღეს აქ ვნახე, ეს არის ჩემი სენაკი.
სენაკი დიდი ხნის ქალაქი არ არის — მას მხოლოდ 140 წელი შეუსრულდა. გალაკტიონს აქვს ნათქვამი: „უშფოთველი ცხოვრება წყნარი, როგორც გუგული“. მართალია, ეს ხარაგაულზე აქვს ნათქვამი, მაგრამ ასეთი იყო სენაკიც — ლამაზი, კოხტა, წკრიალა ქალაქი საოცარი ადამიანებით, დახვეწილი ინტელიგენციით.
გოჩაც აქ არის, თუ არ ვცდები — ჩვენ ერთი თაობის ხალხი ვართ. გვახსოვს 60-იანი წლებიდან დაკრიალებული ქუჩები, საოცარი სისუფთავე და ლარივით დაჭიმული, „ბუტილკა“ შარვლებში გამოწყობილი, თავგადაპარსული თამაზ ადამია და მთელი წყება ულამაზესი ვაჟკაცებისა, რომლებიც დღეს აღარ არიან… მაგრამ დატოვეს — როგორ ვთქვა — ნამდვილი ლეგენდა.
ჩვენ მაშინ ბავშვები ვიყავით. ისინი ჩვენთვის რაღაც საოცარი გამონათება იყვნენ, თითქოს დიდ სამყაროსთან შეხება. სენაკელი ბიჭები — მურმან აბრამია, ბიჭიტი კეშელავა, თამაზი, ომიანე, კოტე, მელსი — რავიცი, რამდენი… საოცარი ადამიანები, დახვეწილები.
და მერე როგორ გააგრძელეს ეს ყველაფერი? რა ტრადიცია იყო!
კი, იყო კომუნისტური დრო. ბევრი რამ ჩარჩოში იყო მოქცეული. მაგრამ ქალაქის პატრონები, ტრადიციების გამგრძელებლები, სტუმარ-მასპინძლები თვითონ იყვნენ. მათ არასოდეს უკითხავთ, ვინ იყო რაიკომის მდივანი ან აღმასკომის თავმჯდომარე. ქალაქის სტუმრებს ისინი თავად მასპინძლობდნენ. და ეს იყო საოცრად ჰარმონიული ურთიერთობა — ოფიციალურ ხელისუფლებასა და ქალაქის ნამდვილ სახეს შორის.
და ასე იზრდებოდა თაობები.
დღეს აქ ბევრი ადამიანი გაიხსენეს — და კიდევ რამდენია გასახსენებელი…
საოცარი საღამოა.
კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ბატონი დიმიტრი. აქ ბატონი ბიჭუნას ვაჟიშვილიც ბრძანდება. ერთხელ ასეთი ამბავი მომიყვა: როდესაც ამ თეატრის საძირკველი იჭრებოდა, მოუტანიათ პატარა მედალი. გაუწმენდია — სიძველეების დიდი მოყვარული იყო — და აღმოჩნდა რა? ოლიმპიური მედალი! თურმე საბერძნეთში ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულს აჯილდოებდნენ ასეთი მედლით. გამოდის, რომ ოდესღაც ამ მიწაზე მცხოვრები კოლხი კაცი — აქ, სადაც დღეს ჩვენ ვდგავართ — ოლიმპიური მედლის მატარებელი ყოფილა.
აქ დღეს ბევრი ადამიანი ახსენეს. ახალგაზრდობიდან ბევრი წავიდა უცხოეთში. საქართველო ყოველთვის იყო დიდი სამყაროს ნაწილი — და თუ რამე კარგი იყო აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან, ის ყოველთვის ჩვენთან მოდიოდა.
სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა და მეამაყება: ჩემი სენაკი — ჩვენი სენაკი — თავისი ულამაზესი ადამიანებით მართლაც ღირსეულ შვილებს ზრდიდა. საოცრად პეწიანად გაგვზარდეს. ჩვენს თაობას ააცილეს ის ხინჯი და ის მძიმე მოტივები, რომლებიც კომუნისტურ საზოგადოებას ახლდა.
ბატონ გოჩასაც ვუყვებოდი ამას ჩემი თაობის ბიჭებთან ერთად. განსხვავება მართლაც დიდი იყო. სკოლა რომ დავამთავრე, ისეთი პედაგოგები მყავდა, როგორიც იყვნენ ჟორა ურიდია და გრიშა ჭანტურია — მე ასეთი პროფესორები მერე არც მინახავს. ჟორა ურიდიასნაირი დირექტორი აკადემიას გაუძღვებოდა.
და რამდენი ვინმე შეიძლება გავიხსენოთ… თუნდაც ტერენტი ყიფიანის სენაკში სიარული. გაუთავებლად შეიძლება ამაზე საუბარი. ეს ხალხი უპრეტენზიოდ ცხოვრობდა პატარა ქალაქში. არავის ჰქონდა სურვილი თბილისში ან სადმე სხვაგან გაქცევის — იმიტომ რომ უყვარდათ თავიანთი ქალაქი და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შვილები აქ გაეზარდათ.
ახლა კი მინდა დავასრულო.
სკოლა რომ დავამთავრე და რუსეთში მოვხვდი, ჩემთვის უზარმაზარი სამყარო გაიხსნა. აქ ყველაფერს თავისუფლად ვამბობდი, არაფრის მერიდებოდა. იქ კი თითქოს პირზე ბოქლომი დავიდე და ვიგრძენი, რას ნიშნავდა კომუნისტური სამყარო.
და ეს — რომ ჩვენი სული არ დამახინჯებულიყო — სწორედ ამ უფროსმა თაობამ მოახერხა. ამ ადამიანებმა აგვაცილეს ბევრი რამ.
დიდი მადლობა, ბატონო რეზო. დიდი მადლობა ყველას ამ შესანიშნავი საღამოსთვის.
„ხსოვნის საღამო სენაკში“
პაატა ქურდოვანიძის გამოსვლა
სენაკის დრამატული თეატრი
სექტემბერი, 2011
.png)
No comments:
Post a Comment