სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი
საუკეთესო ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
არქიტექტურითა და სხვა ღირსშესანიშნაობებით წარმოუდგენელია თავისი სულიერი ემბაზის,
მენჯის მთვარანგელოზთა სახელობის მონასტრისა და სავანის, ჩვენი ქალაქის, დიდი იღუმენისა
და სულიერი მამის, მღვდელ-მონაზონ ალექსი შუშანიას გარეშე. სწორედ ეს მონასტერი: აღმშენებლისა
და დიდი მოღვაწის, ასკეტისა ღვთისმეტყველის, მეცნიერებისა
და ღვთისმეტყველების შემაერთებლის, საზოგადო მოღვაწის და სხვა მრავალ ღვთივსათნო
რეგალიათა მფლობელის დიდი ღვაწლით შეიქნა მთელი საქართველოს საბერმონაზვნო ტრადიციის
გადარჩენისა და აღორძინების ერთ-ერთ ძლიერ კერად - მონასტერი მსგავსი და გამგრძელებელი
ათონურ მონასტერთა და ათონელ მამათა ტრადიციებისა,
უფრო მეტიც, მთელი ეს სიმდიდრე გაერთიანდა ერთი ადამიანის 70 წლიან ცხოვრებაში: საღვთისმეტყველო
მოღვაწეობა, სოციალური მსახურება, კალიგრაფიული საქმე და გამორჩეული სამონასტრო კერის
დაარსება, სულიერ შვილთა, ბერ-მონაზონთა და არა მხოლოდ (ერისკაცთა[1]),
სულიერი ხელმძღვანელობა და მუდამ საქმით გამოხატული
მოქალაქეობა!
წინამდებარე სტატიაში გამოვყოთ
ორი მნიშვნელოვანი საქმე წმინდა მამის ცხოვრებიდან:1. სოციალური მსახურება და 2.ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო
მოღვაწეობა.
წმ. ალექსი სენაკელი დანამდვილებით
არის სოციალური მსახურების (მოყვასისთვის თავდადების) ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი,
რაშიც მხოლოდ მისი ბიოგრაფიის შესწავლაც დაგვარწმუნებს, ხოლო რაც შეეხება თავის ღვთისმეტყველებაში
(რომელიც ასევე დანამდვილებით მომდინარეობს ლოცვიდან) ის გვთავაზობს ისეთი სახის სტატიებს,
როგორიც არის: „ხალხი და ეკლესია“, „ისპობა თუ არა ბატონ-ყმობა?“, „ტყვეთა მიმართ“,
„გლახაკთა მიმართ“, „თანაგრძნობა მგლოვიარე დედის ვასასისადმი“ და სხვა.
წმინდა მამა განსაკუთრებული
სიფრთხილით ეკიდება მწერლობით საქმიანობას და ამასთან დაკავშირებით წერს, რომ მან ვისაც
კალამი უჭირავს ხელში: „...უნდა უარყოს თავი თვისი და მხედველობა მისი არც მარჯვნივ
და არც მარცხნივ, ე.ი არც ქებისა და არც გინებისა, არც დიდებულებათა პირმოთნეობით და
არც განსაცდელის შიშით არ უნდა მისდრკეს, არამედ იგი უნდა ხედვიდეს მხოლოდ ღვთის სიმართლეს
და მით ჭეშმარიტების სასწორს აგებდეს[2]“.
სწორედ სიმართლის მხარეს დგომა, რომელიც ქრისტესთან დგომის იგივეობრივია, განსაზღვრავს
მღვდელ-მონაზონ ალექსის ეთიკურ მიდგომებს და
სამყაროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით წერს: „...ამ ძვირფას სიცოცხლის მომსპობი
სწორედ უსაშინლესი მხეცია ადამიანისათვის. სამართალი მოითხოვს, ღვთისგან მინიჭებულ
სიცოცხლის უფლება ხელშეუხებელ დარჩეს, სანამ თვით განგება არ მიიღებს. ამას ითხოვს
სიყვარული, ამას გვავალებს ძმობა და ამას ღაღადებს უფალი ჩვენი მაცხოვარი[3]“.
ესოდენ დემოკრატიული მიდგომა ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობისადმი ამოზრდილია სახარების
სწავლებიდან[4] და
ეს ბუნებრივია, რადგან ალექსი ბერის ღვთისმეტყველება იკვებება სახარების სწავლებით,
მისი სულითა და იდეებით, რომელიც დღემუდამ აქტუალურია.
სოციალურ
კლასებს შორის უთანასწორობა, ამასთან მონობის უღელი, ჩაგრულთა და სასტიკ ომებში შვილმკვდარ
დედათა ღაღადება, განთავისუფლება მტრისგან და სხვა საქვეყნო საქმენი, როგორც ჩანს მუდამ
აწუხებდა მას, რადგან ყოველივე ეს, ასახვას ჰპოვებს მის წერილებში, რომელიც მიმართული
იყო საზოგადოების ყველა ფენისადმი. მიუხედავად მონობის უღლის გადაგდების სურვილისა
თუ სხვა მრავალ პრობლემათა გადაჭრის შესაძლებლობებზე აზრის გამოთქმისას, ალექსი ბერი,
დასახელებული პრობლემების მოგვარებაზე ფიქრისას, არასდროს აყენებდა ეჭვქვეშ ჭეშმარიტი
სიტყვის, დიპლომატიის ძალას და მან ეს თავისი საქმით დაადასტურა, როდესაც ეგზარქოსს
მხარზე გადადებული ჯვრით გადაუდგა გზაზე და ფრიად დიპლომატიური სიტყვით მიმართა: „როგორც
თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე,
ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს
თქვენი შვილები მართლმადიდებელ ეკლესიას[5]“.
ზემოთ მოყვანილი
სიტყვიდან ჩანს, რომ ალექსი ბერი დიდი დიპლომატია და ყველაფერთან ერთად მას აქვს სიტყვის
ძალა. მისი ყურადღების გარეთ არ რჩებოდა ეროვნული საკითხები, მაგრამ ის აქაც გამორჩეულია
და ეროვნულობა არ ბინდავს მის გონებას, ის არ არის შეპყრობილი ეთნოფილეტიზმით და ყოველივეს
სახარების შუქზე განიხილავს. მის შრომებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ეროვნული განთავისუფლების
იდეა მისთვის მეორეხარისხოვანი პრობლემა არ იყო და აქაც მტკიცედ სწამს, რომ ყველაფერს
სიტყვა, ცოდნა, „მაღალგანათლებულობა ერისა“ მოაგვარებს და აქ იჩენს თავს მისი ორიგინალური
მიდგომა განათლებისადმი, როდესაც საუბრობს რწმენისა ცოდნის სინთეზზე, ღვთისმეტყველებისა
და მეცნიერების ერთიან სამუშაოზე. წმინდა ალექსი სენაკელი წერს: „აი ეს არის ჭეშმარიტება
და უმწვერვალესი ღირსება განათლებისა, რომ იწამე და ნუ ვის აწამებ[6]“.
მღვდელ-მონაზონ
ალექსისთან წამოჭრილია პოლემოლოგიის საკითხი და როგორც ავღნიშნეთ მისთვის ყოვლადმიუღებელია
ნებისმიერი სახის სისხლისღვრა:
,,ვილოცოთ, ძმანო, დაცხრეს ბრძოლანი,
მშვიდობა ქვეყნად
რომ მოეფინოს,
ნაცვლად მტერობა-
სიძულვილისა
ურთიერთ ძმობა
რომ მოგვევლინოს...[7]“.
წმ. ალექსის
კარგად ჰქონდა გააზრებული ომის სიძნელე, სიველურე და ამას ქრისტეს მოძღვრების დამაბნელებლების
საქმეებს აბრალებს. ამ დამაბნელებლებში ის გულისხმობს: მწვალებლებს, ათეისტებს, ჰედონისტებს
და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს სახარება გააუკუღმართოს, თავის ცხოვრებას მოარგოს
და არა პირიქით - იცხოვროს სახარებით. მამა ალექსი როგორც ამ ქვეყნის შვილი განიცდიდა უკანონო ქმედებებს როგორც ქვეყანაში, ისე ეკლესიაში,
რასაც მისი აზრები, გადმოცემული ლექსად, მოწმობენ. ონოფრე შუშანია აზრთა ამ სიჯანსაღეს,
რაც წარმოდგენილია ალექსი ბერთან უკავშირებს შემდეგს: ,,ალექსის არ გაუვლია მეფის რუსიფიკატორული
სკოლა, აცდა ამ ატმოსფეროს". ლექსში ,,ომისათვის" წერს:
,,ისევ მხეცობა,ძველ ველურობა
განათლების დროს კვლავცა აბნელებს,
ომი და ბრძოლა სისხლისა ღვრანი,
ერსა უდროვოდ მედგრად ამსხვერპლებს[8]“.
წმინდანისთვის
აბსოლუტურად მიუღებელია ლოცვა ომის მოსაგებად, როდესაც მლოცველები ღმერთისგან ითხოვენ:
„,ვითარ ილოცავთ ძმათა საჟლეტად , რომ ძლევა მოგცეთ მაღალმა ზეცით“ და ნაცვლად ამისა,
ყველას მოუწოდებს სინანულისკენ. 1913 წლის 12 იანვრით დათარიღებულ ლექსში ,,ახალი წლის
მისალოცი ო. მწირს“ ყურადღება გამახვილებულია
მნიშვნელოვან პრობლემებზე, რა თქმა უნდა, ეს პრობლემებიც რუსეთის მიერ არის გამოწვეული:
,,დასავლეთ მხარე საქართველოსი
ინგურის საზღვრით ლამის გარუსდეს,
აფხაზეთ ქართველ მამულოვანი
,,პაკის“ სმენითა ჩვენთვის დადუმნეს“.
იქვე ,
,,აფხაზეთისთვის
რაც რომ ვიგოდე
ივერს მოწყვიტეს რომ დასავლეთი
რუსეთის ხალხის გადმოხვეწილთა
უარესს ელის აღმისავლეთი[9]“.
მისივე თქმით,
სწავლა დაბნელდა და განათლებას, რადგან ის აღარ სჭირდება მათ, ლიდერებს, რომლებიც მშვიდობას არჩევენ ომს, სახარებაც ,,იქნა ურგები“. ყოველივე ეს, ველური
ბრძოლები თუ განუწყვეტლივი სისხლისღვრა კვლავაც და კვლავაც ადამიანებში განათლების,
ქრისტეს შუქის ნაკლებობაა, რაც ისევ და ისევ მიაქცევს ადამიანს მხეცობისკენ და ამსგავსებს
მას. კვლავაც წმ. მამის ლექსიდან :
,,დაცხრეს გოდება რახიილების
მათთვის მზადებულ ომის ველშია
სარწმუნოებაც არ დაითრგუნოს
წარმართ, ურჯულო, უღმრთოს ხელშია.
დეე, იყვედროს ღვთის სამართალში,
ვინც ომის ჭირი არგოს ერობას,
ჭირი უჭიროდ ქვეყნის დაპყრობით,
ვინც უშენოს ქვეყნიერობას“.
გათავისუფლებისა
და მონობის უღლის გადაგდების სურვილი ჩანს 1906 წლით დათარიღებულ გამოცემაში „ხალხი
და ეკლესია“, სადაც ერთ წინადადებაში მკაფიოდ ჩანს წმინდანის შეხედულება ამ საკითხზე:
„...ერმან, მღვდელმან და ბერმან, ყველამ ერთხმად შევასხათ ქება განმათავისუფლებელ კრებას,
რათა ერთობის ძლიერებამ არა მახვილის ძალ-ღონით, არამედ სიტყვიერ ხმლით მიაღწიოს მიზანს,
რომლის მოძრაობა უვნებელ თავისუფლების მისაღწევად და სიმართლის აღსადგენად ერთობის
ძალით შეუყენებელი მწყობრია და ყოველგვარი მის წინააღმდეგ სატევი ღონე დადნის, ვითარცა
რა ცვილი დადნის წინაშე ცეცხლისა[10]“.
და სვამს ზოგად კითხვას „ძმანო საყვარელნო, რა ზიარება აქვს კაცის კვლას განათლებასთან[11]?“.
რაც შეეხება ისევ განთავისუფლებას, მიტროპოლიტ შიო მუჯირის წიგნში „ღირსი ალექსი სენაკელი
(შუშანია)“, დაბეჭდილია ალექსი ბერის ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი მეუფე ლეონიდესადმი,
სადაც მეუფე ლეონიდეს შესხმის შემდეგ იმედს გამოთქვამს:
„ალილუია ისპოლა
იცოცხლოს მეუფებამან
თავისუფლება მოასწროს
ქართველთ დიდებად ზენამან[12].“
კვლავაც, რომ
ადამიანის უფლებებს მივუბრუნდეთ, წმინდა მამისთვის, ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა
არის შექმოქმედის ნების პატივისცემა. სიცოცხლის თავისუფლების პატივისცემა წმინდა მამასთან
მოითხოვს ადამიანის პირადი არჩევანის, ნების თავისუფლებას: „ვიცხოვროთ ყველამ ისე,
როგორც გვსურს[13]“,
და იქვე წერს: „ვაკუთვნოთ ყველას თავისუფლება... ყველანი მოვალენი ვართ სხვისი თავისუფლება
არ შევზღუდოთ, მით არავის ვავნოთ და ღვთის სათნოდ ვიცხოვროთ[14]“,
რაც ნიშნავს, რომ გვმართებს მეტი გონიერება - „კაცი არა შეკრულ არს ღვთისა მიერ იძულებით,
კეთილისა მიმართ მიზიდვად, არამედ თავისუფალ-ჰყო იგი, რაცა უნნდეს ქნად[15]“
- მოცემულ თავისუფლებაში არ შევცოდოთ.
1906 წელს
დაიბეჭდა ალექსი ბერის[16]
წერილი „ისპობა თუ არა ბატონ-ყმობა?“. ამ რამდენიმე გვერდიან წერილში განხილულია კვლავაც
თავისუფლების, პიროვნების თავისუფლებისა და ერთი მზაკვრობის საკითხი, რომელც ცრუ განთავისუფლებას
შეეხება.
შოთიკო ყურუა - საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ჩვენი სენაკი"
💢 ამავე თემაზე იხილეთ ვიდეოჩანაწერი
[1] თედო
ჟორდანია, დუტუ მეგრელი, ალექსანდრე მესხია, მაქსიმე შარაძე, იოსებ ლეჟავა და სხვა.
ვრცლად იხ. მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ღირსი ალექსი სენაკელი
(შუშანია), კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი
2023, გვ.126.
[2] ხალხი და ეკლესია თქმული ალექსი ბერისაგან,
წმ. ალექსი სენაკელის
შემოქმედება (სრული კრებული), რედაქტორ-გამომცემელი არქ. მელქისედეკი (მიქავა), გვ.
217.
[3] იქვე,
გვ. 219.
[4] ხალხი
და ეკლესია,
ალექსი ბერი წრს: „ზემოთ ვახსენე არა მახვილის ძალ-ღონით-მეთქი. დიაღ, ყოვრლ ჩემს სიტყვას
ვაფუძნებ სახარების შინაარსზედ; მასში ქრისტემ ყოველივე სავსებით გამოხატა და შეადგინა
უჭეშმარიტესი გეგმა ადამიანთათვის უკვდავ ბედნიერებისა - სახარება. ამისთვის არ შემიძლია
გარეშე სახარებისა ვიტყოდე რამეს“, გვ.218.
[5] იხ. ღირსი ალექსის ცხოვრება, https://patriarchate.ge/news/1790
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!
ჩემი ძმებისადმი სიყვარული მაიძულებს მე მოგმართოთ შემდეგი თხოვნით. ღმრთის განგებით თქვენ მონდობილი გაქვთ ქართული ეკლესიის მართვა, ზრუნვა მის შვილთა ხსნაზე, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას თქვენი ჩვენდამი სიყვარულით, სიყვარულით, რომელიც მაცხოვრის მცნების თანახმად, თავგანწირვამდე უნდა მიდიოდეს. ჩვენ არ ვეჭვობთ, რომ თქვენ მხურვალედ გიყვართ საკუთარი სამწყსო და ამიტომ გთხოვთ ყურადიღოთ ვედრება იმათი, ვისაც თქვენ მწყემსავთ, როგორც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმადიდებელ ეკლესიას. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, რომელმაც ჩვენ ურთიერთსიყვარული გვიანდერძა, მე გთხოვთ თქვენ არ დაუშვათ, რომ ბოროტმა სულმა ჩვენს ყანაში დათესოს ღვარძლი – მტრობის თესლი და ყოველნაირად შეუწყოთ ხელი იმას, რომ ჩვენ, მჭიდროდ დაკავშირებულნი დიდ რუს ხალხთან, ერთიანი გულით ვადიდებდეთ ღმერთს“.
[6] ხალხი და ეკლესია თქმული ალექსი ბერისაგან, წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), რედაქტორ-გამომცემელი არქ. მელქისედეკი
(მიქავა), გვ.219.
[7] ომისათვის, წმ. ალექსი სენაკელის
შემოქმედება (სრული კრებული), რედაქტორ-გამომცემელი არქ. მელქისედეკი (მიქავა), გვ.524.
[8] იქვე,
გვ.525.
[9] ახალი
წლის მისალოცი
ო. მწირს, წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), რედაქტორ-გამომცემელი
არქ. მელქისედეკი (მიქავა), გვ.642.
[10] ხალხი
და ეკლესია,
გვ.218.
[11] იქვე,
გვ. 218.
[12] მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი 2023, გვ.128.
[13] წმ.
ალექსი სენაკელის სრული შემოქმედება, ერთობა და ეკლესია, გვ. 365.
[14] იქვე,
გვ. 365.
[15] იქვე,
გვ. 365.
[16] მიუხედავად
იმისა, რომ ალექსი შუშანია, მღვდელ-მონაზონი იყო და ასევე სხვა დოკუმენტებით, დიდ სქემაში
აღკვეცილი, ხალხი მას დღემდე ალექსი ბერად მოიხსენიებს.

No comments:
Post a Comment